Wednesday, April 17, 2013

კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების განმარტება (ინტერპრეტაცია)1 და წარდგენა (პრეზენტაცია) 2

ნატალია ჩიტიშვილი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ICOMOS-ის ამ დებულების ტექსტი რამდენიმე წელი მუშავდებოდა3  და საბოლოოდ 2008 წელს იქნა ოფიციალურად დადგენილი .4

მიზეზი თუ რის გამო გახდა საჭირო ამ საკითხების დებულებებად ჩამოყალიბება დოკუმენტის შესავალ ნაწილშია ნათქვამი: პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: კულტურული მემკვიდრეობის ბევრ ღირსშესანიშნავ ადგილზე, იმისათვის, რომ მოეხდინათ ძეგლის განმარტება (ინტერპრეტაცია) გამოყენებულ იქნა რთული ტექნოლოგიები, გარდა ამისა კულტურული მემკვიდრეობის ადგილების მარკეტინგსა და მართვაში ახალმა ეკონიმიკურმა სტრატეგიებმა შექმნა რიგი ახალი სირთულეებისა, წამოიჭრა გარკვეული საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ადგილის კონსერვაციისთვის, აგრეთვე საზოგადოებრივი შეფასებისთვისაც. ამ დოკუმენტის მიზანია განისაზღვროს განმარტებისა და წარდგინების ძირითადი პრინციპები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციისას გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი/არსობრივი კომპონენტი და საზოგადოებრივი შეფასებისა და გააზრების (ძეგლის გაგების) გაძლიერების საშუალება.
დებულებაში პრეზენტაცია და ინტერპრეტაცია გააზრებულია როგორც კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და მისი მართვის პროცესის ნაწილი. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია 7 ძირითადი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს საფუძველი პრეზენტაციისა და ინტერპრეტაციისა. ესენია:

I _ წვდომა და გაგება; განმარტებითმა და წარდგენითმა პროგრამებმა ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ადგილების ფიზიკურ და ინტელექტუალურ წვდომას. ამ პროგრამების ამოცანა უნდა იყოს გაზარდონ საზოგადოების მხრიდან ღირსშესანიშნავი ადგილის საზოგადოებრივი პატივისცემა და გაგება და ასევე გააცნოს კულტურული მემკვიდრეობის ადგილების კონსერვაციის მნიშვნელობა. ამისთვის აუცილებელია, რომ ამ პროგრამებმა გაითვალისწინონ მნახველთა დემოგრაფიული და კულტურული სხვადასხვაგვარობა; მცდელობა უნდა იყოს იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის მნახველებს ეცნობოთ ამა თუ იმ ღირსშესანიშნავი ადგილის ფასეულობა და მნიშვნელობა. ამ მიზნებისთვის გამოყენებულ განმარტებით ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულ უნდა იყოს მნახველთა და associated communities შორის არსებული ენობრივი სხვაობები.
II _ საინფორმაციო წყაროები; განმარტება და წარდგენა უნდა დაეფუძნოს სამეცნიერო და აკადემიური მეთოდების გზითა და აგრეთვე ცოცხალი კულტურული ტრადიციების გზით მიღებულ მოწმობებს. ინტერპრეტაციამ უნდა აჩვენოს კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობის ადგილის შესახებ არსებული როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ინფორმაცია, მატერიალური ნაშთები, ტრადიციები და გამოკვეთოს ამ ყველაფრის მნიშვნელოვნება.5 ამისათვის აუცილებელია, რომ მოხდეს ამ ადგილისა და მისი გარემოცვის კარგი კველვა, მულტიდისციპლინარული შესწავლა. 6

III _ კონტექსტი და გარემო (გარემოცვა); ეს პრინციპი გულისხმობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების ინტერპრეტაცია და პრეზენტაცია უნდა იყოს დაკავშირებული სოციალურ, კულტურულ, ისტორიულ და ეკოლოგიურ კონტექსტებსა და გარემოცვასთან. განხილულ უნდა იქნეს ღირსშესანიშნავი ადგილის კულტურული, სოციალური და ეკოლოგიური მნიშვნელოვანებისა და ღირებულებების ყველა ასპექტი. აუცილებელია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილის საჯარო განმარტებამ ნათლად განასხვაოს და დაათარიღოს მისი განვითარების თანმიმდევრული ეტაპები და გავლენები; აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული (და პატივი ეცეს) ადგილის მნიშვნელოვნებაში ყველა პერიოდის წვლილს; ინტერპრეტაციისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა ჯგუფი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ძეგლის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაში. ამ პრინციპის თანახმად, ღირსშესანიშნავი ადგილის გარშემო არსებული ლანდშაფტი, ბუნებრივი გარემო წარმოადგენს ძეგლის ისტორიული და კულტურული მნიშვნელოვანების განუყრელ ნაწილს და შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი განხილვა ადგილის ინტერპრეტაციაში (განმარტებაში), ისევე როგორც ამ ღირსშესანიშნავი ადგილის მატერიალური და არამატერიალური7  ღირებულებები.8

IV _ ავთენტურობის დაცვა; კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების ინტერპრეტაციისას და პრეზენტაციისას პატივი უნდა ეცეს ავთენტურობის ძირითად პრინციპებს, რაც Nara Document-ითაა გათვალისწინებული. განმარტებითმა (ინტერპრეტაციის) პროგრამებმა უნდა გაითვალისწინოს და პატივი სცეს ადგილის ტრადიციულ სოციალურ ფუნქციებს, კულტურულ პრაქტიკას, ადგილობრივ მცხოვრებთა და associated communities -ების ღირსებას. ამ პრინციპის მიხედვით განმარტებამ და წარდგენამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების ავთენტურობის შენარჩუნებაში, მისი მნიშვნელოვანების გადმოცემაში, ოღონდ ისე, რომ არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა მის კულტურულ ღირებულებებზე, ან შეუქცევადად არ შეცვალოს მისი ქსოვილი. ყველა ხილული განმარტებითი ინფრასტრუქტურა9  ისე უნდა იყოს მოწყობილი რომ მგრძნობიარე იყოს ადგილის ხასიათის, გარმოცვის მიმართ და ამავდროულად უნდა იყოს ადვილად ამოცნობადი. კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ადგილზე გამართული განმარტებითი პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებები10  საგულდაგულოდ უნდა დაიგეგმოს, რათა დაცულ იქნას ადგილის მნიშვნელოვანება, ფიზიკური გარემო და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ადგილობრივ მცხოვრებთა მყუდროების დარღვევა.

V _ მდგრადი განვითარების დაგეგმვა; ამ პრინციპის თანახმად, განმარტებითი და წარდგენითი პროგრამების განვითარება და განხორციელება უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების საერთო გეგმარების, ბიუჯეტის შედგენისა და მართვის პროცესის განუყოფელი ნაწილი. დებულების ამ პრინციპის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების გრძელვადიან დაცვას, საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებისა და მათი (საზოგადოების) მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებში მონაწილეობის გზით. ასევე ეს უნდა მოხდეს განმარტებითი ინფრასტრუქტურის გარანტირებული დიდხნიანი მუშაობის უნარიანობისა და ამ ინფრასტრუქტურის განმარტებითი შინაარსის მუდმივ გადახედვა/გადასინჯვით.

VI _ ჩართულობა (კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების ინტერპრეტაციაში ჩართულობაზე ზრუნვა); ამ პრინციპის თანახმად, განმარტებითი და წარდგენითი პროგრამების ფორმულირებაში გაერთიანებული უნდა იყოს მეცნიერთა, თემის წევრთა (community members), კონსერვაციის ექსპერტთა, სამთავრობო ხელისუფალთა, ადგილობრივ მმართველთა და განმმარტებელთა, ტურისტულ ოპერატორთა და სხვა პროფესიონალთა მულტიდისციპლინარული კვლევა. გარდა ამისა, ეს პრინციპი გულისხმობს, რომ წარდგენისა და განმარტების პროგრამების დაგეგმარებაში გათვალისწინებული (და პატივცემული) უნდა იყოს ქონების მესაკუთრის, მფლობელისა და associated communities -ების ტრადიციული უფლებები, პასუხისმგებლობა და ინტერესები. როდესაც განხორციელდება წარდგენითი და განმარტებითი პროგრამების გაფართოება, გადახედვა, ეს უნდა იყოს ღია საჯარო კომენტარებისათვის, სადაც სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

VII _ კვლევის, სწავლებისა და შეფასების მნიშვნელობა. ამ პრინციპის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების განმარტებაში განუყრელ ნაწილს წარმოადგენს უწყვეტი კვლევა, სწავლება და შეფასება. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ მიუხედავად ღირსშესანიშნავ ადგილზე შესაბამისი განმარტებითი ინფრასტრუქტურის გამართვისა, ამ ადგილის მნიშვნელოვანების შემდგომი გაგებისა და შეფასებისათვის საჭიროა კვლევებისა და კონსულტაციების გაგრძელება. ყველა მემკვიდრეობის განმარტებითი პროგრამების განუყრელი ელემენტი უნდა იყოს მისი მუდმივი განხილვა. მუდმივად უნდა ხდებოდეს განმარტებითი და წარდგენითი პროგრამებისა და ღირსშესანიშნავ ადგილზე მათი ფიზიკური ზემოქმედების შემოწმება და შეფასება; ხოლო იქ წარმოებული პერიოდული ცვლილებები უნდა იყოს დაფუძნებული როგორც მეცნიერული და კვლევითი ანალიზების საფუძველზე, ასევე საზოგადოების შენიშვნებზე. განმარტებითი პროგრამა წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურს, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნას ყველა ასაკის ადამიანზე, ჯგუფებზე. ეს პრინციპი ითვალისწინებს, ასევე, კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას კულტურული მემკვიდრეობის განმარტებისა და წარდგენის სხვადასხვა სფეროში (მართვა, ტექნოლოგია, მეგზურობა, განათლება), რისთვისაც აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. 11

ამდენად, დებულების ძირითადი ამოცანაა განმარტოს, ჩამოაყალიბოს ინტერპრეტაციისა და პრეზენტაციის მიზნები, საშუალებები და შედეგები. ამისათვის საჭირო გახდა სხვადასხვა საკითხთა ერთმანეთთან დაკავშირება, რომელთა ერთობლიობაც საკონსერვაციო სამუშაოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ დოკუმენტში მოხდა მათი ერთმანეთთან დაკავშირება და გარკვეული საკითხების ხაზგასმა, წინ წამოწევა.

დებულების ამოცანაა განსაზღვროს განმარტებითი და წარდგენითი პროგრამების მნიშვნელოვანება კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციაში. ამ დოკუმენტში (იქნებ სხვაგანაც? მე მხოლოდ რამდენიმე ქარტია და სახელმძღვანელოები გადავათვალიერე) აქცენტირებულია საზოგადოების როლი ღირსშესანიშნავი ადგილის გადარჩენის საკითხში. ადრეულ დოკუმენტებში ჩვენ ვკითხულობთ:

ნარას დოკუმენტი (1993 წ.): `კულტურულ მემკვიდრეობაზე და მის მართვაზე პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, იმ საზოგადოების ვალია, რომელმაც შექმნა იგი და შემდგომ მათი, რომელნიც ზრუნავენ ამ მემკვიდრეობაზე.12

ბურას ქარტია (1999 წ.): `კონსერვაცია, ინტერპრეტაცია და ადგილის მართვა უნდა გულისხმობდეს ხალხის მონაწილეობას, რომელთათვისაც ამ ადგილს გააჩნია განსაკუთრებული სიახლოვე და მნიშვნელობები, ან ვისაც გააჩნია სოციალური, სულიერი და სხვა კულტურული პასუხისმგებლობა ამ ადგილის მიმართ.13

მემკვიდრეობის ადგილების კონსერვაციის პრინციპები ჩინეთში (2002 წ.): `საჯარო განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რადგანაც ამ შემთხვევაში გარანტირებული იქნება ფართო მასების მხარდაჭერა და მონაწილეობა ადგილის დაცვის საკითხებში. უნდა მოხდეს კონსერვაციის არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ინსტრუქტირება, რადგანაც მათ შეუძლიათ ადგილობრივ მოსახლეობასთან (local communities) ურთიერთობის დამყარება კულტურული მემკვიდრეობის ადგილების დაცვასთან დაკავშირებით.14

ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა დოკუმენტების დებულებებში, საუბარია საზოგადოების მნიშვნელობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში. ეს რთული პროცესია, რომელი მოითხოვს საგულდაგულო დაგეგმვას, გათვლას საზოგადოების სხვადასხვა ხასიათის ჯგუფებზე. პირველ რიგში აუცილებელია მასალის იმგვარი მომზადება, რომელიც ადვილად აღსაქმელი და გასაგები იქნება  განსხვავებული ტიპის ჯგუფებისათვის და ასევე აუცილებელია თითოეული ამ ჯგუფის წევრთა უფლებების დაცვა (ადგილობრივი მაცხოვრებლები, მნახველები, მფლობელები...). აუცილებელია მათთვის ადგილთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის ზუსტი და სრულყოფილი მიწოდება და შედეგად მისი მნიშვნელოვანების ახსნა. ყოველივე ეს გაამარტივებს საკონსერვაციო საქმიანობისთვის აუცილებელ სხვადასხვა საკითხებს, მაგალითად, როგორც დებულების ერთ-ერთი პრინციპის განმარტებაშია (5.5.4) ნათქვამი დაანახებს საზოგადოებას საკონსერვაციო სამუშაოების სხვადასხვა სახის სპეციფიკურ პრობლემებსა და აუხსნის გაწეული ძალისხმევის (ფულადი თუ სხვა) აუცილებლობას. გარდა ამისა, ღირსშესანიშნავ ადგილებთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად შესაძლებელია მათი ჩართვა ამ პროცესშიც, თუნდაც სხვადასხვა სამუშაოთა შესრულების სახით. უფრო მეტიც, ადგილობრივ მოსახლეობაზე აქცენტის გაკეთება ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილის დაცულობას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ განმარტებითი და წარდგენითი პროგრამები (ყველა მისი პრინციპის ერთობლიობით) წარმოადგენს საფუძველს იმისთვის, რომ ღირსშესანიშნავ ადგილზე წარმოებულ საკონსერვაციო სამუშაოებს დადებითი შედეგი ქონდეთ.

სქოლიო
1. ინტერპრეტაცია (განმარტება) გულისხმობს საზოგადოებისათვის საგულდაგულოდ დაგეგმილ კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების განმარტებებს, ან განხილვებს, რომელიც სრულად მოიცავს მის მნიშვნელოვანებას, მის ღირებულებას. ის მიმართულია იმისკენ რათა ყველანაირად შეეცადოს აამაღლოს საზოგადოებრივი ინფორმირებულობა კულტურული მემკვიდრეობის ადგილების შესახებ. ამისთვის გამოიყენება ბეჭდური და ელექტრონული გამოცემები, საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროგრამები, ადგილზე არსებული (შეიძლება იყოს ადგილზე არ მდგომი მაგრამ ადგილთან დაკავშირებული) ინსტალაციები, საზოგადოებრივი აქტივობები, მიმდინარე კვლევები, სწავლებები და შეფასებები. 
2. პრეზენტაცია (წარდგენა) გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ადგილებზე განმარტებითი შინაარსის საგულდაგულოდ დაგეგმილ კომუნიკაციას განმარტებითი ინფორმაციების, ფიზიკური მისაწვდომობის და განმარტებითი ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანის გზით. ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, მაგალითად: საინფორმაციო პანელები, მუზეუმის-ტიპის გამოფენები, საფეხმავლო ტურები, ლექციები, მულტიმედიური აპლიკაციები, ვებ-გვერდები და სხვა.
3. 2002 წელს გაკეთდა პირველი მონახაზი.
4. ICOMOS-ის XVI გენერალური ანსამბლეა კვებეკში – 2008 წ. 4 ოქტომბერი.
5. ინფორმაციის ეს წყაროები უნდა იყოს დოკუმენტირებული, არქივირებული და საზოგადოებისათვის ხელმისაწვრომი.
6. ამ პრინციპის ერთ-ერთი განმარტების მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ადგილებში, სადაც არსებობს გარკვეული თქმულებები, ცოცხალი ზეპირსიტყვიერი ისტორიები (რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს ღირსშესანიშნავი ადგილის მნიშვნელოვანების საჩვენებლად) უნდა მოხდეს ამ მასალის გაერთიანება ირიბად, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გამოყენებას, ან პირდაპირ, იგულისხმება Associated communities წევრთა, როგორც ადგილობრივ განმმარტებელთა, აქტიური მონაწილეობა.
7. როგორიცაა კულტურული და სულიერი ტრადიციები, ისტორიები, მუსიკა, ცეკვა, თეატრი¸ლიტერატურაახვითი ხელოვნება, ადგილობრივი სამოსი და კულუნარიული მემკვიდრეობა.
8. ამდენად, ამ პრინციპის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ღირსშესანიშნავი ადგილის მატერიალური და არამატერიალური ღირებულებების დაცვა მათ ბუნებრივ და კულტურულ გარემოცვასა და სოციალურ კონტექსტში. 
9. განმარტებითი ინფრასტრუქტურა გულისხმობს ყველა სახის ფიზიკურ მოწყობილობებს (ინსტალაციებს), გამოცემებს (გზამკვლევები, ვიდეოჩანაწერები, ციფრული და ა.შ.), სხვადასხვა სახის მედია მოწყობილობებს, სპეციალურ ადგილებს, ბილიკებს, საინფორმაციო დაფებს, რომელიც გამოიყენება განმარტებისა და წარდგენისათვის.
10. კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა.
11. კონფერენციები, სიმპოზიუმები, სპეციალისტთა გაცვლა – როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა რეგიონალურ დონეზე.
12. ნარას დოკუმენტი ავთენტურობის შესახებ, დანართი 2 წიგნში: ბ. ფილდენი, ი. იოკილეტო, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების მართვის სახელმძღვანელო პრინციპები (თბილისი, 2007), გვ. 194-195.
13. The Burra Charter (2000), p.5.
14. Principles for the Conservation of Heritage Sites in China, Issued by China ICOMOS (2002), p. 72. 

No comments:

Post a Comment