Monday, June 3, 2013

რეგენერაცია და ისტორიული გარემო. მემკვიდრეობა როგორც კატალიზატორი უკეთესი სოციალური და ეკონომიკური აღორძინებისთვის


თარგმანი: მანონ ლილუაშვილი
რედაქტორი: დიმიტრი თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ფოტოები იხილეთ პრეზენტაციაში: ”რეგენერაცია და ისტორიული გარემო” (მარჯვნივ) 

ისტორიული გარემო საფუძვლად უდევს ჩვენ სამოსახლო შეგრძნებას. ინგლისის ყველაზე მიმზიდველი და სახასიათო სანახები ყოველთვის მგრძნობიარეა თავიანთი კონტექსტით. რეგენერაცია მაშინაც ისეთივე გულისხმიერებით უნდა გაკეთდეს თუ მან უნდა შექმნას უკეთესი ადგილები და უფრო ძლიერი ადამიანთა ერთობები. იმის გაგება, თუ როგორ იცვლება ადგილები და მათი მნიშვნელოვანი ისტორიის შესწავლა არის გასაღები წარმატებული და მდგრადი რეგენერაციისა.

წარმატებული რეგენერაცია გულისხმობს ადგილს დაუბრუნოს სოციალური, ეკონომიკური და გარემოებრივი სიცოცხლე, რაც გარდაქმნის ადგილებს, აძლიერებს ადამიანთა ერთობების თვით-წარმოდგენას და წარმოქმნის სიცოცხლისუნარიან მიმზიდველ ადგილებს, რომლებიც წაახალისებს უწყვეტ შიდა ინვესტიცირებას. ჩვენს ირგვლივ ყველგანაა ისტორიული გარემო, რომელიც შეიცავს ლანდშაფტებს, პარკებსა და სხვა გამწვანებულ სივრცეებს, ისტორიულ ქუჩებს, ტერიტორიებსა და შენობებს, არქეოლოგიურ ძეგლებს. არ შეიძლება ეს ყველაფერი რეგენერაციის პროექტებში იგნორირდეს.

რეგენერაცია აუცილებელია როგორც სოფლის, ასევე ქალაქისთვის, მაგრამ საბოლოო შედეგი საქალაქო რეგენერაციისაგან შეიძლება ძალზე განსხვავებული იყოს. სოფლის განვითარებისთვის _ რომელიც გულისხმობს ადამიანთა ერთობის, ლანდშაფტებისა და შენობების განახლებას _ საჭიროა მივმართოთ სოციალური შეღავათების პაკეტებს ან დავარეგულიროთ სტრუქტურული ცვლილებები აგრარულ და სასოფლო ეკონომიკაში. ამ პრობლემებს შეიძლება დაეხმაროს ისტორიული გარემოს ხელახლა გამოყენება ან პრომოუშენი.

პრემიერ მინისტრის მოადგილის მიერ შერჩეული პარლამენტის სპეციალური კომიტეტის ანგარიშის პასუხად, რომელიც ეხება ისტორიული შენობების როლს ქალაქის რეგენერაციაში, მთავრობამ ბოლოხანებში წინა პლანზე წამოწია ისტორიული გარემოს მნიშვნელოვნება. კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტის ოფიციალური ანგარიში ისტორიული გარემო: ძალა ჩვენი მომავლისთვის (2001) და მისი საკონსულტაციო დოკუმენტი კულტურა როგორც რეგენერაციის საფუძველი (2004) ნათლად აჩვენებს, რომ კულტურა, მემკვიდრეობის ჩათვლით, ღირებულ როლს თამაშობს ჩვენი ქალაქების, დაბებისა და საზოგადოების რეგენერაციაში.

რატომ არის მემკვიდრეობის ღირებული ნაწილების ხელახლა გამოყენება მდგრადი განვითარების საფუძველი

English Heritage-ს სურს იმის საუკეთესოდ გამოყენება რაც უკვე არსებობს. რეგენერაციის სამუშაოებში ჩვენმა მონაწილეობამ ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აჩვენა რომ:

არსებული შენობების ხელახლა გამოყენება არის მარტივი გზა მდგრადი განვითარების მისაღწევად. English Heritage ის მიერ ინგლისის ჩრდილო დასავლეთით განხორციელებული ბოლო კვლევა, რომელიც ეფუძნება 30 წელიწადზე მეტი ხნის პროექტებს, აღმოაჩინა რომ ტიპიური ვიქტორიანული ტერასული სახლის აღდგენის ღირებულება 40 დან 60%-მდე უფრო იაფი დაჯდა (დამოკიდებულია აღდგენის დონეზე) ვიდრე მისი ახალი სახლით ჩანაცვლება. შენობების ხელახლა გამოყენება თავიდან გვაცილებს ფულის გაფლანგვას და ამცირებს ახალი სამშენებლო მასალის მოთხოვნას. დიდ ბრიტანეთში წარმოებული მთლიანი წლიური ხარჯის 24% დანგრევასა და მშენებლობაზე მოდის.

შენობების ხელახლა გამოყენება და ლანდშაფტების ადაპტაცია ხელს უწყობს სამოსახლოს შეგრძნების განმტკიცებას. English Heritage-ის, მემკვიდრეობის ლატარიის ფონდისა და სხვა პარტნიორების მიერ ისტორიული შენობებისა და აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე Brick Lane-ს ქუჩის ინვესტიციამ გააძლიერა რეგიონის გამორჩეული იდენტურობა. მისმა მოდერნიზაციამ ხელი შეუწყო  Brick Lane-ს ქუჩას ბენგალური ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების მთავარ ადგილად გადაქცევას.

ახალი ფართომასშტაბიანი განვითარება ქმნის რისკს დავკარგოთ  ისტორიული ადგილებისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ხიბლი. მგრძნობიარე ადგილებში ახალი განვითარების განხორციელებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ გაერთიანებული ნაკვეთების ბითუმად გაყიდვა, შენობების ხაზის გასწორება, თანმხლები სივრცეების დაკარგვა, სილუეტის გასწორება, ირეგულარობის `მოწესრიგება” და შერეული ფუნქციონირების შემცირება,…ყველაფერი ეს ხელს უწყობს გაამთლიანოს ახალი ძველით. ლივერპულში 750 მეტრიანი Paradise-ს ქუჩის განვითარება ყურადღებით იქნა დაპროექტებული, რათა ახალი განვითარება ჩაწერილიყო ისტორიული ღოპეწალკს-ის უბნის ლანდშაფტში, ამისათვის ზოგ ადგილას აღდგა ისტორიული ქუჩის ზოგიერთი მახასიათებელი და ბევრი თავისუფალი ისტორიული შენობა ხელახლა იქნა გამოყენებული.

ხელახლა გამოყენებული შენობები ხშირად შეიძლება ახლადაგებული შენობის მსგავსად ძვირად გაიყიდოს. ბევრი ისტორიული შენობა უფრო მიმზიდველად გამოიყურება ვიდრე მათი ბოლოდროინდელი ასლები. მაგალითად, ისტორიული საცხოვრებლები ხშირად ძვირად ფასობს. კვლევა აჩვენებს, რომ 1919 წლამდე აგებული სახლები საშუალოდ 20%-ით უფრო მეტი ღირს, ვიდრე სახლის ბოლოდროინდელი ასლი. პლიმუთში მეფე უილიამის ეზო, XIX საუკუნის დასაწყისის ყოფილი საზღვაო ფლოტის სურსათის საწყობი, როცა უფუნქციო გახდა, გადაეცა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით რეგიონალური განვითარების სააგენტოს. `Urban Splush”-ის დამგეგმარებლების მიერ შენობების მომდევნო გადაკეთება იყო იმდენად წარმატებული, რომ ყველა ბინა წინასწარ ერთ დღეში გაიყიდა.

ისტორიული გარემოს რესტავრაცია ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. English Heritage-ის მუშაობა აჩვენებს, რომ მემკვიდრეობაზე ფოკუსირებულ რეგენერაციის პროექტებში ძირითად მემკვიდრეობის ინვესტიციებს თანხის მნიშვნელოვანი რაოდენობა გადააქვს სხვა კაპიტალში და ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შექმნას. ბირმინგემში ჟეწელლერყ კვარტლის მემკვიდრეობაზე ფოკუსირებულმა რეგენერაციამ დაგვარწმუნა, რომ ეს ისტორიული ადგილი რჩება წარმოებისა და ძვირფასეულობის საცალო გაყიდვის მნიშვნელოვან ცენტრად, სადაც 1500 ცალკეულ ბიზნესში დასაქმებულია 6000 ადამიანი. მთელი ქვეყნის თვალსაზრისით, ბევრი ხელობის მუშათა დეფიციტი აჩვენებს დასაქმების შემდგომი ზრდის პოტენციალს.

მიმზიდველი გარემო შეიძლება დაეხმაროს გარე ინვესტიციის მოზიდვას ისევე როგორც ხელი შეუწყოს არსებული ბიზნესის ყველა სახეობას, არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებულს. შატამში XVIII საუკუნის სამეფო Dოცკყარდ-ის გადაკეთებამ, ისევე როგორც თითქმის ორი მილიონი ტურისტის მოზიდვამ, ხელი შეუწყო 100 ბიზნესს დაესაქმებინა 1000-ზე მეტი კაცი, რამაც დადებითი გავლენა იქონია ადგილობრივ ეკონომიკაზე და მთლიანმა მოგებამ წელიწადში 20 მილიონი ფუნტი შეადგინა. მემკვიდრეობის სანაპირო ზოლის, ეროვნული პარკებისა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბუნების გამორჩეული ძეგლების ეკონომიკური ღირებულების შესწავლამ აჩვენა, რომ ბიზნესისა და ტურიზმის მეშვეობით ამ ადგილებმა გამოიმუშავა 700 მილიონი ფუნტის პროდუქცია და მხარი დაუჭირა 14000 სამუშაო ადგილს. ბიზნესთა უმეტესობამ თავიანთი საქმიანობის ფაქტორად ლანდშაფტისა და გარემოს მაღალი ხარისხი გაიხადა.

ისტორიულ გარემოს წვლილი შეაქვს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში და ამდიდრებს ხალხის შეგნებას მათი საზოგადოების მრავალფეროვნებისა და ცვალებადი ბუნების შესახებ.  რეგენერაციას უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ის ვერ განხორციელდება. ხალხი ხშირად ძლიერ ამაყობს თავისი ადგილობრივი მემკვიდრეობით. ჩრდილო-აღმოსავლეთში ბოლოდროინდელმა MORI-ს არჩევნებმა აღმოაჩინა, რომ `ხალხისა და საზოგადოების ერთობის შეგრძნებათა” გარდა რეგიონს განსაკუთრებული ხასიათი შესძინა `მემკვიდრეობა და ნაშენმა გარემომ”. ბევრ ადგილს აქვს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, რომელსაც წვლილი შეაქვს ადგილობრივ იდენტობაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს.

ისტორიული ადგილები არის ძლიერი ცენტრი საზოგადოებრივი ქმედებისთვის. ბრიტანეთის ურბანული რეგენერაციის ასოციაციამ (BURA) ურბანული რეგენერაციის საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ `ისტორიულ შენობებს შეუძლიათ იმოქმედონ როგორც ცენტრალურმა კვანძებმა, რომელთა გარშემო შეიკრიბება საზოგადოება და გააცოცხლებს თავის სამოქალაქო სიამაყის გრძნობას” და რომ `. . . ვიზრუნოთ რათა არ დავანგრიოთ ძველი შენობები მანამდე, სანამ მათი პოტენციალი არ იქნება გაცნობიერებული”.  ჰაკნეის ლონდონ ბოროუში, ჰოქსტონის უბანში, XIX საუკუნის დასაწყისის წმ. იოანეს ეკლესიის გადაკეთებამ, რათა შეითავსოს საბავშო სკოლა, საზოგადოებრივი კაფე, დასაქმების პროგრამა, ფიტნეს ცენტრი და ამავე დროს ფუნქციონირებდეს როგორც ეკლესია, გააძლიერა მისი როლი საზოგადოებაში ისე, რომ არ შელახულიყო მისი მაღალმხატვრული არქიტექტურული ღირებულება.

ისტორიულ გარემოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადგილობრივ კულტურულ ღონისძიებებში. ისტორიული შენობები, ქუჩები და პარკები ხშირად წარმოადგენს მთავარ ადგილებს ადგილობრივი ღონისძიებების ჩასატარებლად. ბრისტოლში Queen-ის მოედანზე, შიდა წრიული ქუჩის მოშორება XVIII საუკუნის დასაწყისის მოედნისგან და ღია სივრცის რეკონსტრუქცია წარმოქმნის ორიგინალურ გეგმას, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს მთელი რიგი კულტურული ღონისძიებები ღია კინოთეატრიდან დაწყებული კონცერტებით დამთავრებული. ის აგრეთვე უზრუნველყოფს ბუნებრივ დასვენების სივრცეს და ეთანადება გარემომცველ ისტორიულ შენობებს.
შერეული გამოყენება, მაღალი სიმჭიდროვე, ადამიანის ისტორიული მეზობლობა არის მოდელი ახალი მდგრადი საზოგადოებისთვის.

English Heritage-ის მიდგომა რეგენერაციის მიმართ

English Heritage-ისთვის არც შესაძლებელი და არც სასურველი არაა, რომ ყველა რეგენერაციის პროექტთან ითანამშრომლოს. მას, როგორც ეროვნულ ორგანოს, შეუძლია დახმარება გაუწიოს ზოგადი პრინციპების დამკვიდრებით  და რჩევით, მაგრამ მემკვიდრეობის ადგილობრივი სპეციალისტები საუკეთესო პოზიციაში იმყოფებიან იმისთვის, რათა ცალკეული სამოსახლოს მნიშვნელობა გაიგონ. ჩვეულებრივ, ისინი არიან ისტორიული შენობების დაცვის ადგილობრივი მოხელეები და არქეოლოგიურ ძეგლთა დაცვის მოხელეები, რომლებსაც უკეთესად შეუძლიათ  პრაქტიკული დეტალური რჩევის გაცემა.

როგორც რეგენერაციის გეგმის ნაწილი, English Heritage ისტორიული შენობების, სამოსახლოს ან ლანდშაფტების მომავლის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას, შეეცდება უზრუნველყოს, რათა სათანადოდ შეფასდეს მათი ისტორიული, არქიტექტურული და არქეოლოგიური მნიშვნელობა. იმ ადგილებში სადაც ისტორიული გარემო სახასიათოა, ინარჩუნებს თავის კავშირს და ადგილობრივი საზოგადოების მიერ არის დაფასებული, ასეთ შემთხვევებში English Heritage უფრო მოიწონებს ისეთ მიდგომას, რომელიც ხელს შეუწყობს შეკეთებას და განახლებას და არა სრულ ჩანაცვლებას.
არსებითია, რომ სამოსახლოს მომავლის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ეფუძნება ისტორიული გარემოს ცოდნისმიერ გაგებას. ეს უნდა შეადგენდეს დაგეგმვისა და დაპროექტების პროცესის  ნაწილს. ისტორიული გარემოს შეფასება უნდა განხორციელდეს უადრეს ეტაპზე, რასაკვირველია, იქამდე სანამ ადგილის რეგენერაციისათვის დეტალური შეთავაზებები იქნება შედგენილი. ისევე როგორც ღირებული ნაწილების იდენტიფიცირება, რომლებიც დაცულნი არიან ნუსხის მეშვეობით, ასევე საპროექტო და საკონსერვაციო ადგილების შეფასებების დროს ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული უფრო ფართოდ აღებული ისტორიული გარემოს შეფასება. მეთოდების მთელი რიგი როგორიცაა ხასიათის აღწერა, კონსერვაციის დაგეგმვა, ზემოქმედების შეფასება და არქეოლოგიური შეფასება, არსებობს იმისთვის, რათა დაეხმაროს ამ პროცესებს. English Heritage მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს და საშუალება მისცეს ამგვარ სამუშაოებს სასწავლო პროგრამების განვითარების მეშვეობით.

რა უნდა გვახსოვდეს წარმატებული რეგენერაციისათვის

იმის მიუხედავად, რომ რეგენერაციის თითოეული პროექტი უნიკალურია,  English Heritage-ს მიაჩნია, რომ ისტორიული გარემოს წარმატებული რეგენერაციის პროექტებს საფუძვლად საზიარო ცოდნა შეიძლება დაედოს.
    მომავლის მკაფიო ხედვა _ რაც შთააგონებს ხალხს და ხელს შეუწყობს მათ ჩართვას.

პატივისცემა ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და საქმიანობების მიმართ _ რეგენერეციის განხორციელებაში იმის ჩართვა, ვინც ხშირად იბრძოდა ადგილის დაკნინების წინააღმდეგ, ნიშნავს რომ პროექტი იწყება საზოგადოების მოთხოვნით.

  მატერიალური კავშირი წარსულთან _  სამოსახლოები არ იქმნება ვაკუუმში და ადამიანებს სჭირდებათ კარგად ნაცნობი ელემენტები, ვიზუალური შემხსენებლები და უწყვეტობის შეგრძნება; სამოსახლოს შეგრძნების განსაზღვრისათვის გარკვეულ როლს თამაშობს ლანდშაფტები, ქუჩები, სივრცეები, შენობები და არქეოლოგიური ძეგლები.

არეალის გაგება _ იმისი ცოდნა რაც არსებობს და როგორ მოაღწია ჩვენამდე ადვილს ხდის დაგეგმო მისი მომავალი

რაც უკვე არსებობს მისი პატივისცემა  _ იზრუნეთ, რომ სამოსახლოები, რომლებიც ღირებულია ადამიანებისთვის შეინახოთ მომავლისთვის.

სამუშაოების დაწყებამდე ადგილის დოკუმენტაცია _ ამდენად, მომავალ თაობებს შეუძლიათ გაიგონ როგორ განიცადა ადგილმა ევოლუცია.

მთლიანობის, მდგრადობის მიღწევა _ არ კონცენტრირდეთ ერთ რომელიმე სოციალურ, ეკონომიკურ ან გარემოს დაცვით მხარეზე ან ერთადერთ გამოყენებაზე

სწორი ტემპის აღება _ რეგენერაციამ, რომელიც მეტისმეტად სწრაფად ხდება შეიძლება ზარალი მიაყენოს ნაგებობას და საზოგადოებას, ხოლო ის რომელიც მეტისმეტად ნელა ხდება ვერ ახერხებს შექმნას იმპულსი, შემართება და ენთუზიაზმი პროექტის წარმატებული განხორციელებისათვის.

უმაღლესი ხარისხის მხატვრული გადაწყვეტა და მასალები _ რათა გაზარდოს ადგილობრივი თვითმყოფადობა და გააძლიეროს ადგილის შეგრძნება, რომლითაც ხალხმა შეიძლება იამაყოს.

წინასწარი განხილვა საზოგადოებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის _ უზრუნველყავით, რომ შესაძლო ვარიანტები განხილულ იქნას და პროექტები შეიცვალოს ადრეულ ეტაპზე, მანამდე სანამ ბევრი რამ იქნება გაკეთებული.

Cover image_ სფიკის აეროპორტი ლივერპულში. ეს მოდერნის ტიპის ნაგებობა, რომელიც შეტანილია II კატეგორიის შენობათა ნუსხაში, მოქმედებს როგორც ეფექტური კატალიზატორი ლივერპულის ამ ადგილის რეგენერაციაში. ტერმინალის შენობა ამჟამად არის წამყვანი სასტუმრო `Mariott”-ი (დღევანდელი მონაცემებით "Crowne Plaza”). ერთი ფარეხი უკავია ჩოგბურთისა და ფიტნეს ცენტრს, ხოლო მეორე გადაკეთებულია კომპანია Litellwoods-ის ახალ მთავარ ოფისად ფოსტის ბიზნესისთვის. პროექტი აჩვენებს რამდენად დიდი და რთული ისტორიული შენობები იქნა წარმატებულად ადაფტირებული ახალი გამოყენებისას.
A) ნიუკასტლი, გრეინჯერ თაუნი _ ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარე გრეინჯერ თაუნი ჩაფიქრებული იყო და აშენდა როგორც ქალაქის რეგულარული კვარტალი 1835-1842 წლებში. აღნიშნული საკონსერვაციო ტერიტორია და ნუსხაში შეტანილი 244 შენობა, XX საუკუნის ბოლოს განიცდის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ დაკნინებას. ამ პრობლემის დაძლევის მიზნით დაარსდა Grainger Town-ის კომპანია და 2003 წლის მარტის ბოლოსთვის ტერიტორიაზე მოზიდულ იქნა დაახლოებით 174 მილიონი ფუნტი, აქედან 146 მილიონი ფუნტი კერძო სექტორიდან იყო. დღეს ეს პროექტი ფართოდ არის ცნობილი, როგორც რეგენერაციის გეგმის ნიმუში, რომელშიც ჩართულია კერძო და საჯარო სექტორი. ცოტა ხნის წინ, მისი მთავარი გამზირი _ Grey Street-ი  CABE-ს და BBC Radio 4-ის მსმენელთა მიერ აღიარებული იქნა `ყველაზე საყვარელ ქუჩად ბრიტანეთში”.
B) ნოტინგემი, ლეის მარკეტი _ ეს ადგილი ვიქტორიანული საწყობებითა და ქარხნებით ადრე იყო ქალაქის ისტორიული მაქმანის ინდუსტრიული ცენტრი. პირველი მცდელობები რათა გაეუმჯობესებინათ ეს ტერიტორია განხორციელდა 1960-იან წლებში, მაგრამ მისი ძირითადი რეგენერაცია 1990-იან წლებში მოხდა. დღესდღეობით ლეის მარკეტი შეიცავს 450-ზე მეტ ფირმას, რომელთაგან მეოთხედი ინარჩუნებს ტრადიციულ სახეს და ცოცხალ პროდუქციას, ხოლო დანარჩენი კულტურული და შემოქმედებითი წარმოების ერთობლიობაა, საცალო ვაჭრობის ობიექტებს და ლუდის ბარებს/კაფეებს. ლეის მარკეტის, როგორც ისტორიული კვარტლის იდენტობა უდაოდ იყოGმთავარი ამ ტერიტორიის როოგრც ცოცხალი და მუშა ადგილის რეგენერაციისთვის.
C)  ლისტერის იგივე მენინგემის ქარხანა ბრედფორდში _ სამუელ კუნლიფ ლისტერის აბრეშუმის ქარხნის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც შეტანილია II კატეგორიის შენობათა ნუსხაში, ათეულ წელზე მეტხანს იდგა უფუნქციოდ. ახალი გამოყენების ძიების ხანგრძლივ მცდელობას თან ახლდა ქურდობა და ვანდალიზმი. თუმცა 2004 წელს ინახა ათწლიანი პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც შექმნის საცხოვრებელ, კომერციულ და საზოგადოებრივ სივრცეს. ამ დიდი, შთამბეჭდავი ძეგლის ტრანსფორმაცია ხელს შეუწყობს ტერიტორიის ფართო რეგენერაციას და ქალაქში გახდება პოტენციური რეგენერაციის სიმბოლო.
D) გორჯის რკინის ხიდი ქოალბრუკდეილში, შროპშირის საგრაფო _ გორჯის რკინის ხიდმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XVIII საუკუნის სამრეწველო რევოლუციის განვითარებაში. XX საუკუნეში მისი დაკნინების შესაჩერებლად 1986 წელს ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღინუსხა. ტერიტორიას ჰყავს ძლიერი საზოგადოება და ბიზნესის, მაღაზიებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ფართო სპექტრი, რომლებიც უზრუნველყოფენ 1500 ადამიანის დასაქმებას World Heritage Site-ში. ტერიტორიის წარმატებული რეგენერაციის საფუძველი იყო რკინის ხიდის სოციალური, ეკონომიკური და გარემოებრივი თვისებების შეცნობა.
E) ფრომე, სომერსეთის საგრაფო _ წლების განმავლობაში ეკონომიკური დაკნინების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის, ქალაქის, რაიონისა და საგრაფოს საბჭოების ძალისხმევითა და English Heritage ის, მემკვიდრეობის ლატარიის ფონდისა და სხვების მიერ მხარდაჭერით შემობრუნდა ამ მნიშვნელოვანი შუასაუკუნეებრივი ქსოვილის მქონე ქალაქის ბედი. ვილოუ ვეილში ყოფილი მიტოვებული წისქვილის გადაკეთება საცხოვრებელ ბინებად ერთ-ერთია რეგენერაციისა და გაფართოების მრავალი წარმატებული პროექტიდან, რომელთაც ქალაქს ახალი სიცოცხლე შესძინა.
F) თაუნ ენდ ფარმი ჰოუკშედში, კუმბრია _ ყოფილი საფურისგან (ძროხის საწველი შენობა) შეიქმნა მომცრო ზომის ახალი ლუდის ქარხანა. ფერმის ტრადიციული შენობის ახალი ეფექტური გამოყენება, სოფლის გაფართოების მეშვეობით, ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. მაღალი ხარისხის ახალი ადგილობრივი პროდუქტით არა მარტო რეგიონის ლუდის ბარებმა, სასტუმროებმა და სხვა ბიზნესებმა ისარგებლეს, არამედ შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის მინიმალური ცვლილებები დაეხმარა ეროვნული პარკის ხასიათის დაცვას.
G) მიდლგეითის საზოგადოებრივი ბაღი დიდ იარმუსში _ დიდ იარმუსში  როგორც უფრო ფართო მემკვიდრეობის და რეგენერაციის სამუშაოების ნაწილი,  უწინ მიტოვებული მიწის ტერიტორია გადაკეთდა ბაღად, რომელიც აკავშირებს English Heritage-ის ორ საკუთრებას. მისი დაპროექტება,  რომელშიც ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომელიც ამაღლებს ტერიტორიის პროფილს და ზრდის საზოგადოების ნდობას. ტერიტორიაზე უკვე იკლო ვანდალიზმმა და ანტისოციალურმა ქმედებებმა. მაღალი ხარისხის საჯარო სივრცის ღირებულება ხშირად არის მნიშვნელოვანი ელემენტი მემკვიდრეობის რეგენერაციის ბევრი პროექტებისთვის.
H) ლისტერის პარკი ბრედფორდში _ პარკი 1870 წელს გაიხსნა. ის რეგისტრირებულია, როგორც II კატეგორიის პარკი, რომლის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ის აღარ განიხილება როგორც უსაფრთხო ადგილი. როგორც ბრედფორდში უფრო ფართო რეგენერაციის ნაწილი, მემკვიდრეობის ლატარიის ფონდის მიერ გაცემულ გრანტში, ჩართულია ფართო საზოგადოება და დაინტერესებული მხარე. გაუმჯობესებებს, რომელიც მოიცავს ისტორიული დეტალების რესტავრაციას თანამედროვე ელემენტების შეტანითურთ,  დადებითი გავლენა ჰქონდა უფრო ფართო არეალზე.

No comments:

Post a Comment