Monday, June 3, 2013

კრებული: შემოქმედებითობა და ზრუნვა.

ინგლიშ ჰერითიჯი (English Heritage)
თარგმანი: ნათია ნაცვლიშვილი,  თამარ ხოსროშვილი
რედაქტორი: დიმიტრი თუმანიშვილი          
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ფოტოები იხილეთ პრეზენტაციაში: ”შემოქმედებითობა და ზრუნვა” 
შესავალი
 კათედრალები პირველ ყოვლისა ქრისტიანული თაყვანისცემის ადგილებია, რომელნიც ქრისტიანული მისიისა და ლიტურგიისთვის აიგო, თუმცა მათ სხვა როლიც აქვთ. ისინი პილიგრიმობის, ტურისტების მიზიდვის ადგილები, კულტურის ცენტრებია - ფოკუსირებულნი უდიდეს ნაციონალურ ან სამოქალაქო დღესასწაულებზე.
საჭიროა ამ დიდებულმა ეკლესიებმა სხვადასხვა თანამედროვე, მაგალითად საკანონმდებლო მოთხოვნებს უპასუხონ. როგორც საზოგადოებრივი ნაგებობები, კათედრალებიც უნდა მოერგონ კონკრეტულ სტანდარტებს და მიმსვლელთ თანამედროვეობის შესაბამისი პირობები შესთავაზონ.
ამის განოხრციელება ადვილი არაა.
წინამდებარე კრებული აღგვიწერს ზოგიერთი კათედრალის ბოლოდროინდელ ინიციატივებს. შემოქმედებითობის და ზრუნვის ბალანსის დაცვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
არქიეპისკოპისი კენტერბერისა და არქიეპისკოპოსი ვესტმისტერისა.

წარსადგენი გზავნილი
ამ პუბლიკაციიის დაგეგმვის  უმთავრესი მიზანი იყო ჩვენება იმისა, რომ ზოგიერთი ევროპის, მეტიც მსოფლიოს უდიდესი ნაგებობანი შეიძლება გაუჯობესდეს იმ საუკთესოს რესურსებით, რისი შემოთავაზებაც 21-ე საუკუნეს შეუძლია. აქ მკითხველებს საკუთარი თვალით შეუძლიათ ნახონ რომ რომაული და ანგლიკანური ეკლესიის მეურვენი ერთნაირად, არა მხოლოდ წარსულის ბრწყინვალების მცვლენი არიან, არამედ მათ ასევე შეუძლიათ და მზად არიან ხელი შეუწყონ მომავალი დიდების შობასაც. მაგალითად რომაულ-კათოლიკურმა კათედრალმა ლიდსში ტრანსფორმირება არა მხოლოდ ბიუჯეტის ზომის წყალობით განიცადა, არამედ მისი ეპისკოპოსების, მღვდლებისა და არქიტექტორების გემოვნებითა და ხედვით.
ჩვენი მიზანია ამ კრებულით, წავახალისოთ კათედრალის მესვურნი, რათა თავიანთი ნაგებობების მომავლისთვის იფიქრონ თამამ გადაწყვეტილებებზე. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მხოლოდ მცირედი დამატებები იყოს საჭირო ზოგჯერ უფრო მასშტაბური. ერთადერთი რაც CFCE – ს და სხვა ადგილობრივსა თუ სეკლესიო კომისიებს ესაჭიროება მღვდლებისა და კაპიტულისგან ისაა, რომ თავიანთი გეგმები იმის მიხედვით კი არ ცვალონ, რასაც თვლიან რომ გავამართლებთ, არამედ გულწრფელად გვითხრან რისი გაკეთება სურთ.
CFCE  Cathedrals Fabric Comission for Englend  კათედრალების კომისია

 ინგლისის კათედრალებში გასაოცარი რაოდენობის მნიშვნელოვანი პროექტებია დამუშავების პროცესში. სწორედ ამ დიდმა მასშტაბებმა გვიბიძგა ამ კრებულის გამოცემის საჭიროებისაკენ. მადლობას ვუხდით ინგლისის კათედრალების კომისიას (CFCE  Cathedrals Fabric Comission for Englend  რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეობის კომიტეტს ( Patrimony Committee of the Roman Catholic Church) და ყველა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას, აგრეთვე მრავალ კათედრალს და პრაქტიკოს არქიტექტორს, რომელთაც კვლევის პერიოდში თავიანთი დრო დაგვითმეს. ვიმედოვნებთ კრებული გამოადგება ამ ორგანიზაციებს, ასევე კათედრალების პროექტებში ჩართულ ყველა წევრს დაწყებული კაპიტულის წევრებიდან არქიტექტორებით დამთავრებული, გრანტის გამცემ ორგანოებსა თუ ადგილობრივ ავტორიტეტებს, რომელნიც შესაძლოა შემდგომში ჩაერთონ ასეთი პროექტებში.
ჩვენი მიზანი იყო შეგვერჩია განსაკუთრებულად შთამბეჭდავი გადაწყვეტილებები იმ რთული საკითხებისა, რომელიც 21 საუკუნეში კათედრალების წინაშე არსებობს. ეს ადვილი არ იყო. უმეტესობა რაც კი ვნახეთ მაღალი ხარისხის იყო. შეგნებულად ავირიდეთ თავი ,,მოწონებული პროექტების” სრული სიის შექმნას. არც ძალზე მცირე ზომის ინფორმაციის მოწოდება იქნებოდა სწორი. ამიტომ შევარჩიეთ განსხვავებული ნამუშევრები, - კაპიტალური მშენებლობის მაგალითებიც გვაქვს და შედარებით მარტივიც. ასევე ვეცადეთ ნიმუშები განსხვავებული ყოფილიყო, მაგ., ახალი და ძველი, ანგლიკანური და კათოლიკური, დიდი და პატარა კათედრალები.
გარდა ამისა, პროექტების განხილვისას ნაჩვენებია ის პრინციპები, რამაც გახადა ისინი წარმატებულნი. ვიმედოვნებთ მკითხველის ის სასწავლადაც გამოადგება და შთამაგონებლადაც.  მართალია ასეთი მნიშვნელოვან ნაგებობებზე ცვლილების შეტანა არ არის მარტივი, მაგრამ რეალურად შესაძლებელია.
ბარონესა ენდრიუსი, ”ინგლიშ ჰერითიჯ”-ის თავმჯდომარე.

***
კულტურლი მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ჩართული სპეციალისტები დიდი ხანია აღარ უარყოფენ, რომ ისტორიული გარემო და მათში ჩართული ცალკეული ძეგლები ახალი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას. საკულტო ნაგებობები, რომელბიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, დღეს მხოლოდ თაყვანისცემის ადგილი როდია, ისინი ყოვედლღიურად ტურისტთა დიდ ნაკადებსაც უნდა გაუმკლავდნენ და მათი საჭიროებანიც უნდა დააკმყოფილონ. ”ინგლიშ ჰერითიჯ”-ის მიერ განხორცილებული პროექტები, რომელთა წარმატებულ მაგალითებად ჩაითვალა ცალკეულ შემთხვევაში საკამათოც კია, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ბევრი კათედრალი იძულებული გახდა ოცდამეერთე საუკუნის სხვადასხვა მოთხოვნილებებისათვის ეპასუხა. პროექტების უმეტესობა 2006-2009 წლებში განხორციელდა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს ინგლისის კათედრალებში დგას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის თაყვანისცემის ადგილებამდე მისვლის უზრუნველყოფაა. დისკრიმინაციის 1995 წლის აქტი და პასტორთა სურვილი მიიღონ ყველა მსურველი ისტორიულ ადგილებში გარკვეულწილად გამოწვევაა. მისასვლელით უზრუნველყოფის მიღწევა ძველ შენობებში სირთულეებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით პრობლემური იყო ეს საკითხი მაგ. წმ. ოლბანის (St. Alban) კათედრალში, რომლის მთავარ ღირსშესანიშნაობას წმინდანის მეთოთხმეთე საუკუნის შთასასვენებელი წარმოადგენს. შთასასვენებლამდე მისვლა მხოლოდ სამმარშიანი კიბის ავლით იყო შესაძლებელი. ის 1992 წელს დიდი სიფრთხილით აღადგინეს, რის შემდეგაც მან მნახველთა ტალღა მოიზიდა. მათი დიდი ნაწილი როგორც სულიერი, ისე ფიზიკური განკურნების საძიებლად მოდიოდა. კათედრალის მესვეურთ სურთ ეს ფენომენი წაახალისონ. შედეგად, ლიტურგიულმა მსახურებებმა საგრძნობლად იმატა. მნახველთა რაოდენობა კულმინაციას აღწევს წმ. ოლბანის მოლოცვის დღეს, რომელიც ეპარქიის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა სავარძლების ასაწევი ლიფტი, კიბეს აქეთ-იქიდან გაუკეთეს დაბალი, ფრთების მსგავსი კედლები, რომლებიც შირმის ფუნქციას ასრულებს, რათა  დამალოს შემდგომი საფეხურები, როგორც სიარულის შემძლე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის, ისე სავარძლით მოსარგებლეთათვის. სავარძლის პლატფორმის სიღრმე მხოლოდ 20 სანტიმეტრია, რათა არ დააზიანოს საკმაოდ ახლოს არსებული არქეოლოგიურ ფენა. მშენებლობის დაწყებას წინ ურსწრებდა არქეოლოგიურ გათხრები, რომელსაც  კათედრალის არქეოლოგი აწარმოებდა. ლიფტის უხმაურო ძრავა ქვის საფეხურების ქვეშ მოთავსდა. მისი შემდგომი მოვლისათვის ერთ-ერთი ქვა თავისუფლად იხსნება. კათედრალში გაკეთებულ ახალ კონსტრუქციებს არ აქვს პირდაპირი კონტაქტი კაპელის საყრდენ ძველ კედლებთან. შედეგად, შეიქმნა მოდელი ამ ეკლესიის სხვადასხვა ნაწილებში შემდგომი ინსტალაციებისთვის.

მეორე კათედრალი, სადაც ცვლილებებისათვის სტიმულს კვლავ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები წარმოადგენდნენ, ლონდონის წმ. პავლეს კათედრალია (St. Paul). პროექტის ყველაზე მიმზიდველი შედეგი ახალი საჯარო ღია სივრცეა. 2008 წლამდე თვლიანი სავარძლით მოსარგებლებს წმ. პავლეს კათედრალში შესასვლელად სამხრეთ ნავსა და სამხრეთ ტრანსეპტს შორის მდებარე კუთხის არამიმზიდველ კართან უნდა მოეცადათ, ხოლო ბევრი თანამედროვე სავარძლისათვის ლიფტი მეტისმეტად პატარა იყო და ექსპლუატაციის ვადაც გასდიოდა. ბუნებრივია, კარის გამოცვლა მასთან მისასვლელი გზის ცვლილებასაც გულისხმობდა. მთავარი კითხვა, რომელიც კათედრალის მესვეურებს ჰქონდათ ცვლილებების მასშტაბს და ფორმას ეხებოდა. მათ ასევე დიდი ხანია ჰქონდათ სურვილი რაიმე ფორმით ეჩვენებინათ, რომ სერ კრისტოფერ ვრენის მიერ 1669 წელს დაპროექტებულ ეკლესიას წინ უსწრებდა წმ. პავლეს ძველი კათედრალი, რომელიც შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს შენობას წარმოადგენდა. სწორედ ძველი კათედრალის რაღაც ფორმით წარმოჩენის იდეა მოიწონა ლონდონის ქალაქის კორპორაციამ (City Corporation of London) და 3.8 მილიონიანი პროექტი დააფინანსა. სანამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მისასვლელი წარმატებით სრულდებოდა, 2008 წელს ეკლესიის თვალწარმტაცი სამხრეთი ეზო გაიხსნა. ამ ეზოს ქვეშ მდებარეობდა ძველი შენობის საძირკველი. წარმოსაჩენად წმ. პავლეს ძველი კათედრალის კაპიტულის შენობისა და კლუატრის გეგმა შეირჩა. კლუატრი ახლა მცირე ზომის საჯარო სკვერია. კაპიტულის შენობის დიდი რვაკუთხედი მისივე ქვაფენილით მოინიშნა. ამ უკანასკნელის არქიტექტურულ პროფილებს საერთო დიზაინში დახვეწილი და დელიკატური მრუდხაზოვანება შეაქვს. რვაკუთხედისა და კლუატრის კიდეს შორის, ძველი კლუატრის ადგილას კვლავ ბალახით დაფარული მინდორი მოეწყო. მის სიახლოვეს წმ. პავლეს ძველი კათედრალის გეგმაა ნაჩვენები, რომლის კავშირი ამჟამინდელ შენობასთან აშკარაა. ერთ მხარეს დახვეწილი ნიშანთა დაფა სივრცეს განმარტავს, ხოლო დაბალი პანდუსი საშუალებას აძლევს ეტლით მოსარგებლეებს კარამდე მივიდნენ. ქვის სამუშაოები პერბეკის (Purbek) მარმარილოთი გაკეთდა. ეს ინგლისის ყველაზე ცნობილი შუა საუკუნეების ხელობის მიმდევართა მთავარი ახალი ნამუშევარია. მართლაც, დანგრეული კაპიტულის შენობის მნიშვნელოვან ნაწილში ეს მასალა იყო გამოყენებული. გაპრიალების შემდეგ ქვა მუქი, პრიალა და მაღალი ხარისხისაა და შუა საუკუნეების შენობებს ბრწყინვალების ეფექტს სძენს. დღეს ის მშვიდად განისვენებს შესვენებაზე გამოსულ მოქალაქეთა ფეხქვეშ, როგორც სახელოვანი წარსულის მუდმივი მოგონება.

კანონმდებლობამ ბავშვთა დაცვის შესახებ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის აქტმა გაზარდა ცვლილებების აუცილებლობა უელსშიც. კიდევ ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ის რომ დღეში დაახლოებით ხუთი ღონისძიება იმართება უელსში, თითოეულს თავისი მოთხოვნა აქვს, თითოეული განსხვავებულ პუბლიკისთვისაა განკუთვნილი. არადა, კათედრალში არც უსაფრთხო პირობები იყო სკოლის ჯგუფების ვიზიტებისთვის, არც შესასვლელები არსებობდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის, პრობლემა იყო საზოგადოებრივი ტუალეტებიც. კათედრალის მაღაზია და რესტორანი ერთ ნაბიჯზე იყო შუასაუკუნეების კლუატრიდან. ცუდ მდგომარეობაში იყო მგალობეთა სკოლაც. გოგონათა გუნდი რეპეტიციას გადიოდა კაპიტულის შესაკრებელის მიწისქვეშა ოთახში, რომელიც მეორე მხრივ საწყობად ქცეულიყო; ორივე სქესის მგალობელნი აქ იმოსებოდნენ;

გარკვეული დრო დასჭირდა სწორი გადაწყვეტილების  მიღებას. პირველი პროექტი მრავალი კონსულტანტის მიერ უარყოფილ იქნა. ძალზე დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო მოლაპარაკებების დროს კათედრალის მეურვეებთან, პროექტის კონსულტანტებს, ინგლიშ ჰერიტიჯს და ინგლისის კათედრალების კომისიას (Cathedrals Fabric Commission) შორის, რომ მისულიყვნენ სავარაუდო პასუხამდე – შექმნილიყო ისეთი არქიტექტურული გადაწყვეტა, რომელიც დააბალანსებდა ნაგებობის ექსტარაორდინალურ მნიშვნელოვნებას თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებთან და რომელიც შეძლებდა ნებართვის და დაფინანსების მოპოვებას.

უმნიშვნელოვანესი იყო მთელი კომპლექსის და ისტორიის დეტალური ცოდნა.  მაგლითად კათედრალის არქეოლოგმა ვარვიკ როდველმა, ამოქოლილი კარებების მთელ სერიაზე მიუთითა. თითოეულში იყო აღდგენის პოტენციალი. ეს ღიობები შესაძლებლობას ქმნიდა კავშირი დამყარებულიყო  კომპლექსის სხვადასხვა ნაწილებს შორის, რაც ისტორიულიულად არსებულ, თავდაპირველ ფუნქციასაც დაუბრუნებდა თითოეულ ნაწილს. ამ თემის ირგვლივ გამართულმა დისკუსიებმა ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში ჩააყენა.

უპირველესად ყურადღება კათედრალის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მოფარგლულ არეზე გამახვილდა, სადაც საუკუნეების მანძილზე ქვისმთლელთა ეზო მდებარეობდა. შუასაუკუნეების ამოქოლილი ღიობის აღდგენით შესაძლებლი გახდა მისი კვლავ აღმოსავლეთ კლუატრთან და მისი საშულებით მთელს ნაგებობასთან დაკავშირება. ამრიგად ნაგებობათა ორი ჯგუფი შეიქმნა: ერთი - სადგომი საქმეთა მწარმოებლების დეპარტამენტისთვის, მეორე – რომელშიც შედიოდა ასე საჭირო საზოგადოებრივი ტუალეტები, საგანმანათლებლო სივრცე  და გალობის სკოლა. ბოლო ორს, რომელნიც უსაფრთხოდაა განცალკევებული პუბლიკისგან განსაკუთრებით წარმატებული ინტერიერი აქვთ.

ამ ნაგებობების აშენებამ შესაძლებელი გახადა გაწმენდა და დაკონსერვება იმ სივრცეებისა, რომელნიც მანამდე გალობის სკოლის მიერ გამოიყენებოდა: ერთი რიგი კლუატრისა და კაპიტულის შესაკრებლის მიწისქვეშა ოთახისა. მასში მოხვედრა მხოლოდ საკლესიო სამოსლის საცავის გავლით იყო შესაძლებელი, რომელიც ახლაც გამოყენებაში იყო. პრობლემა ისევ და ისევ ამოქოლილი კარით გადაიჭრა, რომელიც დაბალ გათობობის მოწყობილობისთვის განკუთვნილ ოთახში გადიოდა, რომელიც კაპიტულის შესაკრებელსა და ეკლესიას შორის იდგა. გაიცა მისი დანგრევის ნებართვა.
ასევე გაიცა ნებართვა გაკეთებულიყო ღიობი საკურთხევლის ჩრდილოეთ ნავში კაპიტულის შესაკრებელის მიწისქვეშა ოთაში შესასვლელად. აქედან პირველი განსაკუთრებულად მგრძნობიარე საკითხი იყო, მაგრამ მის გარეშე მთელი პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. სარგებელი კი უეჭველია. ამ ადგილზე ხალხისთვის მიწისქვეშა ოთახამდე მისვლის უზრნველსაყოფად კორიდორი გაკეთდა. ახლა, ეს ლამაზი, ოქტაგონალური, თაღოვანი ნაგებობა კათედრალის ერთ-ერთ ეფექტურ ინტერპრეტირებულ არედ წარმოგვიდგება.

კიდევ ერთი, ყველაზე ღირშესანიშნავი ნაწილი პროექტისა ახალი კლუატრია.  კლუატრის ჩრდილოეთი გზიდან მოშორებით, ზუსტად მეცამეტე საუკუნის დასავლეთ ფასადის გასწვრივ, კედლის მიღმა არსებული არე, მრავალი ვიზიტორის მიერ გადაიკვეთებოდა რათა ქალაქიდან ნაგებობაში მოხვედრილიყვნენ. მის შემადგენლობაში შედიოდა დანგრეული შუა საუკუნეების მგალობელთა გუნდის საცხოვრისი შემდგომში მეორღანეების სახლი, და მერი მიჩელის ბაღი 1984-დან. აქ იდგა ალბათ ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული ამოქოლილი კარიბჭე, პილიგრიმების პირტიკი. ეს იყო შუასაუკუნეებში მთავარი შესასვლელი შენობაში.

როდესაც ეკლესიასა და კლუატრს შორის ზღუდეს ღიობი გაუკეთდა ის ახლიდან ტრიუმფალურად გაიხსნა. ადგილი მერი მიჩელის ბაღის გარშემო, გამოყენებულ იქნა როგორც ბაზა ამბიციური ახალი შენობისთვის, პატარა კლოუტრისთვის ვიზიტორთა შესასვლელად. აქ განლაგებულია მისაღები/შეხვედრის ადგილი, კათედრალის გაფართოებული მაღაზია და რესტორანი. მთელს გაყოლებაზე დომინანტურ ტონს ჩამუქებული ფოლადი და მუხის მორები ქმნის. ყველაფერი ბეტონისაა, რათა დაიცვას მიწისქვეშ არსებული ნარჩენები ანგლო-საქსონური კათედრალისა, რომელიც ერთ მეტრზე იმყოფება მიწის ქვემოთ. ახალი კლუატრი უძღვება ვისზიტორებს დასავლეთი შუასაკუუნეების კლუატრისკენ, საიდანაც ისინი უკვე კათედრალის ინტერიერში შედიან, ზუსტად ისევე როგორც მათი წინაპრები მიდიოდნენ.

ილიც, მისი შთამბეჭდავი ოქტოგონით, ძალზე პოპულარული ტურისტებისთვის და თავშეყრისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად ოცდამეერთე საუკუნის მოთხოვნებისთვის ცუდად იყო აღჭურვილი. ჯერ კიდევ 2006 წელს ნაგებობას საზოგადოებრივი ტუალეტი არ ჰქონდა. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა მომსვლელთ.

ინგლისში ერთ ყველაზე თვალწარმტაც მეოთოთხმეტე საუკუნის ნაგებობის ღვთისმშობლის კაპელაში მოხვედრა მიმსვლელს მხოლოდ ერთი, უსახური ჩრდილოეთი ტრანსეპტის კორიდორიდან შეეძლო. მრავალი მომსვლელი საერთოდაც არ შედიოდა იქ. პროცესიებს უწევდათ შემოვლითი, მოუხერხებელი გზით მისვლა. წინათ, ღვთისმშობლის კაპელაში კორიდორის მეშვეობით ხვდებოდნენ, რომელიც კაპელას საკურთხევლის ჩრდილოეთი ნავთან აკავშირებდა. მართალია ეს კორიდორი დიდი ხნის წინ განადგურდა და საფლავებით დაიფარა, მაგრამ მისი ადგილმდებარეობა მონიშნული იყო მორთული კარიბჭით, რომელიც საკურთხევლის ჩრდილოეთ ნავში იდგა.

კათედრალის არქეოლოგის ფილიბ დიქსონის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა საპროცესიო გზა. საბედნიეროდ აღარ გახდა საჭირო ახლის გამოგონება. შეიქმნა კირქვით ნაგები და მუხის მორებით გადახურული შუშაბანდიანი მარტივი ფორმის დერეფანი. ეს საპროცესიო გზა რეფორმაციის შემდგომ კათედრალზე პირველი სტრუქტურული დამატებაა. დიდწილად მისი იერი კათედრალის ძველი კლუატრის მიხედვით შეიქმნა, მაგრამ თანამედროვე ინტერპრეტაციით. საფლავები, რომლებიც ამოღებულ იქნა მშენებლობის დროს, ახლიდან დაუბრუნეს მიწას და იატაკზე მემორიალური დაფები გაკეთეს. ახალი გასასვლელის უკან საპირფარეშოებია ჩადგმული, ასევე სამზარეულო/დასასვენებელი კათედრალში მომუშავეთათვის.

შემდგომი საკითხი, რომელსაც ინგლისის კათედრალებში დიდი ყურადღება ექცევა ძველი ხელობების შენარჩუნება/აღდგენაა. თანამედროვე სარესტავრაციო სამუშაოებს მცოდნე და გაწაფული ხელოსნები ესაჭიროება, ამისთვის კი ცოდნის კერების შექმნა და სპეციალობების პოპულარიზაციაა აუცილებელი. მსგავსი პრობლების გადაჭრას ემსახურებოდა იორკ მინსტერის ბედერნის კაპელის პროექტი (York Minster, Bedern Glazier’s Studio). ეს სამლოცველო ესთეტიკური მიმზიდველობით არ გამოირჩევა. პროექტის ღირებულება ალბათ არ აღემატება საშუალო სახლის გაფართოების ხარჯებს, თუმცა ის საშუალებას გვაძლევს მივუახლოვდეთ ხელობის ძვირფას და მომაჯადოვებელ უნარებს და ხელახალი სული ჩავბეროთ მინსტერის თითქმის მივიწყებულ ტერიტორიას. კაპელა მეთოთხმეტე საუკუნის ნაგებობაა. ოდესღაც ის მინსტერის ვიკარის გუნდის ღვთისმსახურების ადგილი იყო. მომდევნო საუკუნეებში მისი ისტორია გასახარი ნამდვილად არ ყოფილა: 1960-იან წლებში ის დანგრევის პირას იყო და ბეტონის სახურავი და საყრდენი სვეტები შეიძინა. ბოლო დრომდე იქ მინსტერის ხელოსანთა ქვის საწყობი მდებარეობდა.

2006 წელს მინსტერის დიდი აღმოსავლეთ სარკმლის კონსერვაციის მოლოდინში იორკის მინის ოსტატთა შუამავალმა კომპანიამ მოიგო მემკვიდრეობის ლატარიის ფონდის შეთავაზება, რაც სხვა რაღაცეებთან ერთად, საშუალებას მისცემდა ოსტატებს შეექმნათ თავისუფალი სივრცე, სადაც საზოგადოების წევრებს საშუალება ექნებოდათ თვალი ედევნებინათ ფერადი მინის კონსერვაციის პროცესისათვის. ამან ბედერნის კაპელას ახალი სიცოცხლე შთაბერა. შემხვედრი დაფინანსება წამოვიდა მინსტერის უნივერსიტეტის დეკანისა და სტუდენტური საძმოს ფილიალისგან.
2009 წელს გახსნილი შენობა წყალგაუმტარი და თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილია. გაკეთდა დაკიდული ჭერი და ახალი იატაკი. ადგილობრივი საგამოფენო კომპანიის EPS-ის დახმარებით პერსონალს ტურისტული ჯგუფებისაგან მინისა და ალუმინის თხელი ეკრანი აშორებს. შიდა კამერები საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევს ახლოდან დააკვირდნენ მუშაობის პროცესს. ყველა ეს ჩარევა შექცევადია, მათ სიცოცხლე და მნიშვნელოვნება დაუბრუნეს ქალქის ცენტრის მივიწყებულ კუთხეს და დამაინტრიგებელ და ძველ შენობას. მათ ასევე შექმნეს სასიამოვნო და მიმზიდველი სამუშაო სივრცე და მიმდებარე დასათვალიერებელი ტერიტორია.

ქვის მთლეთა ოსტატობის შენარჩუნებას ემსახურება ლინკოლნის კათედრალში განხორციელებული პროექტი. კათედრალები მთელ რიგ ტრადიციულ ხელოსნობაზეა დამოკიდებული და ძირითად როლს ასრულებენ ამ ოსტატობების ცოცხლად შენარჩუნებაში. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვისმთლელთა სახელოსნოების შენარჩუნება. ოსტატები იყენებენ მეთოდებს, რომლებიც დიდად არ შეცვლილა შუა საუკუნეების შემდეგ, ფაქიზი ნაკვეთი სამუშაო შესრულებულია ქვის სათლელი მანქანის გამოყენების გარეშე. კათედრალების მხრიდან დახმარების გარეშე დაიკარგება მაღალი ტექნიკური დონის ხელობანი და მათ შორის ბევრი ისტორიული შენობაც.
რვა კათედრალია ჩართული ქვისმთლელთა სახელოსნოების შენარჩუნებაში. მხოლოდ ლინკოლნის კათედრალი რვა ხელოსანსა და შეგირდს ასაქმებს. ეს სამუშაო დიდ გარჯას ითხოვს და გულისხმობს ოთხწლიან საწვრთნელ პერიოდს, ვიდრე ვინმეს ნებას დართავენ დამოუკიდებლად გამოკვეთოს პროფილი, მაგრამ უფრო შემოქმედებითი ჩარევებიც ხშირად საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრიფონები და სხვა გროტესკული ქანდაკებები ძალიანაა კოროზირებული.

ქანდაკებების ჩანაცვლების საქმე ფაქიზ ბალანსს საჭიროებს. ერთი მხრივ, მეტისმეტად ისტორიული მიდგომის შედეგად შესაძლოა ძველისგან ძნელად გასარჩევი ახალი ძეგლი მივიღოთ. მეორე მხრივ, მეტისმეტად თანამედროვე ნაკეთობა შეუსაბამოა კათედრალისთვის. ლინკოლნში პოლიტიკა ხელს უწყობს შენარჩუნებულ იქნას დიზაინი, რომელიც არქიტეტურის პერიოდს ასახავს, შთაგონებას ქრისტიანული სიმბოლიკიდან იღებს და ამავდროულად თანამედროვეცაა. ასეთ დეტალებს მნახველები ყველაზე მეტად მიიჩნევენ მიმზიდველად. ლინკოლნში ანგელოზთა საკურთხეველში გამოსახული ლინკოლნური ჭინკების (Imp),  მეცამეტე საუკუნისათვის დამახასიათებელი ქანდაკებების პოპულარობა მრავლისმეტყველია. კათედრალის მაღაზიაში ყოველწლიურად ასობით ჭინკის სუვენირი იყიდება. დღეს ჭინკას ოცდამეერთე საუკუნის დრაკონის სახით კონკურენტი გამოუჩნდა. ის მაიკლ ტაკერის, ლინკოლნის ქვისმთლელთა სახელოსნოს წარმომადგენლის, ნაკეთობათა სერიიდანაა. მან სამხრეთ-აღმოსავლეთ ტრანსეპტის გარე კედელზე ქანდაკებების გამოქარული ნარჩენები ჩაანაცვლა. ტაკერმა დრაკონის მონახაზი წინა ქანდაკებიდან აიღო. მისი მიმზიდველი დიზაინი შემოსავლის წყარო გახდა. დრაკონი თავის ადგილზე დამაგრებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში კათედრალში იყო გამოფენილი და მისგან მაღალი ხარისხის ასლები გააკეთეს და გასაყიდად გამოიტანეს.
ამასობაში ყველანაირი ძალისხმევა ტრადიციული ქვისხელოსნობის ხელშეწყობისკენაა მიმართული. 2006 წელს გამოყოფილი კათედრალების სახელოსნოების სტიპენდიის საშუალებით რვა ქვისმთლელთა სახელოსნო ხელს უწყობს ხელოსნობის შესწავლას და ანვითარებს ახალ აკრედიტირებულ პროგრამას ახალგაზრდა ქვისმთლელთათვის, რომელთაც, იმედია, რომ პროფესიული ხარისხი მიენიჭებათ. მსგავსი წამოწყებები არსებითია შესანარჩუნებლად მთელი რიგი ხელოსნური დარგებისა, რომლებზეც კათედრალები არის დამოკიდებული.

ინგლისისათვის ტრადიციული ხელობების გვერდით ყურადღება ექცევა ათვისებას ისეთი ხელობებისა, რომელთაც დიდი ხნის ისტორია არ აქვს ქვეყანაში. ასეთია, მაგალითად, მოზაიკა. 1895 წელს ჯონ ფრენსის ბენტლის მიერ ბიზანტიურ სტილში აგებული ვესტმინსტერის უზარმაზარი კათედრალის ინეტრიერი არ უნდა ყოფილიყო პირქუში და ბნელი. ბენტლის მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს დაესრულებინათ მისი ჩანაფიქრი: დროთა განმავლობაში შეევსოთ შენობის ზედა სივრცე მოზაიკით. ეს ამბიციური პროექტია, რომელშიც გასაოცარი ოსტატები არიან ჩართული და რომლის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

ყველაზე ახალი გამოსახლულებები კარდინალ ნიუმენისა და წმ. ფრანჩესკოს ეკუთვნის. ნიუმენის მოზაიკა, რომელიც ტომ ფილიპსმა შექმნა 2008 წელს დაამონტაჟეს. ნიუმენი იმ დროისთვის ნეტარად შერიცხვის კანდიდატი გახდა. მისი გამოსახულება ავტორის მიერ 2003 წელს ,,გერონტიუსის სიზმრის” თემაზე შექმნილი კალიგრაფიული მოზაიკის სიახლოვესაა მოთავსებული. ეს მოზაიკური გამოსახულებები დიდებით მოსავს თანამედროვე ინგლისის ყველაზე მნიშვნელოვან კათოლიკეებს და მიუთითებს კათედრალის და მისი საგუნდო სამუსიკო სკოლის როლზე, როგორც მუსიკის განვითარების ხელშემწყობსა და პატრონზე.

მეტად პირად ისტორიას უსვამს ხაზს წმ. ფრანჩესკოს მოზაიკა, შესრულებული ლეონარდ მაკკომბის მიერ. ის წმ. ანტონის გამოსახულებასთან ერთად წყვილს ქმნის ეკლესიის დასავლეთ კიდეში. ეს მოზაიკები უკვდავყოფს კათედრალთან მჭიდროდ დაკავშირებულ ორ ძმას _ ენტონსა და ფრენსის ბარტლეტებს. მოზაიკის შექმნა მათ მიერ დატოვებული მემკვიდრეობით დაფინანსდა. სხვა ყველაზე ახალი ინსტალაციები წმ. იოსების კაპელის ხელახლა მორთვა და წმინდა ოჯახის მოზაიკაა, შესრულებული კრისტოფერ ჰობსის მიერ 2006 წელს.

ამჟამად იგეგმება წმ. გიორგის და წმ. პატრიკის კაპელების მორთვა. მათი დიზაინი მოწონებულია კათედრალის ხელოვნებისა და არქიტექტურული კომიტეტის, ვესტმინსტერის  არქიეპისკოპოსის და ისტორიული ეკლესიების კომიტეტის მიერ.
ამ არქიტექტურული ნამუშევრების შესანიშნავი სერია გამოხატავს პატივისცემას თავად კათედრალის ბიზანტიური ხელოვნების და ხელოსნობის ტრადიციების მიმართ. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა გარკვეული სტილისტური მიდგომების შემუშავება. ვესტმინსტერში პროექტი ნერგავს ხელოვნების ექსპლუატაციაში შეყვანის გაგრძელებად პროგრამას. მართლაც, პროცესში ბრიტანეთის მოზაიკური ოსტატობის მინიატურულ ისტორიას ჩაეყარა საფუძველი.

შემდეგი პროექტი ისეთი ტექნიკური პრობლემების მოგვარებას ეხება, როგორიცაა ძეგლის უსაფრთხოების დაცვა. უინჩესტერის კათედრალის შემთხვევაში ეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამართვა იყო. ხანძრის შემთხვევაში, სახურავის სივრცე დიდი კათედრალების აქილევსის ქუსლს წარმოადგენს. ისინი ხშირად მნახველებს ძველ სადურგლო ხელოვნებას ჩინებულად წარმოუჩენს, მაგრამ თუ ნაპერწკალი გაჩნდება ხანძარი სწრაფად გავრცელდება და შენობის ზედა ნაწილს მნიშვნელოვან ზიანს მოუტონს. ამის დამანგრეველი შედეგების ბევრი ისტორიული მაგალითი ვიცით. ბევრი კათედრალი ,,კოშკების ტურის” სახით ტურისტებს საშუალებას აძლევს მოინახულონ დიდებული სახურავები. უინჩესტერის კათედრალის დიდი ნავის გადახურვა მთელს ევროპაში დაუვიწყარ სანახაობათაგანია.

საბედნიეროდ, არსებობს პოტენციური შესაძლებლობები ასეთი შენობების მდგრადობის გასაძლიერებლად. მაგალითად ტრანსეპტისა და მთავარი ნავის შეჯვარედინება ქმნის ჩაშენებულ ბარიერს პოტენციური ცეცხლისათვის, ისევე როგორც ხვეულ კიბეზე გასასვლელი ღიობები. ეფექტური ელექტორნული დეტეტექტირების სისტემებთან კომბინაციით მძლავრი სახანძრო კარების დამონტაჟება ამ კუთხით პრევნციულ სისტემას ქმნის, მინიმუმამდე დაჰყავს რა ჰაერის მოძრაობა და ამცირებს ალის გავრცელებას. უინჩესტერში 1991-2008 წლებში 13 სახანძრო კარი დამონტაჟდა ღიობებში, რომლებიც კათედრალის სახურავის სივრცეში გადის. ლოკაციების არჩევანი იმაზე მიუთითებს, რომ სახურავის სივრცე არ არის დანაწევრებული უსახურ ცეცხლსაწინააღმდეგო განყოფილებებად, თუმცა ის მაინც ერთგვარი ვიზუალური გამოწვევაა თავად კარის მხატვრული გადაწყვეტის მხრივ. იმავე პროგრამის ფარგლებში ეკლესიის ზედა ნაწილებში ორ ადგილას ე. წ. მშრალი სახანძრო მილი დამონტაჟდა, მისასვლელი გზები გამაგრდა და განახლდა სხვადასხვა ნაწილებში. კარებს გაუკეთდა გაუშალაშინებელი ჩარჩოები, რომელსაც ერთ მხარეს 6 მმ-ი სისქის არაწვადი ფიცარი გადაეკრა და ორივე მხარეს დასრულდა 19 მმ-იანი მუხის ფიცრებით.  კარები ჩამოკიდებულია მუხის ჩარჩოზე, რომელსაც აქვს კვამლის იზოლატორი და გამაგრილებლები. კარები მორგებულია სხვადასხვა ზომის ღიობებს, რომელთაგან ზოგიერთი მეთერთმეტე საუკუნისაა და თითოეული მათგანის იერი ისე შემუშავდა, რომ ღიობის ხასიათი გაითვალისწინა. ეს იყო ძალიან საჭირბოროტო პრობლემის აკურატული გადაწყვეტა.

ინგლისურ კათედრალებში ტექნიკური პრობლემების გვერდით მივიწყებული წმინდანების ხელახალი პოპულარიზაციის საკითხიც დგას. სწორედ ეს მიზანი ჰქონდა ჰერეფორდის კათედრალის პროექტს, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ ინგლისელი წმინდანები ადვილად მიივიწყეს მიუხედავად იმისა, რომ რეფორმაციამდე ანგლიკანური კათედრალები მნიშვნელოვანი კულტების ცენტრს წარმოადგენდა. ჰერეფორდში 2007-8 წლებში გაკეთებული მხატვრული ნაწარმოებების სერიის მიზანი იყო ეკლესიასთან დაკავშირებული სამი წმინდანის ღვაწლის ჩვენება და მათი თაყვანისცემა.

მეთხუთმეტე საუკუნის ოდლის კაპელაში შთამბეჭდავი ახალი სარკმლები დიდებით მოსავს მეჩვიდმეტე საუკუნის პოეტსა და მისტიკოსს, ჰერფორდშირელ თომას ტრაჰერნს. ტომ დენის მიერ შესრულებული ვიტრაჟი პასუხობს სათუთად შერჩეულ ტრაჰერნის ფრაზების რიგს და გვაუწყებს მის ღვთისმოშიშობასა და ადგილობრივი მიდამოს ღრმა სიყვარულს. სარკმლები ძვირფასეულობის შესანახი კოლოფის ეფექტს ქმნის. ამ ერთი ციდა სამლოცველო კაპელაში ქადაგებები წარმოითქმის ყოველ სამების დღეს, როგორც თომას ტრაჰერნის ფესტივალის ნაწილი, ხოლო ჟამისწირვა რეგულარულად აღევლინება. მნახველები კაპელასა და მის სარკმლებს პირადი ლოცვისთვის იყენებენ.
ტრაჰერნის სარკმელი, მისი პოსტ-რეფორმაციული თემითა და მჭვრეტელობითი ფუნქციით, თანამედროვე მხატვრული გამომასახველობისთვის სახასიათო სტილის ნიმუშია; სხვა ორი ინსტალაცია თანმიმდევრულად განიზრახავს აღძრას მოგონებები ჰერეფორდის შუა საუკუნეების წმინდანებსა და ძველ ესთეტიკაზე. შუა საუკუნეების ჰერეფორდის მთავარი წმინდანი იყო თომას კენტილუპი. მისი ძველი სამლოცველო ჩრდილოეთ ტრანსეპტში, უწინ მივიწყებული, დღეს მნიშვნელოვანი ლიტურგიული ქმედების ცენტრია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვთა პილიგრიმობაში და ქომაგი ესაჭიროება. განახლებული სამლოცველო ცხოვრების ნამდვილ შუასაუკუნოვან დონესა და ელფერს ავლენს. 

სამლოცველოს ახალი კაშკაშა საჩრდილობელი ორიგინალი სტრუქტურის შთაბეჭდილებას სტოვებს; სხვა ლიტურგიული ნივთები შეიცავს ახალ ხატს, ახალ საკურთხეველს და ორ დიდი ზომის ტილოს პანელს. ეს ნამუშევრები გვახსენებს წარსულს და, იმავდროულად, გვაწვდის ინფორმაციას თავად კენტილუპის შესახებ. ისინი მოპატიჟებასაც გულისხმობს _ ფეხდაფეხ მივყვეთ შუა საუკუნეების პილიგრიმების ნაკვალევს. გზად ჩრდილოეთ ტრანსეპტში კენტილუპსა და ტრაჰერნის სარკმლებს შორის მთავარი ტრაპეზის უკანა სივრცეში მოსჩანს სვეტზე გარსშემორტყმული ხის რვაკუთხა ნაგებობა. ეს არის ახალი წმინდა ადგილი, რომელიც მერვე საუკუნის მეფე ედელბერტის ისტორიას გვიყვება და ორიგინალის სავარაუდო ადგილის სიახლოვეს დგას.

აქაც ახალი ლიტურგიული ცენტრის შექმნით შენობის ბნელ ადგილს შუქი მოეფინა. ლოცვები აქ ყოველკვირეულად წარმოითქმის. მართლაც, წლიური საეპარქიო პილიგრიმული საღამოების სერია სამ ადგილს აერთიანებს. პროექტის მიზანია სიტყვიერი და მეტაფორული განმარტება: რათა მშვიდად შეიქმნას ახალი პილიგრიმული მარშრუტი, ხელახლა გაცოცხლდეს ტრადიცია, რომლის ზოგად ინგლისური და ადგილობრივი განზომილებები ახლა მივიწყებულია.
ოცდამეერთე საუკუნის ქმნილებაა სელსბერის ემბაზიც,  რომელიც უახლესი, და უშესანიშნავესი პასუხია არსებულ შემოქმედებით გამოწვევაზე. აქ მცდელობაა თეოლოგიურის, პოეტურის და ფუქციურის ერთ მთლიანობად ხორცშესხმისა.
მისი წინამორბედი იყო დაახლოებით 1850 წლის ნეო-გოთიკური ქმნილება, რომელიც ტრანსეპტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა და იმ დროის პროდუქტი იყო, როცა ოჯახებით ინათლებოდნენ, და საიდუმლო მხოლოდ ახლადდაბადებულებზე აღესრულებოდა. დღესდღეობით მიიჩნევა, რომ ეს მომენტი შესაძლოა იზეიმებოდეს მრევლის წინაშე; რომ ემბაზი შესაძლოა იდგეს მთავარი კარიბჭის სიახლოვეს; რომ მათში შესაძლებელია ნათლობა სრული შთაფლვით. აქ ხომ ისეთებიც მოდიან მოსანათლათ, რომელთათვისაც ცერემონია - ნიშანი მათი გარდაქმნისა ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. სელსბერიში, 1998 წელს, კომისიის მიერ, ჩდილოეთ კართან, კათედრალის დასავლეთ ბოლოში ახალი ემბაზის დადგმა გადაწყდა.

ნათლობა გაჯერებულია სხვადასხვა მნიშვნელობებით, რომელთაც სელსბერის ახალი ემბაზი მაშინაც კი ხილულს ხდის როცა მასში ეს საიდუმლო არ აღესრულება. ყოველივე განუწყვეტლივ შეიგრძნობა წყლით. სითხე ზედაპირზე უძრავად მოჩანს და ამასთანავე ირეკლავს მის გარშემო არსებულ არქიტექტურას,  თან კი განუწყვეტლივ გადმოედინება ემბაზის ოთხივ კუთხეში არსებული პირიდან. ეს კომბინაცია მოძრაობისა და უძრაობისა ვილიამ პაი-ს გამოგონება, რომელიც ამგვარ ნამუშევრებს პირთამდე სავსე თასს უწოდებს. დიზაინი ჩამოიქნა საპილოტე პროექტების მთელი სერიების შემდგომ, როემელიც იდგმებოდა კათედრალში 2001 წლიდან მოყოლებული. საბოლოო რეზულტატი 750 წლის თავზე კათედრალის კურთხევიდან, არქიეპისკოპოს როუან ვილიამსის მიერ 2008 წლის სექტემბერში იკურთხა.

ნებართვის პროცესი ფიკუსირებული იყო ერთი მხრივ არქეოლოგიურ გამოწვევებზე, მეორე მხრივ ესთეტიკურზე. საკითხი მოითხოვდა იატაკის აყრას ჰიდრავლიკური მოწყობილობის, ელექტრონული გაყვანილობების განსათავსებლად ემბაზის მუშაობის უზრუნველსაყოფად.

ემბაზი არანაკლებ სამი მეტრი სიგანისაა, და იტევს 1 300 ლიტრ წყალს. მისი იერი კათედრალის არქიტექტურის მრავალ ესთეტიკურ თემას იკრებს. მუდმივმოძრავი წყალი კი შთამბეჭდავად არსებობს მეცამეტე საუკუნის ეკლესიის გულში.
ახალი ტრაპეზი გაკეთდა ლიჩფილდის კათრდრალში. ეს კათედრალი აგერ უკვე რამდენი ხანია დიდ როლს თამაშობს ადგილობრივ კულტურულ ცხოვრებაში, მაგალითად ყოველწლიურ ლიჩფილდის დღესასწაულზე. მაგრამ მისი ტრაპეზის უწინდელი პლატფორმა დიდ დაბრკოლებას ქმნიდა ნაგებობის ამ ნაწილის გამოყენებისას.

ეს ნაწილობარივ კათედრალის აკუსტიკას ეხება. საქმე ისაა, რომ საორკესტრო მუსიკის ხმა საგრძნობლად უკეთესი ხდება, როცა გუნდი დასავლეთი კედლის საწინააღმდეგო მხარესაა განლაგდებული. ასეთი სიტუაციებში არსებული საკურთხევლი დასაჯდომი სივრცის მოცულობას 20 პროცენტით ამცირებდა.

ამ საკითხის მოსაგვარებლად კამათი ბევრი წლის წინ დაიწყო. საჭირო იყო ისეთი საკურთხეველი, რომელიც მუდამ იარსებებდა, მაგრამ მისი გადაადგილებაც შესაძლებელი იქნებოდა საჭიროების შემთხვევაში. განსაკუთრებულ პრობლემად არქეოლოგიური ფენა გამოიკვეთა, რომელიც  ზუსტად დასავლეთი არეს გადაკვეთაზე მდებარეობდა და სავარაუდოდ ანგლო-საქსურ და ნორმანდიულ ნაგებობათა ნაწილებს შეცავდა.

კათედრალის არქეოლოგი ვარვიკ როდველი დაეხმარა კათედრალის მეურვეებს დაერწმუნებინა  CFCE  (კათედრალების კომისია) და სხვანი გათხრების მართეულობაში, იმასაც დაპირდა რომ რაიმე დაბრკოლების შემთხვევაში შეწყვეტდა გათხრებს.
სამუშაოები 2004 წელს დასრულდა. შეიქმნა პლატფორმა რომლის გაწევ-გამოწევაცაა შესაძლებელი. შეიცვალა ტრაპეზიც, რომელზეც ხეში ნაკვეთი სიცოცხლის ხეა გამოსახული.

არქეოლოგიამ კი ცნობილი ლიჩფილდის ანგელოზი გამოავლინა  - სავარაუდოდ ნაწილი წმ. ჩადის  სამლოცველოსი და ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ანგლო-საქსური ქვისმკვეთელობისა რაც კი ამჟამად მოგვეპოვება. ეს ყოველივე კი შესაძლებელი მიწისქვეშა მოწყობილობის დაყენებამ გახადა.

ნორვიჩის სასადილო და სასტუმრო ბოლო წლებში ინგლისურ კათედრალებში განხორციელებული პროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და თამამია. მათი დამუშავება კი უკიდურესად თანამედროვე, მიუხედავად იმისა რომ ისინი ძველ კედლებშია ამოზრდილი. თითეულმა მათგანმა მიიღო შუა საუკუნეების დანგრეული შენობის ფუნქცია და იგი ოცდამეერთე საუკუნის შესაბამისად გადაასხვაფერა. პროექტი მთლიანობაში გარდაქმნის შუასაუკუნოვან ღია ეზოს ძირითად წრიულ მარშრუტად კათედრალსა და მის მოსაზღვრე ნაგებობებს შორის, ასახავს რა თითოეულის აშენების მიზანს. ახალი შენობების ადგილმდებარეობა, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა, მიემართება ღია ეზოს სიგრძივ და რომანული ხანის ევროპის უდიდესი ეკლესია ზუსტად მათ უკან აღიმართება.

რეფორმაციამდე, ეს კათედრალი ბენედიქტიანელი ბერების სამყოფელი იყო. მეთორმეტე საუკუნის სატრაპეზოს ნანგრევებს ფლეთილი ქვის კედლებითა და მათი უხვად დამანაწევრებელი თაღნარით, ღია ეზოს სამხრეთ მხარის მოზრდილი მონაკვეთი ეკავა. დღეს ახალი სატრაპეზო-რესტორანი ოდესღაც აქ მობინადრე ბერების ნაცვლად კათედრალის მნახველებს კვებავს. ის უზრუნველყოფს კათედრალის შიგნიდან საზოგადოებრივ საპირფარეშოებამდე დაცულ მისადგომს და ასევე შესაძლებელყოფს თეოლოგიური ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა-გაფართოებას ღია ეზოს სამხრეთ ნაწილის გასასვლელის თავზე. მიმზიდველი, ჰაეროვანი შენობა რესტორანს ძველ კედლებში ათავსებს და თან ზედმეტაც არ ტვირთავს მათ. ლამინირებული მუხის თხელი სვეტების ორი რიგის მეშვეობით რესტორნის სიმძიმე მიწაზე გადადის. თითეული სვეტიდან გამოდის მუხის ღეროები, რომელსაც განიერი ორფერდა სახურავი უჭირავს. ამ სვეტების ხაზის გასწვრივ ხეში მოქცეული პირველი სართულია, რომელიც საპირფარეშოებს, სამზარეულოებსა და შენობის მომსახურეობის ფუნქციის მქონე ოთახებს შეიცავს. ის თავის მხრივ იჭერს სატრაპეზოს რესტორნის გამჭვირვალე ღია სივრცეს. კიბის უჯრედი და ლიფტი ორივე ბოლოშია. მუხის ბოძებსა და ძველ კელდებს შორის დატოვებული გასაძრომი გამოსადეგარ გვერდით დერეფნებს ქმნის.

მეთორმეტე საუკუნის კედლები აშენდა და გასწორდა კირქვის ყორეთი და არა ქვიშაქვით, რათა შენობის ძველი და ახალი სამშენებლო ეტაპები თვალნათელი ყოფილიყო. მუხის ცხაურებიანი სარკმლები ძველ კედლებს თანამედროვე სახურავთან აკავშირებს. ახალი ნაწარმოების ფერადოვნებას მუხა, უჟანგავი და შეღებილი რბილი ფოლადი ქმნის.

მსგავსი მიდგომა იქნა გამოყენებული სასტუმროს მიმართაც, რომელიც ღია ეზოს ჩრდილოეთ ნაწილის გასწვრივ დგას. ბერების ეს ,,სტუმართმოყვარეობის ფრთა” გადაკეთდა განათლებისადმი მიძღვნილ სივრცედ, მათ შორისაა მრევლის განკარგულებაში მყოფი მოზრდილი ტერიტორია და გალობის ახალი სკოლა. კლუატრის ზედა დონე აქაც გაწმენდილი და განახლებულია. ის შეიცავს საპირფარეშოებს, მნახევლთა ჯგუფების მოსასვენებელ ადგილს და საეკლესიო სამოსის საცავს სამღვდელოებისა და საეკლესიო გუნდის წევრებისათვის. სატრაპეზოსგან განსხვავებით, სასტუმროს ადგილზე მცირე რაოდენობის ნაშთები იყო დარჩენილი. გათხრებმა, რომელსაც კათედრალის არქეოლოგი უწევდა ზედამხედველობას, დააზუსტა საძირკვლები, რომელთაც ახალი შენობა ეფუძნება და შუა საუკუნეებიდან შემორჩენილ ერთადერთ კარს შემოსაზღვრავს. ეს კარი (სავარდაუდოდ მას ეს ფუნქცია უნდა ჰქონოდა თავდაპირველადაც) კათედრალის კომპლექსში მოსახვედრ მთავრ შესასვლელად გადაიქცევა. შედეგად, სასტუმრო მთელი სიგრძე-სიგანით იკავებს თავის წინამორბედს და მასში შესასვლელი მოწყობილია ცენტრში და არა ბოლოებში. შენობის ფუქნციური არეები ცენტრის ორივე მხარეს არის ამოზრდილი, მაშინ როცა მუხის სვეტები, საბჯენი ღეროები და მაღლა გაჭრილი ცხაურებიანი სარკმლები სინათლესა და მშვიდ დრამატულობას უბრუნებენ სივრცეს. სასტუმროდან კათედრალში მოხვედრა მეზობელი სალაპარაკო ოთახიდან არის შესაძლებელი. ეს შუა საუკუნეების შენობა კათედრალისა და მისი ისტორიის განმარტებას დაეთმობა. 1970-იანი წლების საპირფარეშო განყოფილება დაანგრიეს და შენობის ძველი გარე კედელი გამოაჩინეს. როგორც ამ პროექტის ნაწილი, გარკვეული კამათის შემდეგ, ნება იქნა დართული შენობის შუასაუკუნოვან ქსოვილში სამი ცლილების შეტანაზე. გაკეთდა ორი ახალი კარი, რომლებიც ძველ სალაპარაკო ოთახსა და კლუატრის ზედა დონეს ახალ სასტუმროსა და საეკლესიო გუნდის სკოლასთან აკავშირებს. აღებულ იქნა მეთორმეტე საუკუნის ცალკე მდგომი სვეტი თაღნარისა, რომელიც გარს უვლის კათედრალის ინტერიერს, რათა გაედიდებინათ 1970-იანი წლების კარი, რომლის მეშვეობითაც საკათედრო ტაძარამდე მისვლა შესაძლებელი იქნება სალაპარაკო ოთახიდან და სასტუმროდან. ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. თუმცა ცხადი იყო, რომ ცვლილებები წარმოადგენდა საუკეთესო გზას სხვადასხვა დონეებზე მდებარე კლუატრის, სამონასტრო შენობებისა და ეკლესიის მისადგომობის პრობლემის გადასაჭრელად. ამ გადაწყვეტილებების გარეშე სქემის ეფექტურობა შეილახებოდა და სასტუმროდან კათედრალში მოხვედრა შესაძლებელი ვერ გახდებოდა. პროექტის ძირითადი ხედვა ამტკიცებს, რომ, იგი ბენედიქტიანელ ბერთა ოდინდელი განათლებით და სტუმართმოყვარეობით იქნა შთაგონებული. მართლაც, ეს შენობები, რომლებიც ძალინ თანამედროვედ არის აგებული, იმავე ფუნქციით გამოიყენება რომლისთვისაც 800 წლის წინ შექმნეს. განვითარების ეს გზა გამოკვეთილად თანამედროვე გადაწყვეტასთან ერთად წარსულის ფესვების შენარჩუნებას ესწრაფვის. სწორედ აქედანაა აღებული მისი ფუნქცია და სტილისტური მიდგომა. თავდაპირველად, სამონასტრო შენობები, განსაკუთრებით კი სატრაპეზო და კლუატრი მნიშვნელოვნად იცავდა ბერებს. მათი თანამედროვე აღდგენა გვიჩვენებს, რომ ეს ძველი ნიმუშები ზუსტად ისევე კარგად მუშაობს და ის გარემოცვისკენ მიმართულ ინსტიტუციად გადაიქცა.

დასასრულს, წარმოგიდგენთ ლივერპულის კათედრალს. მრავალ კათედრალს – მათ შორის ამ კრებულში აღწერილთაც – მიმსვლელთა საჭიროებებისთვის განკუთვნილი ნაგებობანი – მაღაზიები, კვების ობიექტები და ა.შ. ეკლესის ინტერიერის გარეთ გააქვთ. ლივერპულის ანგლიკანურმა კათედრალმა კი პირიქით, ვიზიტორთა ცენტრი შიგნით, კათედრალის შუაგულში მოაწყო. ლივერპულის კაპიტულისთვის ეს არ ნიშნავს ტაძარში ვაჭართა შეყვანას. ეს ეკლესიის მისიის ბუნებრივი გაგრეძელებაა.

ვიზიტორთა ცენტრი 2006 წელს გაიხსნა. ეს ლითონისა და შუშისგან შექმნილი ნაგებობა ჩრდილო-დასავლეთ ტრანსეპტშია აღმართული. მის ზემოთ კაფეა განთავსებული. იქ ასულთ პრივილეგია აქვთ ამ დიდებული ეკლესიის ზემოდან დათვალიერებისა, ასევე მათ სიახლოვეს არსებული ცნობილი ვიტრაჟის ხილვისა. მეზობლად, ველსფორდის პორტიკში სატრაპეზო-რესტორანია განთავსებული.  ყველაფერი თანამედროვეა – ჭარბად გამოყენებული მინა და ნაზი განათება სასიამოვნო გარემოს ქმნის მომსვლელთათვის.  

იდეა ამგვარი ობიექტების ტრანსეპტში განთავსებისა დაფუძნებულია იმ მოსაზრებაზე, რომ ეკლესიაში მიმსვლელნი შესაბამის დახვედრას იმსახურებენ. რაც დღესდღეობით ჭიქა ყავის შეთავაზებითაც გამოიხატება.

კრებულის ბოლოს პოსკრიპტუმის სახით მოცემული დასკვნა დადებითად აფასებს კათედრალების პროექტებს და ხაზს უსვამს პროცესში ჩართული სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისა და ინსტიტუციების თანამშრომლობის აუცილებლობასა და ეფექტურობას. ,,პროცესისთვის დამახასიათებელი მზრუნველობა, სიფრთხილე და შემოქმედებითობა თავად კათედრალების მნიშვნელოვნების შედეგია. ხშირად მუდმივ ცვლილებებს სთავაზობენ ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მქონე შენობებასაც კი. პროცესი ბევრ საჭიროებას ბადებს _ ამბობს ერთ-ერთი კათედრალის არქიტექორი: შედეგი დრომ უნდა გამოსცადოს, ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს, რომ ცვლილება, როცა მას ადგილი აქვს, სამუდამოა. მნიშვნელოვანია და აუცილებელია ამგვარი ცვლილეების მოხდენა.”

No comments:

Post a Comment