Wednesday, April 17, 2013

ქსი’ანის დეკლარაცია მემკვიდრეობის ნაგებობათა, ღირსშესანიშნაობათა და არეალთა გარემოს კონსერვაციის შესახებ

თამარ ხოსროშვილი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

 წლის 17-21 ოქტომბერს, ჩინეთის ქალაქ ქსი’ანში ”იკომოს”-ის XV გენერალური ანსამბლეის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ”იკომოს”-ის 40 წლის საზეიმო იუბილეს მიეძღვნა.

ანსამბლეის ფარგლებში მოეწყო საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით – “ძეგლები და ღირშესანიშნაობანი მათ გარემოში – კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია ცვალებად ურბანულ და ლანდშაფტურ გარემოში”. სიმპოზიუმზე მრავალფეროვანი მაგალითები და მოსაზრებანი იყო წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა უწყების, ინტიტუციისა თუ სპეციალისტების გამოცდილებიდან ძეგლთა მოვლასა თუ მენეჯმენტზე.

სწორედ ამ სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მაგალითები თუ მოსაზრებანი იყო ერთ-ერთი ბიძგი დეკლარაციისა, რომელიც ”იკომოს”-ის XV გენერალური ანსამბლეის მონაწილეებმა მიიღეს.

დეკლარაციის შესავალში ჩამოთვლილია ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რაც იქნა მხედველობაში მიღებული ამ კონკრეტული ქარტიის შექმნისას, ესენია: “ვენეციის ქარტია” (1964), ”ნარას დოკუმენტი ავთენტურობის შესახებ” (1994), ”ჰოი ანის დეკლარაცია აზიაში ისტორიული უბნების კონსერვაციის შესახებ” (2003), ”დეკლარაცია ბამის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის შესახებ” (1004), ”სეულის დეკლარაცია აზიის ისტორიული ქალაქებსა და არეალებში ტურიზმის შესახებ” (2005).
ასევე გათვალისწინებულ იქნა ”იუნესკო”-ს რეკომენდაცია ლანდშაფტთა და ღირშესანიშნაობათა მშვენიერებისა და ხასიათის თაობაზე” (1962) ”რეკომენდაციები ისტორიულ არეალთა დაცვისა და თანამედროვე როლის თაობაზე” (1976), ”არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია” (2003), ”მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია” (1972) და ”ვენის მემორანდუმი” (2005).

”ქსი’ანის დეკლარაცია პრინციპებისა და რეკომენდაციებისა”, - წერია დოკუმენტში – მიმართულია სამთავრობათშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, ეროვნული და ადგილობრივი უწყებებისადმი, ყველა ინსტიტიუციისა და სპეციალისტისადმი, ვისაც რაიმე სახით მაინც ხელეწიფება საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაგებობათა, ღიშესანიშნაობათა და არეალთა თავის გარემოში არსებობის უკეთ დაცვასა და კონსერვაციაში.
ამრიგად, ”ქსი’ანის დეკლარაცია”-ში  მთავარი ყურადღება გამახვილებულია გარემოზე, სწორედ მას მიემართება დეკლარაციის რეკომენდაციებისა და პრინციპების თითოეული პუნქტი (დეკლარაცია 13 პუნქტისგან შედგება) გარემოს, რომლის კონტექსტშიც უნდა მოხდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განხილვა, მოვლა-პატრონობა თუ დაცვა-შენარჩუნება.

მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვას “გარემო” (ინგლისურად setting-ს, ფრანგულად contexte) მრავალმხრივი შინაარსობრივი საზრისი აქვს, “გარემოში” ანუ setting-ში ფიზიკური და ვიზუალური ასპექტების გარდა მოიაზრება ურთიერთ-დამოკიდებულება ბუნებრივ გარემოსთან, წარსულის ან აწმყოს სოციალურ ან სულიერ ცხოვრებასთან, ადათ-წესებთან, ტრადიციულ ცოდნასთან, გამოყენებასა და მოღვაწეობასთან, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ასპექტების სხვა ფორმებთან, რომელმაც შექმნა და ახლაც ააყალიბებს გარკვეულ სივრცეს.

სხვადასხვა მასშტაბის მემკვიდრეობის ნეგებობანი, ღირშესანიშნაობანი და არეალები ან დაგეგმარებული სივრცეები, ისტორიული ქალაქები და ურბანული ლანდშაფტები, ლანდშაფტები, ზღვის პანორამები, კულტურული გზები და არქეოლოგიური ძეგლები მნიშნველოვნებას იძენს მათი სოციალური და სულიერი, ისტორიული, მხატვრული, ესთეტიკური, ბუნებრივი, სამეცნიერო ან სხვა კულტურული ღირებულების გამო. მათ მნიშვნელოვნებას ასევე განაპირობებს მათი საზრისისმიერი  კავშირი მათ ფიზიკურ, ვიზუალურ, სულიერ თუ სხვა კულტურულ კონტექსტსა და გარემოსთან.

დეკლარაციაში აღნიშნულია რომ უნდა მოხდეს გარემოს მრავალაფეროვან კონტექსტში გააზრება, ასევე მისი დოკუმენტირება და ინტერპრეტირება, რათა შევძლოთ თავად კულტურული მემკვიდერეობის გარემოში და პარალელურად გარემოში მისი ჩამოყალიბების და ხასიათის წვდომა. ამ ყოველივეს კი მრავალდისციპლინარული და მრავალფეროვანი წყაროების გამოყენება ესაჭიროება. წყაროებში მოიაზრება: ოფიციალური დოკუმენტაცია და არქივები, მხატვრული და სამეცნიერო აღწერები, ზეპირსიტყვიერი გადმოცემები, და ტრადიციული მეხსიერება, ადგილობრივ და ასოცირებულ თემთა ღირებულებები, ხედებისა და პერსპექტივების ანალიზი.
სწორედ კულტურული ტრადიციები, რიტუალები, სულიერი ცხოვრების გამოცდილება ასევე ისტორია, ტოპოგრაფია, და სხვა ფაქტორები ქმნის მატერიალური და არამატერიალური გარემოს სრულ დიაპაზონს. კულტურული გარემოს განსაზღვრებაში ზუსტად უნდა იყოს გადმოცემული გარემოს ხასიათი და ფასეულობანი და მისი მიმართება მემკვიდრეობის ძეგლთან.

დეკლარაციაში წინაა წამოწეული კულტურული გარემოს კონსერვაციისა და მართვის დაგეგმვის უნარების განვითარება. გარემოს მართვის უნარებში იგულისხმება სპეციფიკური საკანონმდებლო ღონისძიებები, პროფესიული თრეინინგები, მრავლისმომცველი კონსერვაციისა და მენეჯმენტის გეგმების ან სისტემების შემუშავება.
მემკვიდრეობის ნაგებობათა, ღირშესანიშნაობათა და არეალების დაცვის, კონსერვაციისა და მართვის კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო დაცვისა და ბუფერული ზონის შექმნას, რომელიც შეინარჩუნებს და ასახავს კულტურული გარემოს მნიშვნელოვნებასა და გამორჩეულ ხასიათს. ეს უნარები უნდა უზრუნველყოფდეს კულტურულ გარემოზე სწრაფი ცვლილებების ზემოქმედების ეფექტურ კონტროლს, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდება აღიკვეთოს შეუსაბამო ვიზუალური და სივრცითი ჩარევა ან მიწის არასწორი გამოყენება კულტურული გარემოს ფარგლებში. ნებისმიერი ახალი ჩარევის შემთხვევაში წინასწარ უნდა მოხდეს იმ ზემოქმედების შეფასება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მემკვიდრეობის ძეგლებსა და მათ გარემომცველ გარემოზე.

არის კიდევ სხვა, ჩვენგან დამოუკიდებელი მოვლენები, მაგალითად ურბანული და სოფლის ლანდშაფტის, ცხოვრების წესის, ეკონომიკის ან ბუნებრივი გარემოს სწრაფი ტრანსფორმაცია, რომელსაც შეუძლია საფუძვლიანი და შეუქცევადი ზეგავლენა მოახდინოს კულტურულ გარემოზე.

აუცილებელია კულტურული გარემოს ასეთი ზემოქმედების მომხდენი ცლილებების მონიტორინგი და მართვა მისი მნიშვნელოვნებისა და გამორჩეული ხასიათის შესანარჩუნებლად.

მონიტორინგმა უნდა განსაზღვროს ისეთი ქმედებები და მიდგომები, რაც დაზიანების, მნიშვნელოვნების დაკარგვის გამოვლენას უზრუნველჰყოფს. მასვე ევალება გაუმჯობესების გზების შეთავაზება.

ასევე, უნდა შემუშავდეს ინდიკატორები, რათა განისაზღვროს კულტურული გარემოს წვლილი მემკვიდრეობის ნაგებობათა, ღირშესანიშნაობათა და არეალთა მიმართებაში.
მონიტორინგის ინდიკატორები უნდა მოიცავდეს ისეთ ფიზიკურ ასპექტებს, როგორიცაა ხედების, სილუეტების ან ღია სივრცეების დამახინჯება, ჰაერის დაბინძურება, ბგერითი დაიბინძურება, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებანი.
და ბოლოს, ძალზე საჭიროა თანამშრომლობა ადგილობრივ, ინტერდისციპლინარულ და საერთაშორისო საზოგადოებასთან – ესაა სწორედ კულტურული გარემოს დაცვის ერთ-ერთი მნიშნველოვანი სტრატეგია. სტადნარტად უნდა იქცეს ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომლის შესაბამისი დარგებია: არქიტექტურა, ურბანული და რეგიონალური დაგეგმარება, ლანდშაფტის დაგეგმარება, საინჟინრო საქმე, ანთროპოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კურატორობა და საარქივო საქმე.

ხელი უნდა შეეწყოს ინსტიტუციებსა და სპეციალისტებთან თანაშრომლობას ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში, რომელნიც კულტურული გარემოს იდენტიფიკაციის, დაცვის, პრეზენტაციისა და ინტერპრეტაციის განუყოფელი ნაწილია.
ასევე ძალზე საჭიროა პროფესიული თრეინინგი, საზოგადოების განათლება და გათვითცნობიერება, რათა ხელი შეეწყოს ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას და ცოდნის გაცვლას და ა.შ. 

მემკვიდრეობის ცალკეულ ნაგებობათა, ღირსშესანიშნაობათა და არეალთა კონსერვაციის გზით მიღებული გამოცდილება, ცოდნა და უნარები უნდა გაფართოვდეს და გავრცელდეს მათი გარემოს მართვაზე. ეკონომიკური რესურსები მემკვიდრეობის გარემოს კონსერვაციისა და მართვის კვლევასა, შეფასებასა და სტრატეგიულ დაგემვაზე უნდა მივმართოთ.

კულტურული გარემოს მნიშვნელოვნების გათვითცნობიერება თავის მრავალფეროვან განზომილებებში საერთო პასუხისმგებლობაა.

შესავალშივე აღინიშნა, რომ ”ქსი’ანის დეკლარაცია” ”იკომოს”-ის 40 წლის საზეიმო იუბილეს ფარგლებში შეიქმნა. ამ 40 წლის მანძილზე მრავალი რამ შეიცვალა მსოფლიოში, შესაბამისად გარკვეული ცვლილებები განიცადა კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულებამაც.

ამ კუთხით, ალბათ მართებულია ”ქსი’ანის დეკლარაცია” ვენეციის ქარტიასთან მიმართებით განვიხილოთ, რაც ნაწილობრივ მაინც დაგვანახვებს ამ ტრანსფორმაციას 1964 წლიდან დღემდე.

როგორც გამოჩნდა, ჩვენს მიერ განხილული დეკლარაცია მთლიანად გარემოს, მის გააზრებას, მოვლას, მართვას, შენარჩუნებას ეხება. “გარემო” 1964 წლის ვენეციის ქარტიაშიცაა ნახსენები, აქაც იგივე ტერმინით – setting: <i>პუნქტი 1 </i>“ისტორიული ძეგლის ცნება მოიცავს როგორც ცალკეულ ნაწარმოებს, ასევე ქალაქისა და სოფლის ლანდშაფტს, რომელიც განსაკუთრებული თვითმყოფი კულტურის დამადასტურებელია.
და პუნქტი 6: “ძეგლის კონსერვაცია ძეგლთან დაკავშირებულ გარემოსაც გულისხმობს...”
როგორც ვხედავთ, 1964 წლის დოკუმენტში სიტყვა გარემოში ქალაქისა და სოფლის ლანდშაფტი მოიაზრება მხოლოდ. უკვე 2005 წლის დეკლარაციაში კი “გარემო” იმ ყოველგვარ მატერიალურსა თუ არამატერიალურს გულისხმობს, რაც წარსულსა თუ აწმყოში, რაიმე კავშირშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან.

ამრიგად, 1964 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად გაფართოვდა სიტყვა “გარემოს” საზრისი კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში,  უპირველესად კი, ცხადია, თავად ამ მრავალისდამტევი გარემოს მნიშვნელოვნება გაიზარდა ამ წლების მანძილზე. გაიზარდა მისი შენარჩუნების, მოვლის საჭიროებაც და როგორც ზემოთ გამოჩნდა, სწორედ ამ ღონისძიებებისკენაა მიმართული დეკლარაციის თითოეული პუნქტი. თუ ვნეციის ქარტიაში წერია რომ: “ძეგლის კონსერვაცია, პირველ ყოვლისა, გვავალებს მის დაცვასა და ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას(<i>პუნქტი 4</i>. უკვე ჩვენს მიერ განხილულ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ნაბიჯები, ღონისძიებები და აქტივობები რაც ამ დაცვასა და ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. მაგ., გარემოს  მართვის დაგეგმვის უნარების განვითარება, რაშიც იგულისხმება სპეციფიკური საკანონმდებლო ღონისძიებები, თრეინინგები, მრავლისმომცველი კონსერვაციისა და მენეჯმენტის გეგმებისა და სისტემების შემუშავება; ასევე ჩვენგან დამოუკიდებელი ზემოქმედების მომხდენი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგის წარმოება და მართვა; ინტრედისციპლინარული მიდგომა ანუ სხვადასხვა დარგის ჩართვა ამ პროცესში: არქიტექტურა, ურბანული და რეგიონალური დაგეგმარება, საინჟინრო საქმე და ა.შ.
ჩვენს მიერ განხილულ დოკუმენტში განსაკუთრებულად აქცენტირებულია მრავალდისციპლინარული და მრავალფეროვანი წყაროების გამოყენების საჭიროება და მნიშვნელოვნება, რათა მოხდეს გარემოს დოკუმენტირება და ინტერპრეტირება კონსერვაციისა თუ რესტავრაციის სწორად წარსამართად. ეს თემა ვენეციის ქარტიის მეორე პუნქტშიცაა ნახსენები მაგრამ ზოგადად: ძეგლთა კონსერვაცია და რესტავრაცია სამეცნიერო დისციპლინაა. იგი იშველიებს ყოველი მეცნიერებისა და ყოველი სპეციალობის ყველა იმ გამოკვლევას, რამაც შეიძლება ხელი შეწყოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის საქმეს(<i>პუნქტი 2</i>. აქ კი უკვე დაწვრილებითაა ჩამოთვილი თითოეული ეს დისციპლინა: ოფიციალური დოკუმენტაცია და არქივები, მხატვრული და სამეცნიერო აღწერები, ზეპირსიტყვიერი გადმოცემები, და ტრადიციული მეხსიერება, ადგილობრივ და ასოცირებულ თემთა ღირებულებები, ხედებისა და პერსპექტივების ანალიზი.

”ვენეციის ქარტიის” და ”ქსი’ანის დეკლარაციის” შედარებისას კიდევ ერთი რამ იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას. 1964 წლის დოკუმენტის მეექვსე პუნქტის დასასრულს წერია: თუ არსებობს ტრადიციული გარემო, იგი უნდა შევინარჩუნოთ და ყოველგვარი ახალი მშენებლობა, ყოველგვარი დაშლა და გადაკეთება რამაც შეიძლება დაამახინჯოს სახე, აკრძალულია.” 2005 წლის ჩვენს მიერ განხილულ დოკუმენტში კი აი, რას ვკითხულობთ: “ნებისმიერი ახალი ჩარევის შემთხვევაში უცილობლად უნდა იქნას მოთხოვნილი მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც გავლენას ახდენს მემკვიდრეობის ნაგებობათა, ღირსშესანიშნაობათა და არეალთა მნიშვნელოვნებასა და მათ გარემოზე... ახალი ჩარევისას უნდა იქნას გათვალისწინებული გარემო, რათა დადებითად განხორციელდეს მისი მნიშვნელოვნებისა და ხასიათისა

ინტერპრეტაცია” (პუნქტი 8). ე.ი. თუ 1964 წლის დასკვნის მიხედვით ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელი იყო, ახლა ჩარევა დასაშვებია, მაგრამ შესაბამისი კვლევების, დასკვნების და რეკომენდაციების საფუძველზე. თუმცა აქვე გასათვალიწინებელია, რომ როგორც აღვნიშნეთ ახლანდელი გაგება გარემოსი გაცილებით ფართოა და მრავლიმომცველი ვიდრე უწინ.

და ბოლოს, ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება რაც ამ 40 მანძილზე გამოიკვეთა – საზოგადოების ჩართულობაა. ”ვენეციის ქარტია”-ში საზოგადოება, საერთოდ არ ფიგურირებს. კულტურული მემკვიდრეობის მოვლაზე პასუხისმგებელი ძირითადად მეცნიერებაა. 2005 წლის ”ქსი’ ანის დოკუმენტში” კი სწორედ საზოგადოება მოიაზრება განსაკუთრებულ ძალად. ადგილობრივი თემის განათლება და საზოგადოების გათვითცნობიერებაა, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, მათი ჩართვაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში.

შესავალი კრებულისათვის ,,ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის კონსერვაცია”

ავტორი: ჰერბ სტოველი
ICCROM

თარგმანი: ნათია ნაცვლიშვილი
რედაქტორი: დიმიტრი თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ფოტოები იხილეთ პრეზენტაციაში: შესავალი კრებულისათვის ,,ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის კონსერვაცია” (მარჯვნივ) 

ICCROM-ის 2003 წლის ფორუმისათვის შერჩეულ თემას ,,ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობა” წარმოადგენდა. ეს არჩევანი უშვებს, რომ ,,ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობა” შესაძლოა რაღაცით განსხვავდებოდეს მემკვიდრეობის სხვა ფორმებისაგან და ამიტომაც, მისი კონსერვაცია ასევე განსხვავებული განსჯის საგანი შეიძლება იყოს. ზოგადად რითი შეიძლება განსხვავდებოდეს ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობა კულტურული მემკვიდრეობისაგან?
აქ გამოყენებული ზოგიერთი წერილი ამ კითხვისკენაა მიმართული. ჯამინი ვიჯესურია (Gamini Wijesury) შრი ლანკადან გვთავაზობს, რომ ის რაც განასხვავებს რელიგიურ არქიტექტურას სამოქალაქო მეკვიდრეობისგან არის მისთვის დამახასიათებელი ,,სიცოცხლიანობა”, ის რომ  რელიგიური ღირებულებები, რომელსაც მაგალითად სტუპა ცოცხალი ბუდას განსახიერებით ატარებს, უწყვეტი მხოლოდ სტუპას ფიზიკური განახლების მიმდინარე პროცესით შეიძლება იყოს. მართლაც, ფორმათა გარანტირებულ უწყვეტობაში, ,,ცოცხალი” მემკვიდრეობის ღირებულებები მეტად ნაცნობი ,,დოკუმენტური” თუ ,,ისტორიული” მემკვიდრეობის ღირებულებებს აღემატება. განახლების პროცესებზე დამყარებული კონსერვაციის უპირველესი მიზანი თვით უწყვეტობა ხდება, რაც მუდმივად ,,ანახლებს მემკვიდრეობისთვის მინიჭებულ კულტურულ მნიშვნელობას, მნიშვნელოვნებას.... და სიმბოლიზმს”.
თავის მხრივ, ნობუკო იბანა (Nobuko Ibana) აღნიშნავს რომ, მაშინ როცა ,,ცოცხალი” შეიძლება გაგებული იქნას როგორ ,,უსიცოცხლოს” საპირისპირო და ეხება ადგილს, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, ალტერნატიულად, ის შეიძლება ნიშნავდეს მცხოვრებთა არსებობას ძეგლზე ან მის სიახლოვეს მდებარე დასახლებებში. ვიჯესპურიას მსგავსად, ის ვარაუდობს, რომ რელიგიური მემკვიდრეობის ,,ცოცხალ” ასპექტებზე ყურადღების გამახვილება ასახავს ძალისხმევას, რომელიც აღემატება ,,მონუმენტური მემკვიდრეობის მატერიალურობაზე ორიენტირებული კონსერვაციის პრაქტიკას” და  ყურადღებას აპყრობს ,,მემკვიდრეობის ადამიანთან დაკავშირებულ/არამატერიალურ ღირებულებებს და ცდილობს კავშირი დაამყაროს გარემომცველ საზოგადოებებთან და გარემოსთან”. შემდგომში ის უფრო თამამად უშვებს, რომ ,,ცოცხალი მემკვიდრეობის ნაყოფად შეიძლება მივიჩნიოთ ტრადიციული ცხოვრება მედერნიზაციასა და გლობალიზაციამდე”.

სინამდვილეში, ყველა რელიგია მუდმივად უპირისპირდებოდა ცვლილებასა და თანამედროვეობას; დღეს განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გაუმჯობესებული ელექტრონული კომუნიკაციებით ნასაზრდოები ცვლილებების ტემპი აჩქარებულია. ეს საშუალებას აძლევს იდეებს, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ და ძირს უთხრიან რელიგიურ რწმენებს, უფრო სწრაფად და ფართოდ გავრცელდეს ვიდრე ეს ოდესმე იყო შესაძლებელი.

ცვლილების სიჩქარემ შეარყია ტრადიციული რწმენის სისტემების სიძლიერე რითაც ისინი ადგილს ინარჩუნებდნენ სეკულარულ საზოგადოებებში. ასევე გაიზარდა დაძაბულობა მულტიკულტურულ საზოგადოებებს შორის, რომლებიც მანამდე შედარებით ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ. ამ ძალებმა გაამწვავეს ექსტრემალური ნაციონალიზმი და ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართეს რელიგიური ჯგუფები, რადგან კულტურული მემკვიდრეობის მმართველები _ ხშირად ამ სფეროს არასაკმარისი ცოდნის გამო _ კონსერვაციის სახელით ესწრაფვიან გააქვავონ და გაყინონ მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტები.

უკიდურეს შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობა შესაძლოა გამოყენებული იქნას, როგორც იარაღი შემდგომში სხვადასხვა რწმენების მტკიცებების გაჯიბრებისას. ორი განსხვავებული რწმენის მიერ აღქმული მემკვიდრეობის ღირებულების მქონე საგნები და ობიექტები შესაძლოა დაინგრეს ერთი რწმენის მიმდევრების მიერ, როდესაც ისინი ცდილობენ თავიანთი ძალაუფლება დაანახონ მეორეთ. ისტორიის სასურველი ვერსიების მისაღებად ასეთმა ძალისხმევამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შერჩეული შენობების დაცვასა და რეკონსტრუქციაზე. ჟან-ლუი ლუქსენი (Jean-Louis Luxen) თავის შესავალში შენიშნავს, რომ ,,რელიგიური რწმენა ხელს უწყობს საზოგადოების სოციალურ ერთობას, იძლევა ორიენტირს და თავდაჯერებულობას... მაგრამ ... ფუნდამენტალიზმით ნაკვები იდენტობის გადაჭარბებულმა და შოვინისტურმა რისკმა შესაძლოა რელიგიური სიმბოლოების ნგრევამდე მიგვიყვანოს”. 

თუ ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის მახასიათებლები განსხვავდება მემკვიდრეობის სხვა ფორმებისაგან, განსხვავებული იქნება თუ არა მისი საკონსერვაციო მეთოდებიც?

საკონსერვაციო სამუშაოების ეფექტურობა დამოკიდებულია ჩვენს უნარზე ნათლად განსაზღვროთ მემკვიდრეობის ღირებულებები და შევიმუშაოთ ამ ღირებულებების დასაცავი სქემა. ჯამინი ვიჯესურია ხაზს უსვამს ,,რელიგიურ მემკვიდრეობასა” და ,,მემკვიდრეობას” შორის არსებულ განსხვავებებს, შენიშნავს რა, რომ რელიგიური მემკვიდრეობა შეიქმნა საკუთარ ღირებულებებთან ერთად, მაშინ როცა, მემკვიდრეობის სხვა ფორმებისათვის ჩვენ გვჭირდება დრო და მანძილი, რათა მათ ეს ღირებულებები მივანიჭოთ. მემკვიდრეობის ღირებულების განსაზღვრისას განსხვავებები კონსერვატორებს ორ განსხვავებულ სიტუაციაში სხვადასხვა კითვხებს დაასმევინებს: რელიგიური მემკვიდრეობის შემთხვევაში, რა არის ის ღირებულებები, რომლებიც უკვე აღიარებულია რელიგიური ერთობის მიერ? სამოქალაქო მემკვიდრეობის შემთხვევაში, რა პროცესები (და ამ პროცესებში ვისი ჩართულობა) იქნება საჭირო, რათა განისაზღვროს ეს ღირებულებები?

ნობუკო ინაბა შემდგომში გვთავაზობს რელიგიური მემკვიდრეობის ზრუნვის გაუმჯობესების მიზნით ყურადღება გავამახვილოთ უფრო მეტზე, ვიდრე მემკვიდრეობის საკუთრებების ტიპოლოგიური განსხვავებებია. ის ამტკიცებს, რომ ჩვენ გვევალება რელიგიურ საკუთრებებს საზოგადო წესით მოვეპყრათ, ვაღიაროთ რა ისინი ,,როგორც მათი მფლობელი კულტურის საერთო გამოხატვა, რომლებიც აერთიანებს მემკვიდრეობის, როგორც მატერიალურ (ორივე უძრავი და მოძრავი) და არამატერიალურ გამოხატულებებს ბუნებრივ/კულტურულ ლანდშაფტთან ერთად”. ის შენიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, წმინდა ტიპოლოგიური განსხვავებები არც შესაძლებელია და არც გამოსადეგარი, რადგან რელიგიური ძალები ემყარება რწმენის სისტემებს, რომლებიც ,,ჩვენი ცხოვრების არსს” შეადგენს და შენიშნავს, რომ ,,ცოცხალი მემკვიდრეობის ნებისმიერი ფორმა განუყოფელია თავისი საზოგადოების რელიგიური თუ რწმენის სისტემის სტრუქტურისაგან. “

სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია მემკვიდრეობის შესაფერისი მზრუნველობის განსაზღვრისათვის. როგორც რამდენიმე ავტორი აღნიშნავს, რელიგიური მემკვიდრეობა შესაძლოა მემკვიდრეობის ერთადერთი უდიდესი კატეგორიაა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. პარადოქსია, მაგრამ საკონსერვაციო სამყაროში, სადაც ქარტიები ჩვეულებრივი რამაა, ძნელია იპოვნო თანამედროვე წესები თუ დოგმატური ტექსტები, რომლებიც ასე ხშირად შემუშავებულია მემკვიდრეობის სხვა ასპექტებისათვის. სინამდვილეში, ზოგიერთ იურისდიქციებში რელიგიური საკუთრება საგანგებოდაა განთავისუფლებული მემკვიდრეობის შესახებ კანონმდებლობისაგან. კი მაგრამ რატომ გვაქვს შედარებით ნაკლები ქარტიები და სახელმძღვანელოები? ამის ბრალი შესაძლოა კონსერვაციის სამყაროს აღქმა იყოს და რომ პასუხისმგებლობა რელიგიური მემკვიდრეობისათვის რჩება მრევლთან ან, რომ რელიგიური კონტექსტი მეტისმეტად მგრძნობიარეა კონსერვაციის სპეციალისტებისათვის და მათ უჭირთ იყვნენ ობიექტურნი და თავაზიანნი; ან უბრალოდ არ არსებობს სისტემატური ყურადღება ამ ტიპის მემკვიდრეობისადმი. 

იქ, სადაც გაჩნდა წინადადება მომზადებულიყო დოგმატური ტექსტები, როგორც იანის ხაძიგოგასი (Janis Chitzigogas)  აღნიშნავს ათონის მთის მონასტრებთან დაკავშირებით, ძალისხმევა გახდა საჭირო იქაური ბერების წასახალისებლად თავად განეხილათ შესაძლო საკონსერვაციო ქარტია. მაშასადამე, აშკარაა კონსერვაციის სპეციალისტების ზოგადი წინდახედულობა და ძალისხმევა რათა ძირითადი წესები თუ ინსტრუქციები ისე განისაზღვროს, რომ შესაძლებელი გახდეს რწმენის მოთხოვნებისა და საკონსერვაციო მიზნების შეთანხმება.

განსხვავებული მიდგომა იქნა შემოთავაზებული ჟან-ლუი ლუქსენის მიერ უნიკალურსა და საყოველთაოს შორის დაძაბულობის განსამუხტად კონსერვაციის სპეციალისტების როლის განსასაზღვრად. ის შენიშნავს, რომ ზოგიერთ რელიგიურ საკუთრებას შესაძლოა ჰქონდეს უნივერსალური მოწოდება ან მიმზიდველობა და ზოგიერთს კონკრეტული. ის ეხებოდა ცალკეულ საზოგადოებებთან დაკავშირებულ ,,ობიექტებს” და იმათაც კი, სადაც სპეციფიკური აკრძალვები აფერხებენ არსებული ცოდნისა და გაგების გაზიარებას ამ რწმენის გარეთ მყოფთათვის. ლუქსენის ხედვით ეს დაძაბულობა ყველაზე უკეთ გამოხატულია UNESCO’ს შემდეგი მიზნის მეშვეობით, რომელიც კულტურებს შორის დიალოგის დაწყებას გულისხმობს ურთიერთპატივისცემისა და გაზიარებული ცოდნის სტიმულირებით, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის მშვიდობის დამყარებას.

თუ შევაჯამებთ ყოველივე ზემოთ თქმულს ცხადია, რომ დიალოგის წახალისება მათ შორის ვინც პროცესებშია ჩართული ინსტრუქციების მკაცრად მიდევნებაზე მეტად ეხმარება კონსერვაციის პეციალისტებს დადებითი როლი შეასრულონ ცოცხალ რელიგიურ მემკვიდრეობასთან მიმართებით. საკონსერვაციო სამყაროსა და რელიგიური ერთობის საჭიროების განსაზღვრით კონსერვაციის სპეციალისტებს შეუძლიათ დახმარების გაწევა, რათა მოხდეს პარამეტრების იდენტიფიცირება საჭიროებების შეთავსებისათვის, საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრა, დაბოლოს, ყველა პარტნიორს შორის ნდობისა და რწმენის გაჩენა. ICCROM-ის ფორუმის მიზანი იყო თავი მოეყარა იმ შემთხვევებისათვის სადაც ეს მიღწეულ იქნა ან სადაც ამის პოტენციალი არსებობს.

რწმენისა და კონსერვაციის თავსებადობის პრობლემური საკითხები

რწმენისა და კონსერვაციის მოთხოვნების შეთავსება ფორუმის მთავარი გამოწვევა იყო. ფორუმის თემის წარდგენისას ავტორმა ამ ორს შორის ურთიერთკავშირის ექვსი განსხვავებული კონტექსტი გამოყო:

1. ლიტურგიული და ფუნქციონალური საჭიროებების ცვალებადობისათვის თავის გართმევა;

2. თანაარსებული რწმენების მეტოქეობის საჭიროებებისათვის თავის გართმევა;

3. რელიგიისადმი ინტერესის შემცირებისთვის თავის გართმევა;

4. რელიგიური ღირებულების მქონე ადგილებზე სამოქალაქო წნეხის ზრდისთვის თავის გართმევა;

5. რელიგიური ადგილებისა და/ან საგნების მუზეუმიფიკაციისათვის თავის გართმევა;

6. საკონსერვაციო ჩარევისათვის თავის გართმევა: რწმენის უწყვეტობა ,,მეცნიერული” კონსერვაციის წინააღმდეგ.

გადაწყვეტილებების მიღებისაკენ

აქ გამოქვეყნებული წერილები შუქს ჰფენს პრონციპებს, რომლებიც მნიშვნელოვანია რწმენისა და კონსერვაციის შეთავსებისთვის. წინა სექციაში  იდენტიფიცირებული კონტექსტების ნაწილმა სხვაზე მეტი ყურადღება მიიპყრო. მომდევნო სექციები მიზნად ისახვას წერილების შეჯერებას, ხაზს უსვამს ფორუმით გამოწვეულ მნიშვნელოვან შემთხვევებს და დისკუსიის საკითხებს.

რელიგიური ერთობის ღირებულებების შეთავსება კონსერვაციის ერთობის ღირებულებებთან

შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც წერილებში წამოიჭრა, არის კონფლიქტი, რომელიც რელიგიური ერთობის ტრადიციულ ღირებულებებსა და თანამედროვე კონსერვაციის მიზნებს შორის იჩენს თავს. თანამედროვე კონსერვაცია მჭიდროდაა დაკავშირებული თანამედროვე სეკულარულ ღირებულებებთან. ამგვარად, ხშირ შემთხვევაში კონფლიქტები, რომელთაც ადგილი აქვთ ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის მოვლასა და მართვაში გამოხატავს დაძაბულობებს ტრადიციულ რელიგიურ ღირებულებებსა და თანამედროვე საზოგადოებების ღირებულებების არსს შორის. 

დინ ვაითინგი (Dean Whiting) ახალ ზელანდიაში კონსერვაციის თანამედროვე მიდგომების განვითარებას აღწერს. იქ კონსერვაციის სპეციალისტების მიერ აქცენტი ,,მატერიალური ინფორმაციის” დაცვაზე კეთდებოდა, რაც საწყის ეტაპზე არ შეესაბამებოდა მაორის სოციალური მოწყობისა და ერთობის ცხოვრების წესს. მაორის სამლოცველო, მისი დიზაინის, კონსტრუქციისა და დეკორის საშუალებით, წარმოგვიდგენს მაორის ხალხის ტომობრივ წარმომავლობას და დანახულია როგორც ცოცხალი ორგანიზმი. მაორის უხუცესები ვალდებულნი არიან დაიცვან და სიცოცხლე შეუნარჩუნონ სამლოცველოებში ჩადებულ კულტურულ და სულიერ ღირებულებებს, რომლებიც მათ იმ მიზნით გადმოეცათ, რომ ,,შეინახონ ადგილის სულიერი არსი და სტრუქტურა და შეინარჩუნონ მისი მანა (Mana) ანუ სიძლიერე და მთლიანობა და მისი ტუპა (Tupa), ანუ სიწმინდე.” ამის გაკეთება მოითხოვს განახლებისა და ადაპტაციის მიდგომას, რაც შესაძლოა საჭიროებდეს ზედაპირების და ფორმების განახლებას და გაწმენდას, რათა მათში მყოფი სულებისათვის სამლოცველოს სისუფთავე შენახულ იქნას. ეს ასევე ხელსაყრელია ტრადიციული ხელოვნებების და ცოდნის განახლებისათვის. 

მაორის ერთობამ და პროფესიონალმა კონსერვატორებმა ამ საკითხის გარშემო თანდათანობით შეიმუშავეს თანამშრომლობის დადებითი ფორმები. ერთი მექანიზმი აქცენტს აკეთებს იმ კონსერვატორების ,,კულტურულ უსაფრთხოებაზე”, რომლებიც კონსერვაციის ტექნიკურ პრობლემებზე სამუშაოდ არიან მოწვეულნი. ეს იმისთვისაა, რომ ჯერ ერთი, შემცირდეს კონესრვატორთა პიროვნულ საფრთხეში ჩაგდების რისკი, რაც შეიძლება შეუსაბამო ან სულიერად დამაზიანებელი კომპრომისებით იყოს გამოწვეული და მეორე, უზრუნველყოფილ იქნას შესაფერისი ,,მგრძნობელობა, როგორც ეტიკეტის წესებისა და ჩვეულებების ცოდნის მიმართ, ასევე არამატერიალური ღირებულებებისადმი”, რომლებიც გარს ერტყმის სამლოცველოს სტრუქტურასა და ადგილს.  კულტურული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს ,,გვარის უხუცესების მხარდაჭერას და საბოლოოდ მჟღავნდება ,,გვაროვნულ-სახასიათო საკონსერვაციო პრაქტიკებსა და დამხმარე სისტემებში”, რომლებიც ,,უზრუნველყოფს ადგილობრივ პრობლემათა გადაჭრის გზების თანხვედრას ადგილობრივ საჭიროებებთან.”

მსგავსი კონფლიქტი, კონსერვატორის დამოკიდებულებისა ნივთის მატერიალური კონსერვაციის მიმართ და ამ ნვითის თაყვანისმცემელთა ჯგუფს შორის, რომელიც წინა მაგალითისგან განსხვავებით გადაწყდა, ვალერი მაგარის მიერ მექსიკიდან იყო წარმოდგენილი. დამუშავება ყრმა იესოს მეთექვსმეტე საუკუნის პოლიქრომული ქანდაკებისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გადაღებვების შედეგად იყო დამახინჯებული, მორწმუნეთა დამოკიდებულების სრული გათვალისწინებით მოხდა, რაც საბოლოოდ მათი უშუალოდ კონსერვაციის პროცესში ჩართვამდე მივიდა. ქანდაკება ახლა წლიური სარესტავრაციო შემოწმების მიზნით ყოველწლიურად უბრუნდება კონსერვაციის ეროვნულ ლაბორატორიას; სამუშაო მაგიდა, სადაც კონსერვაცია მიმდინარეობს, ვირტუალურ საკურთხევლად არის გადაქცეული, ხოლო საზოგადოების წევრებსა და კონსერვატორთა ჯგუფს თავისი შესაწირი მოაქვთ, რაც რესტავრაციის პროცესის ნაწილია. კონსერვაციამ და რწმენამ აქ ურთიერთნდობის ატმოსფერო შექმნა, ჩაუყარა რა საფუძველი დიალოგს, რომელსაც თანაბარი წონა აქვს როგორც ხალხის რწმენებისა და მიზნებისათვის, ასევე საკოსერვაციო საჭიროებებისა და ინტერესებისათვის.

პატისა ნიათისა (Patisa Nyathi) და ჩიფ ბიდის (Chief  Bidi) მიერ წარმოდგენილი ზიმბაბვეს კონკრეტული მაგალითები ასევე სეკულარულ ღირებულებებს იწონებს, დაკავშირებულია ეკონომიკური განვითარების სურვილთან და, თანაბრად ნასაზრდოები კოლონიალური დროითა და პოსტ-კოლონიალური დამოუკიდებელობის პერიოდით, კონფლიქტშია რელიგიური ერთობის ტრადიციულ ღირებულებებთან, როგორც ეს მატოპოს ბორცვის მაგალითზე ვნახეთ. მათი ტრადიციულ რწმენათა სისტემა ისეთი მნიშვნელოვანი სიწმინდეების გადარჩენას უზრუნველყოფდა, როგორებიცაა ნჯელელე წვიმის მომყვანი საკურთხეველი და მეფე მზილიკაზის საფლავი და ითვალისწინებდა სიცოცხლიასუნარიან მენეჯმენტს იმ კულტურული ლანდშაფტისა, რომლის ნაწილსაც ეს სიწმინდეები შეადგენს.

მიუხედავად ამისა, მატოპოს ეროვნული პარკის ხელმძღვანელობის მიერ გაზიარებული გარემოს დაცვის თანამედროვე დასავლური მოდელი არ ცნობს ადგილობრივი ხალხის პოტენციურ შესაძლებლობას, ინტერესსა და შეხედულებებს პარკის მოვლის თაობაზე, რაც აშკარა იყო პარკის აღიარებამდე.

ამ მოდელმა არა მარტო ვერაფრით უზრუნველყო შესაბამისი კულტურული და ბუნებრივი სიმდიდრეების გადარჩენა, არამედ  მან ასევე შეასუსტა ადგილობრივი ცოდნის სისტემებისა და იდეოლოგიების ქმედითობა, რაც შესაძლოა რეგიონის მნიშვნელოვანი ღირებულებების გადარჩენის საუკეთესო გრძელვადიანი გარანტი ყოფილიყო. 

როგორც ეს ბოიტლერის წერილშია მოხსენებული, მსგავსი მდგომარეობა, თუმცა უკეთესი შედეგით, არის დანიაში, მორავიული საზოგადოების დაგეგმარებულ ქალაქ ქრისტიანსფელდში. მისი რელიგიური მემკვიდრეობა მორწმუნეთათვისაა (კონგრეგაცია) დაცული, მაგრამ იგივე მემკვიდრეობა, კონსერვაციის ეროვნული სისტემის ფარგლებში, კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული, მთლიანად საზოგადოების სიამოვნებისთვისაა დაცული. გარდაუვლად, სეკულარული საზოგადოების და მორავიელ მორწმუნეთა მიზნები (და ღირებულებები) ერთმანეთს ბოლომდე არ ემთხვევა. თუ რელიგიურ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობა ქრისტიანფელდის ამშენებლებს და მომვლელებს დაეკისრებათ, მაშინ კონგრეგაციის ღირებულებები შენარჩუნდება და განვითარებისათვის კონსერვაციის უპირატესობების ინტეგრირება შესაძლებელი იქნება მის ფაგლებში, მაგრამ რიცხობრივად შემცირებულ კონგრეგაციას არ აქვს საკმარისი სახსრები ამ მემკვიდრეობის მოსავლელად. ამდენად, მათ სამოქალაქო ხელისუფლებასთან უწევთ თანამშრომლობა (ვისთვისაც რელიგიური შენობები, როგორც სამოქალაქო სიამაყეს აღძრავს, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობა მოაქვს). თანამშრომლობის ეს მოდელი ახლა ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სხვა მორავიულ ერთობებზეც ვრცელდება.

ადგილის კულტურული ღირებულებების კონსერვაციასა და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნებას შორის ურთიერთქმედება ასევე იქნა განხილული ჯამინი ვიჯესურიას მიერ შრი ლანკას ბუდისტური ძეგლების მაგალითზე. შრი ლანკაზე მიმდინარე დებატები  სტუპების თავდაპირველი ფორმით რესტავრაციას ამართლებს არა მარტო მათი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამედ მათი რელიგიური ფუნქციის, როგორც მნიშვნელოვანი ბუდისტური რელიქვიების დაცვის უზრუნველსაყოფად.

,,დიალოგის” მნიშვნელობა ასევე გამოაშკარავდა კათოლიკური ეკლესიის მცდელობაში, რომელიც ეხება მორწმუნის ხედვის შეთავსებას მისსავე კულტურული მემკვიდრეობის როგორც ასეთის დაცვასთან. როგორც კრისტინა კარლო-სტელლა აღწერს, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მისი მემკვიდრეობის განსაზღვრისა და ინვენტარიზაციისათვის გამოცდილი სისტემები განავითარა, ხოლო მის სამართავად პოლიტიკა შეიმუშავა. ყველაფერი ეს ეკლესიის საქმიანობას ასახვას, რაც პარალელს ავლებს ,,სახარების სწავლებებში დაცული ქრისტიანული რწმენის დოგმატური პრინციპების”  გლობალურად დაცვის ვალდებულებასთან და ამავდროულად ამტკიცებს, რომ ,,ადგილობრივი  საეკლესიო მრევლის მიერ ლოკალური გამოხატულებების საშუალებით მათი სწავლებისა და პრაქტიკაში გამოყენების გზები ასახავს ადგილობრივი ტერიტორიების კულტურულ და სოციალურ ტრადიციებს.”

კარლო-სტელლას მიერ აღწერილი კათედრალების სახელოსნოები რომის წმ. საყრდის მიერ დიალოგის ხელშეწყობას უზრუნველყოფს, რათა ,,ინტერ-კულტურული ერთობის ერთსულოვნება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო დონეზე” იქნას მიღწეული. მათ წარმოაჩინეს დღემდე შემორჩენილი მხატვრული ხელოსნები, რომელთაც ევროპის რელიგიური მემკვიდრეობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ეკლესიის მიერ ნაკისრებ ვალდებულებას დიალოგისა და ხელოსნობის მხარდაჭერისა მივყავართ სპეციფიკური რელიგიური მემკვიდრეობის ტიპოლოგიის არჩევანისადმი, რომელიც მოიცავს ამ ორ კონცეფციას, როგორც მისი, სახელდობრ კათედრალის, განვითარების ფუნდამენტურ მახასიათებლებს.

თანამედროვეობასთან დაპირისპირება

საბერძნეთში მდებარე ათონის მთის ოცი მონასტრის შედარებითმა იზოლაციამ, რომლითაც ისინი ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტკბებოდნენ, გამოიწვია გადარჩენა ტრადიციების, ტანისამოსის, ნაწერების, ხელოვნების ნიმუშების, საგნების და ნაგებობებისა, რომელთა ერთიანობაც ქმნის ბერძნული ორთოდოქსული ეკლესიის შუასაუკუნოვანი წარმომავლობის ისეთ ძლიერ მემკვიდრეობას, რომლის მსგავსის ნახვა მთელი საბერძნეთის მასშტაბით რთული იქნება. ეს საზოგადოება დღეს უპირისპირდება მძლავრ გარეგან ზეწოლას, რაც რელიგიური ცხოვრების საბერძნეთის ნახევარკუნძულის სეკულარულ ცხოვრებასთან ჰარმონიზაციას მოითხოვს (მაგალითად, ქალებთან მოპყრობის საკითხები). უფრო მეტიც, ევროკავშირში ძლიერი მოძრაობაა დაწყებული მონასტრების ,,მოდერნიზაციის” დასაფინანსებლად, რის გამოც ცხოვრების ეს უძველესი ტრადიციული გზა საფრთხის ქვეშ დგება. როგორც აქ დამოწმებულ სხვა მაგალითებშიც ჩანს, ათონის მთის მემკვიდრეობის გადარჩენა საჭიროებს ძალისხმევას, რომ მოხდეს ინტეგრირება სხვადასხა სამონასტრო ერთობების მისწრაფებებისა მემკვიდრეობის კონსერვატორების მიზნებთან. იანის ხაძიგოგასი ათონის მთის კონტექსტის გათვალისწინებით საკონსერვაციო პრინციპების ქარტიაში დაკანონებას გვთავაზობს.

მრავალი სახის რელიგიური ტრადიციის თანამედროვეობასთან შეჯახების მაგალითებია ნაჩვენები პაოლა სიმეონის მიერ წარმოდგენილ იტალიის ლაციოს რეგიონის ვალეპიეტრას კონკრეტულ შემთხვევაში. ვალეპიეტრას ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემა ნეოლითის ხანის მღვიმეში სინკრეტული ,,სანტისიმას” დასაბუთებაა და თავად წარმოადგენს წინარომაული ხანის აგრარული კულტის გადმონაშთს, რომელიც აშკარად ,,მიწის როგირც დედის” თაყვანისცემას  ეფუძნება. ეს არის ცენტრი პოპულარული პროცესიებისა და რიტუალური წარმოდგენებისა, რომლებიც ყოველ ზაფხულს ტარდება. 

რომის კათოლიკური ეკლესიის გადმოსახედიდან სანტისიმას ღვთისმშობელთან გაიგივება თითქმის მკვრეხელობაა, ამგვარად ის ფესტივალს არაერთმნიშვნელოვნად განიხილავს. მაშინ როცა, ,,თანამედროვე” გავლენები ყოველთვის ახალ-ახალ ფორმას აძლევდნენ აქ მიმდინარე ღონისძიებებს, ცვლილებების მზარდ ტემპთან ერთად ფესტივალის მზარდ პოპულარობას აქვს ადგილი. გაუბედავი სურვილი, შერბილდეს ცვლილებების მიმართულება და ტემპი, მართვის ზომების მიღებას საჭიროებს, როგორც ადგილზე მიმდინარე ღონისძიებების დოკუმენტირებით, ასევე ცვლილებების გაძღოლით, ისე რომ შენარჩუნდეს კულტის მთავარი ღირებულებები. ნაკლებად ნათელია თუ რომელმა დაინტერესებულმა მხარემ უნდა განსაზღვროს ეს მთავარი ღირებულებები და შემდეგ დაიწყოს მართვის მსგავსი ღონისძიებების გატარება. 

ვალეპიეტრას შემთხვევა კონკრეტული კულტის და ადგილის მატერიალური და არამატერიალური ღირებულებების ურთიერთდამოკიდებულებას გვიჩვენებს. იაპონიაში ინტეგრირებული გზით მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის განსაზღვრისა და მოვლის ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება არსებობს. იმავდროულად, იაპონია გვიჩვენებს იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება  გაუგებრობაზე დამყარებულმა საპასუხო ქმედებებმა კონსერვაციის პარამეტრების რეპერტუარში შეაღწიოს. თავის წერილში ნობუკო ინაბა შეგვახსენებს, რომ ხშირად დამოწმებული ისეს წმინდა ადგილის ოცწლიანი ინტერვალის მქონე რეკონსტრუქციის რიტუალი თანამედროვე იაპონიის კონსერვაციის ფილოსოფიას არ ასახვს. ის მნიშვნელოვანი რიტუალური ჩვეულებაა, დღეს უკვე უნიკალური იაპონიის შინტოს რელიგიაში, დაკავშირებული ჭაობიანი ბრინჯის მოყვანის პრაქტიკის პრეისტორიული კულტურების ადრეულ რწმენებთან. ისეს წმინდა ადგილი ,,ეროვნულ საგანძურად” არ არის ნომინირებული და მისი მოვლა და რეკონსტრუქცია არ არის მართული ქვეყნის საკონსერვაციო კანონებითა და პრაქტიკით. მიუხედავა ამისა, იაპონიაში ოდესღაც ფართოდ გავცელებული შინტოს რელიგიის ჩვეულების, ადგილის და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გადარჩენის გზად დღეს მისი, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ,,არამატერიალურ მემკვიდრეობად” ცნობა მოიაზრება.

დასკვნის სახით

ფორუმზე წარმოდგენილ მასალათა სიუხვე და თემის სირთულე ნებისმიერ სინთეზსს პრობლემატურად წარმოგვიდგენს. მიუხედავად ამისა, ფორუმის დასკვნით სხდომაზე წარმართული დისკუსიის დროს ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის გაგებასთან დაკავშირებით დასკვნების მთელი რიგი იქნა შემოთავაზებული.

1. ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობა განსაკუთრებული მნიშნელობის მქონეა. ის არსებით როლს ასრულებს მიწოდებაში, გამოხატვასა და განვითარებაში რწმენებისა, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას სულიერ იდენტობას, მნიშვნელოვნებას და მიზანს სძენს. 

2. ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის გაგება იმის გაცნობიერებას საჭიროებს, რომ მატერიალური რელიგიური საგნების, შენობებისა და ადგილების არამატერიალური მნიშვნელობა არსებითია მათი შინაარსისთვის. მატერიალურის და არამატერიალურის განცალკევება შეუძლებელია, რამდენადაც ყველა კულტურულ ქსოვილს აქვს არამატერიალური ღირებულება.

ბევრი მიმდინარე ინიციატივა არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის გაძლიერებისკენ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები, მაგალითად იუნესკოს ახალი საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, მატერიალურ და არამატერიალურ ფორმებს შორის ძლიერი ნასკვი შეკვრას ისახავს მიზნად.

3. ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობა მრავალი რისკის ქვეშ დგას: თავად რწმენის მიმართ მერყევი დამოკიდებულება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში, რელიგიური მემკვიდრეობის ბუნების ნაკლებად გათვალისწინება, იმ როლის ნაკლებად გაგება, რაც კონსერვაციას შეუძლია შასრულოს რწმენის სიმტკიცის გასაზრდელად და რელიგიური ერთობების მისწრაფებებისადმი პატივისცემის ნაკლებობა. საერთაშორისო საკონსერვაციო პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის კონსერვაციის გაძლიერება და ამ ტენდენციების შესუსტების მცდელობა.

მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუციური და სახელმწიფოებრივი სტრატეგიები უნდა აღიარებდნენ ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ბუნებას და პრიორიტეტს უნდა ანიჭებდნენ მას. ისინი განვითარებულ უნდა იქნას რელიგიურ ერთობაში დიალოგის თანახმად მასა და სამოქალაქო ხელმძღვანელობებს შორის.

4. ამ მემკვიდრეობის დაცვა პირველადი მოვალეობაა იმ რელიგიური ერთობისა, რომლისთვისაც ეს მემკვიდრეობა ღირებულია, ადგილობრივ და/ან საყოველთაო დონეზე. ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის კონსერვაცია დაწყებულია რელიგიური ერთობის მიერ და განხორცილებულია კონსერვაციის სპეციალისტებთან თანამშრომლობით.

5. რელიგიური ჩვეულებების, რიტუალების ან დღესასწაულების ევოლუცია და თანამედროვე გარემოებებისადმი ადაპტაცია გაგებული უნდა იქნას, როგორც ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის უწყვეტობისათვის სახასიათო რამ და პატივივცემულ უნდა იქნას საოკნსერვაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სამოქალაქო ხელმძღვანელებს, რომლებიც მხოლოდ მემკვიდრეობის კონსერვაციაზე არიან პასუხისმგებელნი, შეუძლიათ დააწესონ შეზღუდვები ცვლილებების ხარისხზე, რომლებიც ცოცხალი რელიგიური მემკვიდრეობის შემთხვევაში შეწყნარებული იქნება.

6. რელიგიური ღირებულებების პატივისცემა მულტიკულტურულობის კონტექსტში (ან კონკრეტული მიმდინარეობისა ერთ რელიგიაში) არსებითია მშვიდობის და ტოლერანტული საზოგადოების დასახმარებლად და საუკეთესოდ არის ხელშეწყობილი საკონსერვაციო საკითხებზე გამართულ რწმენათაშორისი დიალოგების გაძლიერების საშუალებით. 

კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების განმარტება (ინტერპრეტაცია)1 და წარდგენა (პრეზენტაცია) 2

ნატალია ჩიტიშვილი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ICOMOS-ის ამ დებულების ტექსტი რამდენიმე წელი მუშავდებოდა3  და საბოლოოდ 2008 წელს იქნა ოფიციალურად დადგენილი .4

მიზეზი თუ რის გამო გახდა საჭირო ამ საკითხების დებულებებად ჩამოყალიბება დოკუმენტის შესავალ ნაწილშია ნათქვამი: პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: კულტურული მემკვიდრეობის ბევრ ღირსშესანიშნავ ადგილზე, იმისათვის, რომ მოეხდინათ ძეგლის განმარტება (ინტერპრეტაცია) გამოყენებულ იქნა რთული ტექნოლოგიები, გარდა ამისა კულტურული მემკვიდრეობის ადგილების მარკეტინგსა და მართვაში ახალმა ეკონიმიკურმა სტრატეგიებმა შექმნა რიგი ახალი სირთულეებისა, წამოიჭრა გარკვეული საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ადგილის კონსერვაციისთვის, აგრეთვე საზოგადოებრივი შეფასებისთვისაც. ამ დოკუმენტის მიზანია განისაზღვროს განმარტებისა და წარდგინების ძირითადი პრინციპები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციისას გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი/არსობრივი კომპონენტი და საზოგადოებრივი შეფასებისა და გააზრების (ძეგლის გაგების) გაძლიერების საშუალება.
დებულებაში პრეზენტაცია და ინტერპრეტაცია გააზრებულია როგორც კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და მისი მართვის პროცესის ნაწილი. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია 7 ძირითადი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს საფუძველი პრეზენტაციისა და ინტერპრეტაციისა. ესენია:

I _ წვდომა და გაგება; განმარტებითმა და წარდგენითმა პროგრამებმა ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ადგილების ფიზიკურ და ინტელექტუალურ წვდომას. ამ პროგრამების ამოცანა უნდა იყოს გაზარდონ საზოგადოების მხრიდან ღირსშესანიშნავი ადგილის საზოგადოებრივი პატივისცემა და გაგება და ასევე გააცნოს კულტურული მემკვიდრეობის ადგილების კონსერვაციის მნიშვნელობა. ამისთვის აუცილებელია, რომ ამ პროგრამებმა გაითვალისწინონ მნახველთა დემოგრაფიული და კულტურული სხვადასხვაგვარობა; მცდელობა უნდა იყოს იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის მნახველებს ეცნობოთ ამა თუ იმ ღირსშესანიშნავი ადგილის ფასეულობა და მნიშვნელობა. ამ მიზნებისთვის გამოყენებულ განმარტებით ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულ უნდა იყოს მნახველთა და associated communities შორის არსებული ენობრივი სხვაობები.
II _ საინფორმაციო წყაროები; განმარტება და წარდგენა უნდა დაეფუძნოს სამეცნიერო და აკადემიური მეთოდების გზითა და აგრეთვე ცოცხალი კულტურული ტრადიციების გზით მიღებულ მოწმობებს. ინტერპრეტაციამ უნდა აჩვენოს კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობის ადგილის შესახებ არსებული როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ინფორმაცია, მატერიალური ნაშთები, ტრადიციები და გამოკვეთოს ამ ყველაფრის მნიშვნელოვნება.5 ამისათვის აუცილებელია, რომ მოხდეს ამ ადგილისა და მისი გარემოცვის კარგი კველვა, მულტიდისციპლინარული შესწავლა. 6

III _ კონტექსტი და გარემო (გარემოცვა); ეს პრინციპი გულისხმობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების ინტერპრეტაცია და პრეზენტაცია უნდა იყოს დაკავშირებული სოციალურ, კულტურულ, ისტორიულ და ეკოლოგიურ კონტექსტებსა და გარემოცვასთან. განხილულ უნდა იქნეს ღირსშესანიშნავი ადგილის კულტურული, სოციალური და ეკოლოგიური მნიშვნელოვანებისა და ღირებულებების ყველა ასპექტი. აუცილებელია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილის საჯარო განმარტებამ ნათლად განასხვაოს და დაათარიღოს მისი განვითარების თანმიმდევრული ეტაპები და გავლენები; აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული (და პატივი ეცეს) ადგილის მნიშვნელოვნებაში ყველა პერიოდის წვლილს; ინტერპრეტაციისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა ჯგუფი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ძეგლის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაში. ამ პრინციპის თანახმად, ღირსშესანიშნავი ადგილის გარშემო არსებული ლანდშაფტი, ბუნებრივი გარემო წარმოადგენს ძეგლის ისტორიული და კულტურული მნიშვნელოვანების განუყრელ ნაწილს და შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი განხილვა ადგილის ინტერპრეტაციაში (განმარტებაში), ისევე როგორც ამ ღირსშესანიშნავი ადგილის მატერიალური და არამატერიალური7  ღირებულებები.8

IV _ ავთენტურობის დაცვა; კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების ინტერპრეტაციისას და პრეზენტაციისას პატივი უნდა ეცეს ავთენტურობის ძირითად პრინციპებს, რაც Nara Document-ითაა გათვალისწინებული. განმარტებითმა (ინტერპრეტაციის) პროგრამებმა უნდა გაითვალისწინოს და პატივი სცეს ადგილის ტრადიციულ სოციალურ ფუნქციებს, კულტურულ პრაქტიკას, ადგილობრივ მცხოვრებთა და associated communities -ების ღირსებას. ამ პრინციპის მიხედვით განმარტებამ და წარდგენამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების ავთენტურობის შენარჩუნებაში, მისი მნიშვნელოვანების გადმოცემაში, ოღონდ ისე, რომ არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა მის კულტურულ ღირებულებებზე, ან შეუქცევადად არ შეცვალოს მისი ქსოვილი. ყველა ხილული განმარტებითი ინფრასტრუქტურა9  ისე უნდა იყოს მოწყობილი რომ მგრძნობიარე იყოს ადგილის ხასიათის, გარმოცვის მიმართ და ამავდროულად უნდა იყოს ადვილად ამოცნობადი. კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ადგილზე გამართული განმარტებითი პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებები10  საგულდაგულოდ უნდა დაიგეგმოს, რათა დაცულ იქნას ადგილის მნიშვნელოვანება, ფიზიკური გარემო და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ადგილობრივ მცხოვრებთა მყუდროების დარღვევა.

V _ მდგრადი განვითარების დაგეგმვა; ამ პრინციპის თანახმად, განმარტებითი და წარდგენითი პროგრამების განვითარება და განხორციელება უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების საერთო გეგმარების, ბიუჯეტის შედგენისა და მართვის პროცესის განუყოფელი ნაწილი. დებულების ამ პრინციპის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების გრძელვადიან დაცვას, საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებისა და მათი (საზოგადოების) მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებში მონაწილეობის გზით. ასევე ეს უნდა მოხდეს განმარტებითი ინფრასტრუქტურის გარანტირებული დიდხნიანი მუშაობის უნარიანობისა და ამ ინფრასტრუქტურის განმარტებითი შინაარსის მუდმივ გადახედვა/გადასინჯვით.

VI _ ჩართულობა (კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების ინტერპრეტაციაში ჩართულობაზე ზრუნვა); ამ პრინციპის თანახმად, განმარტებითი და წარდგენითი პროგრამების ფორმულირებაში გაერთიანებული უნდა იყოს მეცნიერთა, თემის წევრთა (community members), კონსერვაციის ექსპერტთა, სამთავრობო ხელისუფალთა, ადგილობრივ მმართველთა და განმმარტებელთა, ტურისტულ ოპერატორთა და სხვა პროფესიონალთა მულტიდისციპლინარული კვლევა. გარდა ამისა, ეს პრინციპი გულისხმობს, რომ წარდგენისა და განმარტების პროგრამების დაგეგმარებაში გათვალისწინებული (და პატივცემული) უნდა იყოს ქონების მესაკუთრის, მფლობელისა და associated communities -ების ტრადიციული უფლებები, პასუხისმგებლობა და ინტერესები. როდესაც განხორციელდება წარდგენითი და განმარტებითი პროგრამების გაფართოება, გადახედვა, ეს უნდა იყოს ღია საჯარო კომენტარებისათვის, სადაც სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

VII _ კვლევის, სწავლებისა და შეფასების მნიშვნელობა. ამ პრინციპის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების განმარტებაში განუყრელ ნაწილს წარმოადგენს უწყვეტი კვლევა, სწავლება და შეფასება. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ მიუხედავად ღირსშესანიშნავ ადგილზე შესაბამისი განმარტებითი ინფრასტრუქტურის გამართვისა, ამ ადგილის მნიშვნელოვანების შემდგომი გაგებისა და შეფასებისათვის საჭიროა კვლევებისა და კონსულტაციების გაგრძელება. ყველა მემკვიდრეობის განმარტებითი პროგრამების განუყრელი ელემენტი უნდა იყოს მისი მუდმივი განხილვა. მუდმივად უნდა ხდებოდეს განმარტებითი და წარდგენითი პროგრამებისა და ღირსშესანიშნავ ადგილზე მათი ფიზიკური ზემოქმედების შემოწმება და შეფასება; ხოლო იქ წარმოებული პერიოდული ცვლილებები უნდა იყოს დაფუძნებული როგორც მეცნიერული და კვლევითი ანალიზების საფუძველზე, ასევე საზოგადოების შენიშვნებზე. განმარტებითი პროგრამა წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურს, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნას ყველა ასაკის ადამიანზე, ჯგუფებზე. ეს პრინციპი ითვალისწინებს, ასევე, კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას კულტურული მემკვიდრეობის განმარტებისა და წარდგენის სხვადასხვა სფეროში (მართვა, ტექნოლოგია, მეგზურობა, განათლება), რისთვისაც აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. 11

ამდენად, დებულების ძირითადი ამოცანაა განმარტოს, ჩამოაყალიბოს ინტერპრეტაციისა და პრეზენტაციის მიზნები, საშუალებები და შედეგები. ამისათვის საჭირო გახდა სხვადასხვა საკითხთა ერთმანეთთან დაკავშირება, რომელთა ერთობლიობაც საკონსერვაციო სამუშაოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ დოკუმენტში მოხდა მათი ერთმანეთთან დაკავშირება და გარკვეული საკითხების ხაზგასმა, წინ წამოწევა.

დებულების ამოცანაა განსაზღვროს განმარტებითი და წარდგენითი პროგრამების მნიშვნელოვანება კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციაში. ამ დოკუმენტში (იქნებ სხვაგანაც? მე მხოლოდ რამდენიმე ქარტია და სახელმძღვანელოები გადავათვალიერე) აქცენტირებულია საზოგადოების როლი ღირსშესანიშნავი ადგილის გადარჩენის საკითხში. ადრეულ დოკუმენტებში ჩვენ ვკითხულობთ:

ნარას დოკუმენტი (1993 წ.): `კულტურულ მემკვიდრეობაზე და მის მართვაზე პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, იმ საზოგადოების ვალია, რომელმაც შექმნა იგი და შემდგომ მათი, რომელნიც ზრუნავენ ამ მემკვიდრეობაზე.12

ბურას ქარტია (1999 წ.): `კონსერვაცია, ინტერპრეტაცია და ადგილის მართვა უნდა გულისხმობდეს ხალხის მონაწილეობას, რომელთათვისაც ამ ადგილს გააჩნია განსაკუთრებული სიახლოვე და მნიშვნელობები, ან ვისაც გააჩნია სოციალური, სულიერი და სხვა კულტურული პასუხისმგებლობა ამ ადგილის მიმართ.13

მემკვიდრეობის ადგილების კონსერვაციის პრინციპები ჩინეთში (2002 წ.): `საჯარო განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რადგანაც ამ შემთხვევაში გარანტირებული იქნება ფართო მასების მხარდაჭერა და მონაწილეობა ადგილის დაცვის საკითხებში. უნდა მოხდეს კონსერვაციის არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ინსტრუქტირება, რადგანაც მათ შეუძლიათ ადგილობრივ მოსახლეობასთან (local communities) ურთიერთობის დამყარება კულტურული მემკვიდრეობის ადგილების დაცვასთან დაკავშირებით.14

ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა დოკუმენტების დებულებებში, საუბარია საზოგადოების მნიშვნელობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში. ეს რთული პროცესია, რომელი მოითხოვს საგულდაგულო დაგეგმვას, გათვლას საზოგადოების სხვადასხვა ხასიათის ჯგუფებზე. პირველ რიგში აუცილებელია მასალის იმგვარი მომზადება, რომელიც ადვილად აღსაქმელი და გასაგები იქნება  განსხვავებული ტიპის ჯგუფებისათვის და ასევე აუცილებელია თითოეული ამ ჯგუფის წევრთა უფლებების დაცვა (ადგილობრივი მაცხოვრებლები, მნახველები, მფლობელები...). აუცილებელია მათთვის ადგილთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის ზუსტი და სრულყოფილი მიწოდება და შედეგად მისი მნიშვნელოვანების ახსნა. ყოველივე ეს გაამარტივებს საკონსერვაციო საქმიანობისთვის აუცილებელ სხვადასხვა საკითხებს, მაგალითად, როგორც დებულების ერთ-ერთი პრინციპის განმარტებაშია (5.5.4) ნათქვამი დაანახებს საზოგადოებას საკონსერვაციო სამუშაოების სხვადასხვა სახის სპეციფიკურ პრობლემებსა და აუხსნის გაწეული ძალისხმევის (ფულადი თუ სხვა) აუცილებლობას. გარდა ამისა, ღირსშესანიშნავ ადგილებთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად შესაძლებელია მათი ჩართვა ამ პროცესშიც, თუნდაც სხვადასხვა სამუშაოთა შესრულების სახით. უფრო მეტიც, ადგილობრივ მოსახლეობაზე აქცენტის გაკეთება ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილის დაცულობას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ განმარტებითი და წარდგენითი პროგრამები (ყველა მისი პრინციპის ერთობლიობით) წარმოადგენს საფუძველს იმისთვის, რომ ღირსშესანიშნავ ადგილზე წარმოებულ საკონსერვაციო სამუშაოებს დადებითი შედეგი ქონდეთ.

სქოლიო
1. ინტერპრეტაცია (განმარტება) გულისხმობს საზოგადოებისათვის საგულდაგულოდ დაგეგმილ კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების განმარტებებს, ან განხილვებს, რომელიც სრულად მოიცავს მის მნიშვნელოვანებას, მის ღირებულებას. ის მიმართულია იმისკენ რათა ყველანაირად შეეცადოს აამაღლოს საზოგადოებრივი ინფორმირებულობა კულტურული მემკვიდრეობის ადგილების შესახებ. ამისთვის გამოიყენება ბეჭდური და ელექტრონული გამოცემები, საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროგრამები, ადგილზე არსებული (შეიძლება იყოს ადგილზე არ მდგომი მაგრამ ადგილთან დაკავშირებული) ინსტალაციები, საზოგადოებრივი აქტივობები, მიმდინარე კვლევები, სწავლებები და შეფასებები. 
2. პრეზენტაცია (წარდგენა) გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ადგილებზე განმარტებითი შინაარსის საგულდაგულოდ დაგეგმილ კომუნიკაციას განმარტებითი ინფორმაციების, ფიზიკური მისაწვდომობის და განმარტებითი ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანის გზით. ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, მაგალითად: საინფორმაციო პანელები, მუზეუმის-ტიპის გამოფენები, საფეხმავლო ტურები, ლექციები, მულტიმედიური აპლიკაციები, ვებ-გვერდები და სხვა.
3. 2002 წელს გაკეთდა პირველი მონახაზი.
4. ICOMOS-ის XVI გენერალური ანსამბლეა კვებეკში – 2008 წ. 4 ოქტომბერი.
5. ინფორმაციის ეს წყაროები უნდა იყოს დოკუმენტირებული, არქივირებული და საზოგადოებისათვის ხელმისაწვრომი.
6. ამ პრინციპის ერთ-ერთი განმარტების მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ადგილებში, სადაც არსებობს გარკვეული თქმულებები, ცოცხალი ზეპირსიტყვიერი ისტორიები (რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს ღირსშესანიშნავი ადგილის მნიშვნელოვანების საჩვენებლად) უნდა მოხდეს ამ მასალის გაერთიანება ირიბად, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გამოყენებას, ან პირდაპირ, იგულისხმება Associated communities წევრთა, როგორც ადგილობრივ განმმარტებელთა, აქტიური მონაწილეობა.
7. როგორიცაა კულტურული და სულიერი ტრადიციები, ისტორიები, მუსიკა, ცეკვა, თეატრი¸ლიტერატურაახვითი ხელოვნება, ადგილობრივი სამოსი და კულუნარიული მემკვიდრეობა.
8. ამდენად, ამ პრინციპის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ღირსშესანიშნავი ადგილის მატერიალური და არამატერიალური ღირებულებების დაცვა მათ ბუნებრივ და კულტურულ გარემოცვასა და სოციალურ კონტექსტში. 
9. განმარტებითი ინფრასტრუქტურა გულისხმობს ყველა სახის ფიზიკურ მოწყობილობებს (ინსტალაციებს), გამოცემებს (გზამკვლევები, ვიდეოჩანაწერები, ციფრული და ა.შ.), სხვადასხვა სახის მედია მოწყობილობებს, სპეციალურ ადგილებს, ბილიკებს, საინფორმაციო დაფებს, რომელიც გამოიყენება განმარტებისა და წარდგენისათვის.
10. კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა.
11. კონფერენციები, სიმპოზიუმები, სპეციალისტთა გაცვლა – როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა რეგიონალურ დონეზე.
12. ნარას დოკუმენტი ავთენტურობის შესახებ, დანართი 2 წიგნში: ბ. ფილდენი, ი. იოკილეტო, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების მართვის სახელმძღვანელო პრინციპები (თბილისი, 2007), გვ. 194-195.
13. The Burra Charter (2000), p.5.
14. Principles for the Conservation of Heritage Sites in China, Issued by China ICOMOS (2002), p. 72. 

რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იუნესკოს ორი დოკუმენტის მიხედვით: 1976 წლის რეკომენდაცია ”ისტორიული რაიონების უსაფრთხოების დაცვისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი როლის შესახებ” 2011 წლის რეკომენდაცია ”ისტორიული ურბანული ლანდშაფტის შესახებ”

ნათია ნაცვლიშვილი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

2011 წლის რეკომენდაცია ისტორიული ურბანული ლანდშაფტის შესახებ
2011 წლის 10 ნოემბერს იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია ისტორიული ურბანული ლანდშაფტის შესახებ”. 35 წლის განმავლობაში ეს არის ისტორიულ გარემოზე იუნესკოს მიერ გამოცემული პირველი იურიდიული დოკუმენტი. რა თქმა უნდა, აღნიშნული რეკომენდაცია არ ანაცველბს მანმადე არსებულ დოქტერინებსა თუ საკონსერვაციო მიდგომებს. პირიქით, ის არის დამატებითი იარაღი, რათა მოახდინოს ნაშენი გარემოს კონსერვაციის პრაქტიკებისა და პოლიტიკის ინტეგრირება ურბანული განვითარების უფრო ფართო მიზნებთან მემკვიდრეობით მიღებული ღირებულებებისა და სხვადასხვა კულტურული კონტექსტების ტრადიციების თვალსაზრისით. ე. წ. ”რბილი-კანონის” დოკუმენტი წევრ ქვეყნებს არაფრით ავალდებულებს და ის მათ მიერ მხოლოდ ნებაყოფლობით შეიძლება იქნას მიღებული. რეკომენდაციის განხორციელების გაადვილების მიზნით იუნესკოს გენერალური კონფერენცია წევრ ქვეყნებს ურჩევს:
ა) მოარგონ ეს დოკუმენტი სპეციფიკურ კონტექსტებს;
ბ) ფართოდ გაავრცელონ ის ეროვნულ ტერიტორიაზე;
გ) გაადვილონ მისი შესრულება დამხმარე პოლიტიკის ფორმულირებითა და ადაპტაციის მეშვეობით;
დ) დააკვირდნენ მის გავლენას ისტორიული ადგილების კონსერვაციასა და მართვაზე.
აღნიშნული რჩევების გაცემა სავარაუდოდ გამოწვეულია მანამდე მიღებული რეკომენდაციებისა და საკონსერვაციო პრინციპების ერთგვარი ”სიხისტით” და უეჭველად 1976 წელს ნაირობის ”რეკომენდაციის ისტორიული რაიონების უსაფრთხოების დაცვისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი როლის შესახებ” ”კრახით”. როგორც ჰერბ სტოველი აღნიშნავს ”თუმცა (1976 წლის ნ. ნ.) რეკომენდაციის ღირსება იმაშია, რომ იგი იძლევა სპეციფიკურ და დეტალურ რჩევებს სათანადო ღონისძიებების ფორმასა და შინაარსთან დაკავშირებით, სწორედ ამ მისმა სპეციფიკურობამ გამოიწვია უთანხომოება ადგილებზე მისი გამოყენებადობის თაობაზე და დიდი ხნით დააკარგვინა რწმენა ამ დოკუმენტისადმი და შეაფერხა მისი გამოყენება” .
რეკომენდაცია ისტორიული უბანული ლანდშაფტების შესახებ ეფუძნება იუნესკოს წინა ოთხ რეკომენდაციას მემკვიდრეობის დაცვის შესახებ და აღიარებს მათი კონცეფციების და პრინციპების მნიშვნელოვნებას და კანონიერებას კონსერვაციის ისტორიასა და პრაქტიკაში. დამატებით, თანამედროვე საკონსერვაციო კონვენციები და ქარტიები კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ბევრ განზომილებას ეხება და ამ რეკომენდაციის საძირკველს ქმნის.
რეკომენდაციის მიხედვით ”ისტორიული ურბანული ლანდშაფტი წარმოადგენს ურბანულ ტერიტორიას გაგებულს, როგორც ისტორიის მიერ დაშრევებულ კულტურულ და ბუნებრივ ღირებულებებსა და თვისებებს, განვრცობილს ”ისტორიული ცენტრის” ან ”ანსამბლის” ცნების მიღმა უფრო ფართო ურბანული კონტექსტის და მისი გეოგრაფიული გარემომცველი ბუნების შესათავსებლად... ის ასევე მოიცავს მემკვიდრეობის მრავალფეროვნებასა და იდენტობასთან დაკავშირებულ სოციალურ და კულტურულ ადათებსა და ღირებულებებს, ეკონომიკურ პროცესებსა და არამატერიალურ განზომილებებს”.
ეს განსაზღვრება ქმნის ბაზისს ისტორიული ურბანული ლანდშაფტების იდენტიფიცირების, შეფასების, კონსერვაციისა და მართვის დაწვრილებითი და ინტეგრირებული მეთოდისათვის საერთაშორისო მდგრადი განვითარების ჩარჩოს ფარგლებში.
ისტორიული ურბანული ტერიტორიების განსაზღვრისას 1976 და 2011 წლების რეკომენდაციებში პრინციპული განსხვავება არ არის და ისინი ერთმანეთს ემთხვევა, რასაც ვერ ვიტყვით რეკომენდაციების მეორე პუნქტზე. 1976 წლის რეკომენდაციაში ის დასათაურებულია როგორც ”ძირითადი პრინციპები”, რომლის ქვეპუნქტები საკმაოდ მკაცრი ტონით და ზოგადი რეკომენდაციების სახით ავალებს ქვეყნების მთავრობებსა და მოქალაქეებს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ მემკვიდრეობის იმ დროის სოციალურ ცხოვრებაში ინტერგირებას. ამავე ქვეპუქტის მიხედვით ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ყველა მოქალაქისა და საერთაშორისო თემების ინტერესების დაცვაზე. უფრო ქვემოთ ვკითხულობთ, რომ ”ისტორიული ტერიტორიები და მათი გარემომცველი არეები აქტიურად უნდა იყოს დაცული ნებისმიერი სახის ზიანისგან ... და რომ რესტავრაცია ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ სამეცნიერო პრინციპებს უნდა ემყარებოდეს”.
2011 წლის რეკომენდაციაში მეორე პუნქტის სახელწოდებაა: ”ისტორიული ურბანული ლანდშაფტის გამოწვევები და შესაძლებლობები”. ის სამ ქვეპუნქტს _ ურბანიზაციას და გლობალიზაციას, განვითარებასა და გარემოს მოიცავს. სამივე წარმოადგენს მცდელობას თითეული მათგანის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეების წარმოჩენისა, რათა პროფესიონალებისათვის უფრო ნათელი იყოს, ახალმა დრომ ისტორიული ურბანული მემკვიდრეობა და მასთან ერთად ისინიც, რა ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დააყენა. ისტორიული ურბანული ლანდშაფტის მიდგომა ასახავს იმ ფაქტს, რომ ურბანული მემკვიდრეობის კონსერვაცია, როგორც დისციპლინა და პრაქტიკა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც საშუალებას აძლევს პოლიტიკის შემქმნელებსა და მენეჯერებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ ამ ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ისტორიული ურბანული ლანდშაფტის მიდგომა ეხმარება ადამიანთა ერთობებს მათ ისტორიასთან, კოლექტიულ მეხსიერებასთან და გარემოსთან დაკავშირებული მახასიათებლების და ღირებულებების დაცვისას განვითარებისა და ადაპტაციისათვის ძიებებში.
გასული ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ურბანული მოსახლეობის მკვეთრი ზრდის, განვითარების დონისა და სიჩქარის, და ეკონომიკის ცვლილების წყალობით ურბანული დასახლებები და მათი ისტორიული ადგილები მსოფლიოს ბევრ რეგიონში ეკონომიკური ზრდის ცენტრებად და მამოძრავებელ ძალად გადაიქცა და ახალი როლი დაეკისრა კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. შედეგად, მთელი რიგი ახალი ზეწოლების ქვეშ მოექცა. დემოგრაფიული ცვლილებების, გლობალური ბაზრის ლიბერალიზაციის და დეცენტრალიზაციის, ასევე ტურიზმის, მემკვიდრეობის ბაზრის ექსპლოატაციის და კლიმატის ცვლილების პროცესების ზემოქმედებით პირობები შეიცვალა და ქალაქები განვითარების ზეწოლების და გამოწვევების საგანი გახდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა იუნესკოს 1976 წლის  ისტორიულ ადგილებზე რეკომენდაციის მიღების დროს (რეკომენდაცია ისტორიული ადგილების უსაფრთხოების დაცვისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი როლის შესახებ).
მესამე პუნქტში, რომელიც ურბანული კონსერვაციის პოლიტიკას ეხება 1976 წლის რეკომენდაცია აქცენტს ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ხელმძღვანელობების მოვალეობებზე აკეთებს და ავალდებულებს მათ საკანონმდებლო, ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებები ისტორიული ადგილების დასაცავად და თანამედროვე ცხოვრების საჭიროებებისამებრ ადაპტაციას მოახმარონ. 2011 წლის რეკომენდაციაში ეს პუნქტი მეტადაა განვრცობილი. ის ურბანული მემკვიდრეობის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველა დაინტერესებულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას. რეკომენდაცია თვლის, ”რომ ურბანული მემკვიდრეობის კონსერვაცია ინტეგრირებული უნდა იყოს დაგეგმვისა და განხორციელების და უფრო ფართო ურბანულ კონტექსტთან დაკავშირებულ ძირითად პოლიტიკასთან. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ისტორიული ურბანული სტრუქტურაში თანამედროვე ჩარევების ჰარმონიულობაზე”. მეტი ყურადღებაა გამახვილებული ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებაზე. ”წევრმა ქვეყნებმა უნდა ჩართონ ურბანული მემკვიდრეობის კონსერვაციის სტრატეგიები ეროვნული განვითარების პოლიტიკასა და გადაწყვეტილების გეგმებში ისტორიული ურბანული მემკვიდრეობის მიდგომის შესახებ. ამ ჩარჩოს ფარგლებში ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა ადგილის ღირებულებების, მათ შორის ლანდშაფტისა და მემკვიდრეობის სხვა ღირებულებების და მასთან დაკავშირებული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით უნდა მოამზადონ ურბანული განვითარების გეგმა”. 2011 წლის რეკომენდაციას მის წინამორბედ რეკომენდაციასთან შედარებით საქმიანი კილო აქვს და განზოგადოებული დავალდებულების ნაცვლად კონკრეტულ სამოქმედო გეგმების შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.
მეოთხე პუნქტი 1976 წლის რეკომენდაციაში დაცვითი ღონისძიებების სახელს ატარებს. მასში საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებების შემუშავების საკითხები საკმაოდ ვრცლად არის განხილული. ის ავალდებულებს, როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე ინდივიდებს შესაბამისი საკანონმდებლო სისტემის შექმნასა და დაცვითი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას. საკმაოდ ვრცლად არის განხილული ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხის შექმნიდან დაწყებული ფინანსური საკითხების მოგვარებით დამთავრებული ისტორიული განაშენიანების დაცვისათვის კონკტრეტული მითითებებია მოყვანილი.
მისგან განსხვავებით 2011 წლის ისტორიულ ურბანულ ლანდშაფტზე დაფუძნებული მიდგომა მეტ თავისუფლებას აძლევს ისტორიულ მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელ მხარეებს. რეკომენდაცია მათ სთავაზობს ადგოლობრივი კონტექსტების შესაბამისად ადაპტირებული მთელი რიგი ტრადიციული და ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორიცაა სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები, მარეგულირებელი სისტემები, ფინანსურ ინსტრუმენტები. მხოლოდ ის არ სთავაზობს მათ მზა რეცეპტებს, არამედ აძლევს ზოგად რეკომენდაციებს თუ რას უნდა მოიცავდნენ ისინი და რისთვის არიან საჭირო.
ისტორიული ურბანული ლანდშაფტის გაგებისა და განხორცილებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტრუქტურულ განვითარებას, რაც კულტურული მემკვიდრეობის გარშემო არსებულ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას გულისხმობს ”კვლევის სამიზნე ურბანული დასახლების კომპლექსური შრე უნდა გახდეს, რათა განსაზღვროს ღირებულებები, გაიგოს თუ რას ნიშნავს ისინი ამა თუ იმ ერთობისთვის და წარუდგინოს ისინი მნახველებს ამომწურავი სახით”. კვლევის ვალდებულების საკითხი პირველად 1976 წლის რეკომენდაციამ დააყენა. სისტემატურ კვლევასთან ერთად ეს უკანასკნელი ხელოსნების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ამახვილებს ყურადღებას. 2011 წლის რეკომენდაცია უფრო ზოგად რჩევებს იძლევა. ის გვთავაზობს, რომ კვლევით პროცესში აკადემიური და საუნივერსიტეტოს სამსახურები, ასევე კვლევითი ინსტიტუტები უნდა იყოს ჩართული, რადგან ,,ურბანული ტერიტორიის მდგომარეობისა და მისი ევოლუციის დოკუმენტირება არსებითია ცვლილებათა წინადადებების შეფასების გასაადვილებლად და დაცვითი და მენეჯერული უნარებისა და პროცედურების გასაუმჯობესებლად”. რეკომენდაციის მიხედვით ”წახალისებულ უნდა იქნას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ურბანული ადგილების და მათი შემადგენელი კომპონენტების დოკუმენტაციის, გაგებისა და კომპლექსური შრის წარმოსადგენად”. თუ 1976 წლის დოკუმენტი იკომოსს, იკომსა და რომის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის ცენტრს უწევს რეკომენდაციას, 2011 წლის მიდგომა ასე აღარ კონკრეტდება.
რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც ორივე რეკომენდაციების ბოლო, მეექვსე პუნქტებს წარმოადგენს, 1976 წლის დოკუმენტი წევრ ქვეყნებს საერთაშორისო თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში უნესკო-იკომ-იკომოსის ტრიადას ურჩევს, ხოლო 2011 წლის რეკომენდაციის წარმატებული განხორციელებისათვის არსებითი როლი ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას წევრი ქვეყნების სააგენტოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით,  რაც მისი რწმენით წაახალისებს საკონსერვაციო მეთოდოლოგიების განვითარებას, რომელიც თავის მხრივ გაითვალისწინებს ისტორიული ურბანული ლანდშაფტის მიდგომას და შეათანხმებს მას ურბანული ადგილების შესაფერის ადგილობრივ დამხმარე პროგრამებსა და პროექტებთან.
დაბოლოს, 2011 წლის რეკომენდაციაში შეტანილი ცვლილებების ერთობლიობა მეტ სამოქმედო სივრცეს უტოვებს ისტორიული ურბანული ლანდშაფტის დაცვის სფეროში ჩართულ პროფესიონალებს. მართლაც, მენეჯმენტის, კონსერვაციისა და გეგმარებითი სტრატეგიების ადგილობრივი განვითარების პროცესებთან და ურბანულ გეგმარებასთან ინტეგრირება უფრო მეტს გვპირდება, ვიდრე ერთიანი მიდგომის ხისტი სახელმძღვანელოების შემუშავების მცდელობამ მოგვიტანა.