Wednesday, April 17, 2013

ქსი’ანის დეკლარაცია მემკვიდრეობის ნაგებობათა, ღირსშესანიშნაობათა და არეალთა გარემოს კონსერვაციის შესახებ

თამარ ხოსროშვილი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

 წლის 17-21 ოქტომბერს, ჩინეთის ქალაქ ქსი’ანში ”იკომოს”-ის XV გენერალური ანსამბლეის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ”იკომოს”-ის 40 წლის საზეიმო იუბილეს მიეძღვნა.

ანსამბლეის ფარგლებში მოეწყო საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით – “ძეგლები და ღირშესანიშნაობანი მათ გარემოში – კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია ცვალებად ურბანულ და ლანდშაფტურ გარემოში”. სიმპოზიუმზე მრავალფეროვანი მაგალითები და მოსაზრებანი იყო წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა უწყების, ინტიტუციისა თუ სპეციალისტების გამოცდილებიდან ძეგლთა მოვლასა თუ მენეჯმენტზე.

სწორედ ამ სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მაგალითები თუ მოსაზრებანი იყო ერთ-ერთი ბიძგი დეკლარაციისა, რომელიც ”იკომოს”-ის XV გენერალური ანსამბლეის მონაწილეებმა მიიღეს.

დეკლარაციის შესავალში ჩამოთვლილია ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რაც იქნა მხედველობაში მიღებული ამ კონკრეტული ქარტიის შექმნისას, ესენია: “ვენეციის ქარტია” (1964), ”ნარას დოკუმენტი ავთენტურობის შესახებ” (1994), ”ჰოი ანის დეკლარაცია აზიაში ისტორიული უბნების კონსერვაციის შესახებ” (2003), ”დეკლარაცია ბამის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის შესახებ” (1004), ”სეულის დეკლარაცია აზიის ისტორიული ქალაქებსა და არეალებში ტურიზმის შესახებ” (2005).
ასევე გათვალისწინებულ იქნა ”იუნესკო”-ს რეკომენდაცია ლანდშაფტთა და ღირშესანიშნაობათა მშვენიერებისა და ხასიათის თაობაზე” (1962) ”რეკომენდაციები ისტორიულ არეალთა დაცვისა და თანამედროვე როლის თაობაზე” (1976), ”არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია” (2003), ”მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია” (1972) და ”ვენის მემორანდუმი” (2005).

”ქსი’ანის დეკლარაცია პრინციპებისა და რეკომენდაციებისა”, - წერია დოკუმენტში – მიმართულია სამთავრობათშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, ეროვნული და ადგილობრივი უწყებებისადმი, ყველა ინსტიტიუციისა და სპეციალისტისადმი, ვისაც რაიმე სახით მაინც ხელეწიფება საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაგებობათა, ღიშესანიშნაობათა და არეალთა თავის გარემოში არსებობის უკეთ დაცვასა და კონსერვაციაში.
ამრიგად, ”ქსი’ანის დეკლარაცია”-ში  მთავარი ყურადღება გამახვილებულია გარემოზე, სწორედ მას მიემართება დეკლარაციის რეკომენდაციებისა და პრინციპების თითოეული პუნქტი (დეკლარაცია 13 პუნქტისგან შედგება) გარემოს, რომლის კონტექსტშიც უნდა მოხდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განხილვა, მოვლა-პატრონობა თუ დაცვა-შენარჩუნება.

მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვას “გარემო” (ინგლისურად setting-ს, ფრანგულად contexte) მრავალმხრივი შინაარსობრივი საზრისი აქვს, “გარემოში” ანუ setting-ში ფიზიკური და ვიზუალური ასპექტების გარდა მოიაზრება ურთიერთ-დამოკიდებულება ბუნებრივ გარემოსთან, წარსულის ან აწმყოს სოციალურ ან სულიერ ცხოვრებასთან, ადათ-წესებთან, ტრადიციულ ცოდნასთან, გამოყენებასა და მოღვაწეობასთან, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ასპექტების სხვა ფორმებთან, რომელმაც შექმნა და ახლაც ააყალიბებს გარკვეულ სივრცეს.

სხვადასხვა მასშტაბის მემკვიდრეობის ნეგებობანი, ღირშესანიშნაობანი და არეალები ან დაგეგმარებული სივრცეები, ისტორიული ქალაქები და ურბანული ლანდშაფტები, ლანდშაფტები, ზღვის პანორამები, კულტურული გზები და არქეოლოგიური ძეგლები მნიშნველოვნებას იძენს მათი სოციალური და სულიერი, ისტორიული, მხატვრული, ესთეტიკური, ბუნებრივი, სამეცნიერო ან სხვა კულტურული ღირებულების გამო. მათ მნიშვნელოვნებას ასევე განაპირობებს მათი საზრისისმიერი  კავშირი მათ ფიზიკურ, ვიზუალურ, სულიერ თუ სხვა კულტურულ კონტექსტსა და გარემოსთან.

დეკლარაციაში აღნიშნულია რომ უნდა მოხდეს გარემოს მრავალაფეროვან კონტექსტში გააზრება, ასევე მისი დოკუმენტირება და ინტერპრეტირება, რათა შევძლოთ თავად კულტურული მემკვიდერეობის გარემოში და პარალელურად გარემოში მისი ჩამოყალიბების და ხასიათის წვდომა. ამ ყოველივეს კი მრავალდისციპლინარული და მრავალფეროვანი წყაროების გამოყენება ესაჭიროება. წყაროებში მოიაზრება: ოფიციალური დოკუმენტაცია და არქივები, მხატვრული და სამეცნიერო აღწერები, ზეპირსიტყვიერი გადმოცემები, და ტრადიციული მეხსიერება, ადგილობრივ და ასოცირებულ თემთა ღირებულებები, ხედებისა და პერსპექტივების ანალიზი.
სწორედ კულტურული ტრადიციები, რიტუალები, სულიერი ცხოვრების გამოცდილება ასევე ისტორია, ტოპოგრაფია, და სხვა ფაქტორები ქმნის მატერიალური და არამატერიალური გარემოს სრულ დიაპაზონს. კულტურული გარემოს განსაზღვრებაში ზუსტად უნდა იყოს გადმოცემული გარემოს ხასიათი და ფასეულობანი და მისი მიმართება მემკვიდრეობის ძეგლთან.

დეკლარაციაში წინაა წამოწეული კულტურული გარემოს კონსერვაციისა და მართვის დაგეგმვის უნარების განვითარება. გარემოს მართვის უნარებში იგულისხმება სპეციფიკური საკანონმდებლო ღონისძიებები, პროფესიული თრეინინგები, მრავლისმომცველი კონსერვაციისა და მენეჯმენტის გეგმების ან სისტემების შემუშავება.
მემკვიდრეობის ნაგებობათა, ღირშესანიშნაობათა და არეალების დაცვის, კონსერვაციისა და მართვის კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო დაცვისა და ბუფერული ზონის შექმნას, რომელიც შეინარჩუნებს და ასახავს კულტურული გარემოს მნიშვნელოვნებასა და გამორჩეულ ხასიათს. ეს უნარები უნდა უზრუნველყოფდეს კულტურულ გარემოზე სწრაფი ცვლილებების ზემოქმედების ეფექტურ კონტროლს, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდება აღიკვეთოს შეუსაბამო ვიზუალური და სივრცითი ჩარევა ან მიწის არასწორი გამოყენება კულტურული გარემოს ფარგლებში. ნებისმიერი ახალი ჩარევის შემთხვევაში წინასწარ უნდა მოხდეს იმ ზემოქმედების შეფასება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მემკვიდრეობის ძეგლებსა და მათ გარემომცველ გარემოზე.

არის კიდევ სხვა, ჩვენგან დამოუკიდებელი მოვლენები, მაგალითად ურბანული და სოფლის ლანდშაფტის, ცხოვრების წესის, ეკონომიკის ან ბუნებრივი გარემოს სწრაფი ტრანსფორმაცია, რომელსაც შეუძლია საფუძვლიანი და შეუქცევადი ზეგავლენა მოახდინოს კულტურულ გარემოზე.

აუცილებელია კულტურული გარემოს ასეთი ზემოქმედების მომხდენი ცლილებების მონიტორინგი და მართვა მისი მნიშვნელოვნებისა და გამორჩეული ხასიათის შესანარჩუნებლად.

მონიტორინგმა უნდა განსაზღვროს ისეთი ქმედებები და მიდგომები, რაც დაზიანების, მნიშვნელოვნების დაკარგვის გამოვლენას უზრუნველჰყოფს. მასვე ევალება გაუმჯობესების გზების შეთავაზება.

ასევე, უნდა შემუშავდეს ინდიკატორები, რათა განისაზღვროს კულტურული გარემოს წვლილი მემკვიდრეობის ნაგებობათა, ღირშესანიშნაობათა და არეალთა მიმართებაში.
მონიტორინგის ინდიკატორები უნდა მოიცავდეს ისეთ ფიზიკურ ასპექტებს, როგორიცაა ხედების, სილუეტების ან ღია სივრცეების დამახინჯება, ჰაერის დაბინძურება, ბგერითი დაიბინძურება, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებანი.
და ბოლოს, ძალზე საჭიროა თანამშრომლობა ადგილობრივ, ინტერდისციპლინარულ და საერთაშორისო საზოგადოებასთან – ესაა სწორედ კულტურული გარემოს დაცვის ერთ-ერთი მნიშნველოვანი სტრატეგია. სტადნარტად უნდა იქცეს ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომლის შესაბამისი დარგებია: არქიტექტურა, ურბანული და რეგიონალური დაგეგმარება, ლანდშაფტის დაგეგმარება, საინჟინრო საქმე, ანთროპოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კურატორობა და საარქივო საქმე.

ხელი უნდა შეეწყოს ინსტიტუციებსა და სპეციალისტებთან თანაშრომლობას ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში, რომელნიც კულტურული გარემოს იდენტიფიკაციის, დაცვის, პრეზენტაციისა და ინტერპრეტაციის განუყოფელი ნაწილია.
ასევე ძალზე საჭიროა პროფესიული თრეინინგი, საზოგადოების განათლება და გათვითცნობიერება, რათა ხელი შეეწყოს ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას და ცოდნის გაცვლას და ა.შ. 

მემკვიდრეობის ცალკეულ ნაგებობათა, ღირსშესანიშნაობათა და არეალთა კონსერვაციის გზით მიღებული გამოცდილება, ცოდნა და უნარები უნდა გაფართოვდეს და გავრცელდეს მათი გარემოს მართვაზე. ეკონომიკური რესურსები მემკვიდრეობის გარემოს კონსერვაციისა და მართვის კვლევასა, შეფასებასა და სტრატეგიულ დაგემვაზე უნდა მივმართოთ.

კულტურული გარემოს მნიშვნელოვნების გათვითცნობიერება თავის მრავალფეროვან განზომილებებში საერთო პასუხისმგებლობაა.

შესავალშივე აღინიშნა, რომ ”ქსი’ანის დეკლარაცია” ”იკომოს”-ის 40 წლის საზეიმო იუბილეს ფარგლებში შეიქმნა. ამ 40 წლის მანძილზე მრავალი რამ შეიცვალა მსოფლიოში, შესაბამისად გარკვეული ცვლილებები განიცადა კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულებამაც.

ამ კუთხით, ალბათ მართებულია ”ქსი’ანის დეკლარაცია” ვენეციის ქარტიასთან მიმართებით განვიხილოთ, რაც ნაწილობრივ მაინც დაგვანახვებს ამ ტრანსფორმაციას 1964 წლიდან დღემდე.

როგორც გამოჩნდა, ჩვენს მიერ განხილული დეკლარაცია მთლიანად გარემოს, მის გააზრებას, მოვლას, მართვას, შენარჩუნებას ეხება. “გარემო” 1964 წლის ვენეციის ქარტიაშიცაა ნახსენები, აქაც იგივე ტერმინით – setting: <i>პუნქტი 1 </i>“ისტორიული ძეგლის ცნება მოიცავს როგორც ცალკეულ ნაწარმოებს, ასევე ქალაქისა და სოფლის ლანდშაფტს, რომელიც განსაკუთრებული თვითმყოფი კულტურის დამადასტურებელია.
და პუნქტი 6: “ძეგლის კონსერვაცია ძეგლთან დაკავშირებულ გარემოსაც გულისხმობს...”
როგორც ვხედავთ, 1964 წლის დოკუმენტში სიტყვა გარემოში ქალაქისა და სოფლის ლანდშაფტი მოიაზრება მხოლოდ. უკვე 2005 წლის დეკლარაციაში კი “გარემო” იმ ყოველგვარ მატერიალურსა თუ არამატერიალურს გულისხმობს, რაც წარსულსა თუ აწმყოში, რაიმე კავშირშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან.

ამრიგად, 1964 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად გაფართოვდა სიტყვა “გარემოს” საზრისი კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში,  უპირველესად კი, ცხადია, თავად ამ მრავალისდამტევი გარემოს მნიშვნელოვნება გაიზარდა ამ წლების მანძილზე. გაიზარდა მისი შენარჩუნების, მოვლის საჭიროებაც და როგორც ზემოთ გამოჩნდა, სწორედ ამ ღონისძიებებისკენაა მიმართული დეკლარაციის თითოეული პუნქტი. თუ ვნეციის ქარტიაში წერია რომ: “ძეგლის კონსერვაცია, პირველ ყოვლისა, გვავალებს მის დაცვასა და ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას(<i>პუნქტი 4</i>. უკვე ჩვენს მიერ განხილულ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ნაბიჯები, ღონისძიებები და აქტივობები რაც ამ დაცვასა და ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. მაგ., გარემოს  მართვის დაგეგმვის უნარების განვითარება, რაშიც იგულისხმება სპეციფიკური საკანონმდებლო ღონისძიებები, თრეინინგები, მრავლისმომცველი კონსერვაციისა და მენეჯმენტის გეგმებისა და სისტემების შემუშავება; ასევე ჩვენგან დამოუკიდებელი ზემოქმედების მომხდენი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგის წარმოება და მართვა; ინტრედისციპლინარული მიდგომა ანუ სხვადასხვა დარგის ჩართვა ამ პროცესში: არქიტექტურა, ურბანული და რეგიონალური დაგეგმარება, საინჟინრო საქმე და ა.შ.
ჩვენს მიერ განხილულ დოკუმენტში განსაკუთრებულად აქცენტირებულია მრავალდისციპლინარული და მრავალფეროვანი წყაროების გამოყენების საჭიროება და მნიშვნელოვნება, რათა მოხდეს გარემოს დოკუმენტირება და ინტერპრეტირება კონსერვაციისა თუ რესტავრაციის სწორად წარსამართად. ეს თემა ვენეციის ქარტიის მეორე პუნქტშიცაა ნახსენები მაგრამ ზოგადად: ძეგლთა კონსერვაცია და რესტავრაცია სამეცნიერო დისციპლინაა. იგი იშველიებს ყოველი მეცნიერებისა და ყოველი სპეციალობის ყველა იმ გამოკვლევას, რამაც შეიძლება ხელი შეწყოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის საქმეს(<i>პუნქტი 2</i>. აქ კი უკვე დაწვრილებითაა ჩამოთვილი თითოეული ეს დისციპლინა: ოფიციალური დოკუმენტაცია და არქივები, მხატვრული და სამეცნიერო აღწერები, ზეპირსიტყვიერი გადმოცემები, და ტრადიციული მეხსიერება, ადგილობრივ და ასოცირებულ თემთა ღირებულებები, ხედებისა და პერსპექტივების ანალიზი.

”ვენეციის ქარტიის” და ”ქსი’ანის დეკლარაციის” შედარებისას კიდევ ერთი რამ იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას. 1964 წლის დოკუმენტის მეექვსე პუნქტის დასასრულს წერია: თუ არსებობს ტრადიციული გარემო, იგი უნდა შევინარჩუნოთ და ყოველგვარი ახალი მშენებლობა, ყოველგვარი დაშლა და გადაკეთება რამაც შეიძლება დაამახინჯოს სახე, აკრძალულია.” 2005 წლის ჩვენს მიერ განხილულ დოკუმენტში კი აი, რას ვკითხულობთ: “ნებისმიერი ახალი ჩარევის შემთხვევაში უცილობლად უნდა იქნას მოთხოვნილი მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც გავლენას ახდენს მემკვიდრეობის ნაგებობათა, ღირსშესანიშნაობათა და არეალთა მნიშვნელოვნებასა და მათ გარემოზე... ახალი ჩარევისას უნდა იქნას გათვალისწინებული გარემო, რათა დადებითად განხორციელდეს მისი მნიშვნელოვნებისა და ხასიათისა

ინტერპრეტაცია” (პუნქტი 8). ე.ი. თუ 1964 წლის დასკვნის მიხედვით ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელი იყო, ახლა ჩარევა დასაშვებია, მაგრამ შესაბამისი კვლევების, დასკვნების და რეკომენდაციების საფუძველზე. თუმცა აქვე გასათვალიწინებელია, რომ როგორც აღვნიშნეთ ახლანდელი გაგება გარემოსი გაცილებით ფართოა და მრავლიმომცველი ვიდრე უწინ.

და ბოლოს, ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება რაც ამ 40 მანძილზე გამოიკვეთა – საზოგადოების ჩართულობაა. ”ვენეციის ქარტია”-ში საზოგადოება, საერთოდ არ ფიგურირებს. კულტურული მემკვიდრეობის მოვლაზე პასუხისმგებელი ძირითადად მეცნიერებაა. 2005 წლის ”ქსი’ ანის დოკუმენტში” კი სწორედ საზოგადოება მოიაზრება განსაკუთრებულ ძალად. ადგილობრივი თემის განათლება და საზოგადოების გათვითცნობიერებაა, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, მათი ჩართვაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში.

No comments:

Post a Comment