Wednesday, April 17, 2013

რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იუნესკოს ორი დოკუმენტის მიხედვით: 1976 წლის რეკომენდაცია ”ისტორიული რაიონების უსაფრთხოების დაცვისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი როლის შესახებ” 2011 წლის რეკომენდაცია ”ისტორიული ურბანული ლანდშაფტის შესახებ”

ნათია ნაცვლიშვილი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

2011 წლის რეკომენდაცია ისტორიული ურბანული ლანდშაფტის შესახებ
2011 წლის 10 ნოემბერს იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია ისტორიული ურბანული ლანდშაფტის შესახებ”. 35 წლის განმავლობაში ეს არის ისტორიულ გარემოზე იუნესკოს მიერ გამოცემული პირველი იურიდიული დოკუმენტი. რა თქმა უნდა, აღნიშნული რეკომენდაცია არ ანაცველბს მანმადე არსებულ დოქტერინებსა თუ საკონსერვაციო მიდგომებს. პირიქით, ის არის დამატებითი იარაღი, რათა მოახდინოს ნაშენი გარემოს კონსერვაციის პრაქტიკებისა და პოლიტიკის ინტეგრირება ურბანული განვითარების უფრო ფართო მიზნებთან მემკვიდრეობით მიღებული ღირებულებებისა და სხვადასხვა კულტურული კონტექსტების ტრადიციების თვალსაზრისით. ე. წ. ”რბილი-კანონის” დოკუმენტი წევრ ქვეყნებს არაფრით ავალდებულებს და ის მათ მიერ მხოლოდ ნებაყოფლობით შეიძლება იქნას მიღებული. რეკომენდაციის განხორციელების გაადვილების მიზნით იუნესკოს გენერალური კონფერენცია წევრ ქვეყნებს ურჩევს:
ა) მოარგონ ეს დოკუმენტი სპეციფიკურ კონტექსტებს;
ბ) ფართოდ გაავრცელონ ის ეროვნულ ტერიტორიაზე;
გ) გაადვილონ მისი შესრულება დამხმარე პოლიტიკის ფორმულირებითა და ადაპტაციის მეშვეობით;
დ) დააკვირდნენ მის გავლენას ისტორიული ადგილების კონსერვაციასა და მართვაზე.
აღნიშნული რჩევების გაცემა სავარაუდოდ გამოწვეულია მანამდე მიღებული რეკომენდაციებისა და საკონსერვაციო პრინციპების ერთგვარი ”სიხისტით” და უეჭველად 1976 წელს ნაირობის ”რეკომენდაციის ისტორიული რაიონების უსაფრთხოების დაცვისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი როლის შესახებ” ”კრახით”. როგორც ჰერბ სტოველი აღნიშნავს ”თუმცა (1976 წლის ნ. ნ.) რეკომენდაციის ღირსება იმაშია, რომ იგი იძლევა სპეციფიკურ და დეტალურ რჩევებს სათანადო ღონისძიებების ფორმასა და შინაარსთან დაკავშირებით, სწორედ ამ მისმა სპეციფიკურობამ გამოიწვია უთანხომოება ადგილებზე მისი გამოყენებადობის თაობაზე და დიდი ხნით დააკარგვინა რწმენა ამ დოკუმენტისადმი და შეაფერხა მისი გამოყენება” .
რეკომენდაცია ისტორიული უბანული ლანდშაფტების შესახებ ეფუძნება იუნესკოს წინა ოთხ რეკომენდაციას მემკვიდრეობის დაცვის შესახებ და აღიარებს მათი კონცეფციების და პრინციპების მნიშვნელოვნებას და კანონიერებას კონსერვაციის ისტორიასა და პრაქტიკაში. დამატებით, თანამედროვე საკონსერვაციო კონვენციები და ქარტიები კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ბევრ განზომილებას ეხება და ამ რეკომენდაციის საძირკველს ქმნის.
რეკომენდაციის მიხედვით ”ისტორიული ურბანული ლანდშაფტი წარმოადგენს ურბანულ ტერიტორიას გაგებულს, როგორც ისტორიის მიერ დაშრევებულ კულტურულ და ბუნებრივ ღირებულებებსა და თვისებებს, განვრცობილს ”ისტორიული ცენტრის” ან ”ანსამბლის” ცნების მიღმა უფრო ფართო ურბანული კონტექსტის და მისი გეოგრაფიული გარემომცველი ბუნების შესათავსებლად... ის ასევე მოიცავს მემკვიდრეობის მრავალფეროვნებასა და იდენტობასთან დაკავშირებულ სოციალურ და კულტურულ ადათებსა და ღირებულებებს, ეკონომიკურ პროცესებსა და არამატერიალურ განზომილებებს”.
ეს განსაზღვრება ქმნის ბაზისს ისტორიული ურბანული ლანდშაფტების იდენტიფიცირების, შეფასების, კონსერვაციისა და მართვის დაწვრილებითი და ინტეგრირებული მეთოდისათვის საერთაშორისო მდგრადი განვითარების ჩარჩოს ფარგლებში.
ისტორიული ურბანული ტერიტორიების განსაზღვრისას 1976 და 2011 წლების რეკომენდაციებში პრინციპული განსხვავება არ არის და ისინი ერთმანეთს ემთხვევა, რასაც ვერ ვიტყვით რეკომენდაციების მეორე პუნქტზე. 1976 წლის რეკომენდაციაში ის დასათაურებულია როგორც ”ძირითადი პრინციპები”, რომლის ქვეპუნქტები საკმაოდ მკაცრი ტონით და ზოგადი რეკომენდაციების სახით ავალებს ქვეყნების მთავრობებსა და მოქალაქეებს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ მემკვიდრეობის იმ დროის სოციალურ ცხოვრებაში ინტერგირებას. ამავე ქვეპუქტის მიხედვით ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ყველა მოქალაქისა და საერთაშორისო თემების ინტერესების დაცვაზე. უფრო ქვემოთ ვკითხულობთ, რომ ”ისტორიული ტერიტორიები და მათი გარემომცველი არეები აქტიურად უნდა იყოს დაცული ნებისმიერი სახის ზიანისგან ... და რომ რესტავრაცია ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ სამეცნიერო პრინციპებს უნდა ემყარებოდეს”.
2011 წლის რეკომენდაციაში მეორე პუნქტის სახელწოდებაა: ”ისტორიული ურბანული ლანდშაფტის გამოწვევები და შესაძლებლობები”. ის სამ ქვეპუნქტს _ ურბანიზაციას და გლობალიზაციას, განვითარებასა და გარემოს მოიცავს. სამივე წარმოადგენს მცდელობას თითეული მათგანის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეების წარმოჩენისა, რათა პროფესიონალებისათვის უფრო ნათელი იყოს, ახალმა დრომ ისტორიული ურბანული მემკვიდრეობა და მასთან ერთად ისინიც, რა ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დააყენა. ისტორიული ურბანული ლანდშაფტის მიდგომა ასახავს იმ ფაქტს, რომ ურბანული მემკვიდრეობის კონსერვაცია, როგორც დისციპლინა და პრაქტიკა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც საშუალებას აძლევს პოლიტიკის შემქმნელებსა და მენეჯერებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ ამ ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ისტორიული ურბანული ლანდშაფტის მიდგომა ეხმარება ადამიანთა ერთობებს მათ ისტორიასთან, კოლექტიულ მეხსიერებასთან და გარემოსთან დაკავშირებული მახასიათებლების და ღირებულებების დაცვისას განვითარებისა და ადაპტაციისათვის ძიებებში.
გასული ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ურბანული მოსახლეობის მკვეთრი ზრდის, განვითარების დონისა და სიჩქარის, და ეკონომიკის ცვლილების წყალობით ურბანული დასახლებები და მათი ისტორიული ადგილები მსოფლიოს ბევრ რეგიონში ეკონომიკური ზრდის ცენტრებად და მამოძრავებელ ძალად გადაიქცა და ახალი როლი დაეკისრა კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. შედეგად, მთელი რიგი ახალი ზეწოლების ქვეშ მოექცა. დემოგრაფიული ცვლილებების, გლობალური ბაზრის ლიბერალიზაციის და დეცენტრალიზაციის, ასევე ტურიზმის, მემკვიდრეობის ბაზრის ექსპლოატაციის და კლიმატის ცვლილების პროცესების ზემოქმედებით პირობები შეიცვალა და ქალაქები განვითარების ზეწოლების და გამოწვევების საგანი გახდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა იუნესკოს 1976 წლის  ისტორიულ ადგილებზე რეკომენდაციის მიღების დროს (რეკომენდაცია ისტორიული ადგილების უსაფრთხოების დაცვისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი როლის შესახებ).
მესამე პუნქტში, რომელიც ურბანული კონსერვაციის პოლიტიკას ეხება 1976 წლის რეკომენდაცია აქცენტს ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ხელმძღვანელობების მოვალეობებზე აკეთებს და ავალდებულებს მათ საკანონმდებლო, ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებები ისტორიული ადგილების დასაცავად და თანამედროვე ცხოვრების საჭიროებებისამებრ ადაპტაციას მოახმარონ. 2011 წლის რეკომენდაციაში ეს პუნქტი მეტადაა განვრცობილი. ის ურბანული მემკვიდრეობის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველა დაინტერესებულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას. რეკომენდაცია თვლის, ”რომ ურბანული მემკვიდრეობის კონსერვაცია ინტეგრირებული უნდა იყოს დაგეგმვისა და განხორციელების და უფრო ფართო ურბანულ კონტექსტთან დაკავშირებულ ძირითად პოლიტიკასთან. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ისტორიული ურბანული სტრუქტურაში თანამედროვე ჩარევების ჰარმონიულობაზე”. მეტი ყურადღებაა გამახვილებული ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებაზე. ”წევრმა ქვეყნებმა უნდა ჩართონ ურბანული მემკვიდრეობის კონსერვაციის სტრატეგიები ეროვნული განვითარების პოლიტიკასა და გადაწყვეტილების გეგმებში ისტორიული ურბანული მემკვიდრეობის მიდგომის შესახებ. ამ ჩარჩოს ფარგლებში ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა ადგილის ღირებულებების, მათ შორის ლანდშაფტისა და მემკვიდრეობის სხვა ღირებულებების და მასთან დაკავშირებული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით უნდა მოამზადონ ურბანული განვითარების გეგმა”. 2011 წლის რეკომენდაციას მის წინამორბედ რეკომენდაციასთან შედარებით საქმიანი კილო აქვს და განზოგადოებული დავალდებულების ნაცვლად კონკრეტულ სამოქმედო გეგმების შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.
მეოთხე პუნქტი 1976 წლის რეკომენდაციაში დაცვითი ღონისძიებების სახელს ატარებს. მასში საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებების შემუშავების საკითხები საკმაოდ ვრცლად არის განხილული. ის ავალდებულებს, როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე ინდივიდებს შესაბამისი საკანონმდებლო სისტემის შექმნასა და დაცვითი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას. საკმაოდ ვრცლად არის განხილული ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხის შექმნიდან დაწყებული ფინანსური საკითხების მოგვარებით დამთავრებული ისტორიული განაშენიანების დაცვისათვის კონკტრეტული მითითებებია მოყვანილი.
მისგან განსხვავებით 2011 წლის ისტორიულ ურბანულ ლანდშაფტზე დაფუძნებული მიდგომა მეტ თავისუფლებას აძლევს ისტორიულ მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელ მხარეებს. რეკომენდაცია მათ სთავაზობს ადგოლობრივი კონტექსტების შესაბამისად ადაპტირებული მთელი რიგი ტრადიციული და ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორიცაა სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები, მარეგულირებელი სისტემები, ფინანსურ ინსტრუმენტები. მხოლოდ ის არ სთავაზობს მათ მზა რეცეპტებს, არამედ აძლევს ზოგად რეკომენდაციებს თუ რას უნდა მოიცავდნენ ისინი და რისთვის არიან საჭირო.
ისტორიული ურბანული ლანდშაფტის გაგებისა და განხორცილებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტრუქტურულ განვითარებას, რაც კულტურული მემკვიდრეობის გარშემო არსებულ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას გულისხმობს ”კვლევის სამიზნე ურბანული დასახლების კომპლექსური შრე უნდა გახდეს, რათა განსაზღვროს ღირებულებები, გაიგოს თუ რას ნიშნავს ისინი ამა თუ იმ ერთობისთვის და წარუდგინოს ისინი მნახველებს ამომწურავი სახით”. კვლევის ვალდებულების საკითხი პირველად 1976 წლის რეკომენდაციამ დააყენა. სისტემატურ კვლევასთან ერთად ეს უკანასკნელი ხელოსნების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ამახვილებს ყურადღებას. 2011 წლის რეკომენდაცია უფრო ზოგად რჩევებს იძლევა. ის გვთავაზობს, რომ კვლევით პროცესში აკადემიური და საუნივერსიტეტოს სამსახურები, ასევე კვლევითი ინსტიტუტები უნდა იყოს ჩართული, რადგან ,,ურბანული ტერიტორიის მდგომარეობისა და მისი ევოლუციის დოკუმენტირება არსებითია ცვლილებათა წინადადებების შეფასების გასაადვილებლად და დაცვითი და მენეჯერული უნარებისა და პროცედურების გასაუმჯობესებლად”. რეკომენდაციის მიხედვით ”წახალისებულ უნდა იქნას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ურბანული ადგილების და მათი შემადგენელი კომპონენტების დოკუმენტაციის, გაგებისა და კომპლექსური შრის წარმოსადგენად”. თუ 1976 წლის დოკუმენტი იკომოსს, იკომსა და რომის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის ცენტრს უწევს რეკომენდაციას, 2011 წლის მიდგომა ასე აღარ კონკრეტდება.
რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც ორივე რეკომენდაციების ბოლო, მეექვსე პუნქტებს წარმოადგენს, 1976 წლის დოკუმენტი წევრ ქვეყნებს საერთაშორისო თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში უნესკო-იკომ-იკომოსის ტრიადას ურჩევს, ხოლო 2011 წლის რეკომენდაციის წარმატებული განხორციელებისათვის არსებითი როლი ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას წევრი ქვეყნების სააგენტოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით,  რაც მისი რწმენით წაახალისებს საკონსერვაციო მეთოდოლოგიების განვითარებას, რომელიც თავის მხრივ გაითვალისწინებს ისტორიული ურბანული ლანდშაფტის მიდგომას და შეათანხმებს მას ურბანული ადგილების შესაფერის ადგილობრივ დამხმარე პროგრამებსა და პროექტებთან.
დაბოლოს, 2011 წლის რეკომენდაციაში შეტანილი ცვლილებების ერთობლიობა მეტ სამოქმედო სივრცეს უტოვებს ისტორიული ურბანული ლანდშაფტის დაცვის სფეროში ჩართულ პროფესიონალებს. მართლაც, მენეჯმენტის, კონსერვაციისა და გეგმარებითი სტრატეგიების ადგილობრივი განვითარების პროცესებთან და ურბანულ გეგმარებასთან ინტეგრირება უფრო მეტს გვპირდება, ვიდრე ერთიანი მიდგომის ხისტი სახელმძღვანელოების შემუშავების მცდელობამ მოგვიტანა.

No comments:

Post a Comment